ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მორიგი წარმატებული ერთ-ერთი საქმე, რომელმაც მთლიანად შეცვალა 90 წლის ქალბატონი სესილი ტ.-ს ცხოვრება და დაუბრუნა მას ღირსეული სიბერე.
2020 წლის 28 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით, სესიოლი ტ. ერთადერთ საცხოვრებელ სახლში სიცოცხლის მანძილზე იცხოვრებს და ღირსეული სიბერე უზრუნველყოფილი იქნება.
დავის ისტორია ასეთია: მოსარჩელე არ ყოფილა დაოჯახებული, ხოლო მისი ერთადერთი საცხოვრებელი სახლი შედგება ქ. თბილისში, პეკინის გამზირზე 30.00 კვ.მ ფართით. სესილი საცხოვრებელს სახლს უწყვეტად ფლობდა 1992 წლის 3 აპრილიდან, პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე. მან დისშვილისგან მიიღო დაპირება, რომ უზრუნველყოფდა დამხმარე ქალბატონით, საკვებით, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ხარჯებით, სანაცვლოდ კი საცხოვრებელი სახლი სიცოცხლეშივე დაეთმო. დეიდასა და დისშვილს შორის 2007 წლის 19 სექტემბერს გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (მაგრამ დეიდას არავითარი ნასყიდობის ღირებულება არ მიუღია). სესილის მიმართ, პირველ ეტაპზე, მართალია შეინიშნებოდა ყურადღება და ჯანსაღი დამოკიდებულება, თუმცა ბოლო 2 წლის განმავლობაში, მოპასუხემ მოსარჩელესთან კონტაქტი გაწყვიტა. დისშვილი ოჯახთან ერთად, 2018 წლის ზაფხულიდან საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში, დეიდას ერთადერთ საცხოვრებელ ფართზე, ბანკთან სასესხო ვალდებულებებიდან გამომდინარე, წარმოიშვა იპოთეკა. სესილი სანათესაოს მხრიდან აღმოჩნდა გარიყული, დარეგისტრირდა სოციალურ დაუცველთა ბაზაში და ყოველდღიური ულუფა მიეწოდებოდა საბურთალოს სასადილოდან. ამასთან, მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ხანდაზმული ადამიანის დამხმარე და ყოველდღიური მზრუნველი გახდა მხოლოდ მეზობლები.
სასამართლომ 2019 წლის 1 ოქტომბერს წარმოებაში მიიღო სესილის სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილ იქნა ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება და უძრავ ნივთზე მესაკუთრედ აღიარება. სასამართლომ საქმეზე გამოიყენა უძრავი ნივთის გასხვისების აკრძალვის უზრუნველყოფის ღონისძიებაც. ორგანიზაციამ სწორად განსაზღვრა სესილის კანონიერი ინტერესები და პროცესი წარმართა შედეგზე ორიენტირებული სტრატეგიით.
მხარეთა შორის დავა დასრულდა მორიგების აქტის საფუძველზე, რომელმაც შექმნა არსებითი გარანტიები სესილის უზრუნველყოფილი პირობებისთვის. კერძოდ, მოპასუხე მხარემ დეიდას სასარგებლოდ, სიცოცხლის ბოლომდე, იკისრა რჩენის ვალდებულება: ა) დადგენილი გრაფიკისა და პერიოდის მიხედვით, ყოველთვიური ფინანსური დანახარჯის სახით, რაც ემსახურება სარჩენი პირისთვის საკვებით, ტანსაცმლით, მომვლელის ყოლის მომსახურებას, ბ) მარჩენალმა აიღო ვალდებულია, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამატებით აანაზღაუროს სარჩენი პირის სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტების ხარჯი, რაც აღემატება სახელმწიფოს მხრიდან თითოეული შემთხვევისთვის დაფინანსებულ ლიმიტს, გ) მარჩენალმა აიღო ვალდებულია, გაიღოს სარჩენი პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ხარჯები, რაც მოიცავს დაკრძალვის, მაგიდის, საფლავის მოწყობის და საფლავის მოვლის ფინანსურ დანახარჯს, დ) მარჩენალმა აიღო ვალდებულია, რომ დეიდა სიცოცხლის მანძილზე იცხოვრებს ქ. თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე უძრავ ქონებაში და მარჩენალი არ მოახდენს აღნიშნული ქონების გასხვისებას. ყველა შეთანხმება ან გარიგება, რომელიც მარჩენალის მიერ უძრავ ქონების გასხვისებაზე სარჩენი პირის სიცოცხლის მანძილზე დაიდება, ბათილია, ე) აღნიშნული ვალდებულება აისახება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავი ქონების შესახებ არსებულ ჩანაწერში და ვ) მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუკი რომელიმე ვალდებულების შეუსრულებლობით, რაც მარჩენალი პირის მეშვეობით, 2019 წლის 30 სექტემბრამდე (უძრავ ქონებაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებამდე) დადებული იპოთეკის ხელშეკრულებიდან წარმოიშვა და განაპირობა ქ. თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე უძრავ ქონების იძულებითი წესით გასხვისების პროცედურების წარმოება, მარჩენალი ვალდებულია სარჩენ პირს დაუქირავოს საცხოვრებელი ფართი, გადაუხადოს ყოველთვიური ქირა და ღირსეული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოს სარჩენი პირი. იმ შემთხვევაში, თუკი მოპასუხე დისშვილი შეწყვეტს ფინანსურ დახმარებას, უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის მოთხოვნით, სესილის აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს სააღსრულებლო ფურცლის გაცემაზე. განჩინების აღსრულებისთვის განისაზღვრა მესამე პირიც.
სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე შევიდა კანონიერ ძალაში. დავის მორიგებით დასრულებას, წინ უძღოდა მოლაპარაკების რთული პროცესი, მათ შორის დისშვილის მხრიდან დეიდას პირადი ავტორიტეტის საფუძველზე, სამეზობლო პირებისგან სესხის სახით აღებული ვალის გადახდაც.
საქმე მოსამართლე: ლილი ტყემალაძემ განიხილა. სესილის ინტერესებს საერთო სასამართლოში ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენდა, რომელიც საქმეზე დამდგარი შედეგისთვის აფასებს მოპასუხე მხარის წარმომადგენლის სოფიკო მენაბდიშვილის ძალისხმევას და მადლობას უხდის კოლეგა ადვოკატს საერთო ღირებულებების გაზიარებისთვის.