ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოში მობილური ოპერატორების მხრიდან სატარიფო პოლიტიკის მოსალოდნელ ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია მზადაა დაიწყოს სტრატეგიული სამართალწარმოება სასამართლოში და სასამართლომ სატელეკომუნიკაციო მომსახურების სფეროში უპასუხოს იმ ქაოტურ მდგომარეობას, რაც დაკავშირებულია მომხმარებელთა ნების გათვალისწინების გარეშე მომსახურების ტარიფის ცვლილების მართლზომიერებასა და მიზანშეწონილობასთან.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ ნიკა მენოგნიშვილის განცხადებით, კომპანია „მაგთიკომის“ გადაწყვეტილება, 2020 წლსი 6 აპრილიდან შეცვალოს სატარიფო გეგმა, „მარტივი 25”-ის ნაცვლად, საზოგადოებას შესთავაზოს „მარტივი 30“, წარმოადგენს მომსახურების მიწოდების სტანდარტული პირობების ცალსახა დარღვევას. წინამდებარე მომსახურების მიწოდების სტანდარტული პირობები შედგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონების შესაბამისად და არეგულირებს ოპერატორსა და აბონენტს შორის მომსახურებებისა და დამატებითი მომსახურებების ფარგლებში მხარეთა ურთიერთობებს. ფაქტობრივად, აღნიშნული წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებულ უვადო ხელშეკრულებას. მართალია, კომპანიას ხელშეკრულება ანიჭებს უფლებას და არამართზომიერ უპირატესობას, რომ ცალმხრივად შეცვალოს სატარიფო პოლიტიკა, თუმცა ასეთ შემთხვევაში, კომპანიას მომხმარებელთა მიმართ გააჩნია არამხოლოდ სატარიფო გეგმის ცვლილების შესახებ ინდივიდუალური შეტყობინების გაგზვანის ვალდებულება, არამედ ვალდებულება დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების მიზეზები.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, კომპანია „მაგთიკომმა“, ისე, რომ არავითარი საჯარო და კერძო განმარტება არ გაკეთებულა, არ დასახელებულა კონკრეტული მიზეზები, მიიღო გადაწყვეტილება შეცვალოს სატარიფო გეგმა. ამასთან, უკვე ხელმისწავდომია „მარტივი 30”-ის პირობებით სარგებლობა, ხოლო 6 აპრილიდან მთლიანად უქმდება „მარტივი 25”-ის მომსახურების პირობები, რაც მხარეთა შორის დადებული სტანდარტული მომსახურების პირობების დარღვევაა და ცალმხრივად აძვირებს მომსახურების ღირებულებას. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც სახეზე არ არის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება, რომელმაც ლეგიტიმაცია უნდა მისცეს დასახელებული მობილური ოპერატორის გადაწყვეტილების მართლზომიერებასა და საჭიროებას, კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მომხმარებელთა მიმართ - არაკეთილსინდისიერია.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ იწყებს საკითხზე აქტიურ მუშაობას და კომუნიკაციას ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ამასთან, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ საკითხზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანია იმსჯელოს სასამართლომ და შეიქმნას პრეცედენტი, სამართლებრივი დასკვნები, როდესაც მობილურ ოპერატორებს მომსახურების ხელშეკრულებაში შეუძლიათ ცალმხრივად შეცვალონ მომსახურების პირობები.