მივმართავთ მთავრობას, გაიცეს რეკომენდაციები სამშენებლო ბიზნესში არსებული ვითარების შესაბამისად

17 მარტი, 2020

მთავრობის მიერ კორონავირუსის გავრცელების რისკების შესამცირებლად, დამატებით გადადგმული პრევენციული ხასიათის გადაწყვეტილებები, უკვე ვირუსის გადაცემის საშიშროებიდან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტად მოითხოვს მოწყვლად სფეროებში სპეციალური ზომების მიღებას. ამ თვალსაზრისით, ნამდვილად არასახარბიელო მდგომარეობაა სათამაშო ბიზნესთან მიმართებით და კიდევ უფრო მეტად გაურკვეველი მდგომარეობაა სამშენებლო ინდუსტრიაში. შესაბამისად, მივმართავთ მთავრობას, გაკეთდეს ერთმნიშვნელოვანი აქცენტები, თუ რა ზომებია მიღებული სამშენებლო ბიზნესის მიმართ და გრძელდება თუ არა სხვადასხვა ობიექტებზე მშენებლობის პროცესი, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. რა ხდება სახელმწიფოს მხრიდან წარმოებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რამდენად დაცულია დასაქმებულთა უფლებები - აღნიშნულის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს. 

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, მთავრობამ რეკომენდაცია გასცა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლის თაობაზე, თუმცა სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებულ ადამიანთა სამუშაოები არ არის იმ სახის და სპეციფიკის, რომელიც შესაძლებელია რომ დისტანციურად განხორციელდეს. აღნიშნული არ უნდა გახდეს მიზეზი იმისა, რომ იქ დასაქმებულ პირების ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე. აღსანიშნავია, ასევე ის გარემოება, რომ სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიებების გატარება, რისკენაც ინტენსიურად მოგვიწოდებენ ჯანდაცვის  მსოფლიო ორგანიზაცია და მთავრობის უწყებები, ერთი-ორად რთულდება იმ სახის დაწესებულებებში, როგორიცაა სამშენებლო ობიექტები. სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, მუშებს არ აქვთ საშუალება დაიცვან პირადი ჰიგიენა, რაც ასე მნიშვნელოვანია კოვიდ-19-ით დაინფიცირების პრევენციის კუთხით.  

დამსაქმებლებმა - კერძოდ კი, სამშენებლო კომპანიებმა უნდა შეიმუშავონ პრევენციული ხასიათის პროცედურათა და ღონისძიებათა სისტემა, რომელთა განხორციელებაც პანდემიის დროს, შრომითი საქმიანობის გამო ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების რისკებს შეამცირებს.

საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია დაიცვას დამსაქმებლის უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უფლება, რაც თავის მხრივ გულისხმობს დამსაქმებელის ვალდებულებას უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი. ამასთან, დასაქმებულს უფლება აქვს უარი განაცხადოს იმ სამუშაოს, დავალების ან მითითების შესრულებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს, ან შრომის უსაფრთხოების პირობების დაუცველობის გამო აშკარა და არსებით საფრთხეს უქმნის მის ან მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას. დასაქმებული ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს დამსაქმებელს იმ გარემოების შესახებ, რომლის გამოც იგი უარს ამბობს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიხედვით, დამსაქმებლები ვალდებულნი არიან შრომითი ურთიერთობებისას დაიცვან შრომითი უსაფრთხოება, რაც თავის მხრივ გულისხმობს, დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ფუნქციური შესაძლებლობების სამუშაოს უარყოფითი ასპექტებისაგან დაცვის სისტემის შექმნას, რომელიც ჯანსაღი და უსაფრთხო საქმიანობის პირობებს ქმნის და მოიცავს სამართლებრივ, სოციალურ-ეკონომიკურ, ორგანიზაციულ-ტექნიკურ, სანიტარულ-ჰიგიენურ, სამკურნალო-პროფილაქტიკურ, სარეაბილიტაციო და სხვა ღონისძიებებს. 

ორგანიზაციის განმარტებით, ვირუსის გავრცელების პირობებში, როდესაც მთავარი პრევენციულ მექანიზმად მიჩნეულია მოქალაქეების სახლში დარჩენა და ადამიანებთან კონტაქტის მინიმალურამდე დაყვანა, შეგვიძლია ვთქვათ რომ სამუშაო, რომელიც თავის თავში, პირის სახლიდან გასვლას და მის საათობით გარეთ ყოფნას გულისხმობს, იმთავითვე არის საფრთხის შემცველი და საზიანო ჯანმრთელობისთვის. შესაბამისად, დამსაქმებლებს, ამ შემთხვევაში, სამშენებლო კომპანიებს, მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ დასაქმებულებს. სასურველია, პრევენციული ზომების იმგვარად გატარება, რომ არ დაზარალდეს შრომითი ურთიერთობის არცერთი მხარე. აქვე, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას რეკომენდაციების შემუშავებისას ყურადღება გაამახვილოს მოქალაქეთა ჯგუფებზე, რომლებიც დასაქმებულნი არიან სპეციფიკური ხასიათის სამსახურებში, რეკომენდაციებში აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული კონკრეტული სამუშაოების მახასიათებლები და სპეციფიკა.



კომენტარები