არჩილ კაიკაციშვილი - ჩემთვის ბავშვის უფლებები არ არის შოუ, სიცრუის გზა სრულდება სასამართლო დარბაზში

26 მარტი, 2020

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას სთხოვს, მაღალი სანდოობით მოეკიდოს ყველა იმ გარემოებას, რომელიც ერთი საქმის ირგვლივ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შეფასებას შეეხება.

„ორგანიზაცია, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის საოჯახო დავაზე, 2019 წლის ნოემბრიდან, საერთო სასამართლოებში ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას. საქმე კომპლექსურია და განიხილება ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ 1980 წლის ჰააგის კონვენციის საფუძველზე, რაც ეროვნული დონეზე, ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის, სტრატეგიული მნიშვნელობის სამართალწარმოებაა. ქართულ სასამართლოში ასეთი კატეგორიის დავები მცირეა. არ აღემატება 7-8 განხილულ საქმეს. შესაბამისად, ჩემს წინაშეა ორი ამოცანა - კლიენტის საუკეთესო ინტერესების დაცვა, რაც ავტომატურად გულისხმობს ყველა მოქმედების შესაბამისობას ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან, იმის მიუხედავად, რა ბუნებრივი ემოცია შეიძლება არსებობდეს პროცესში და სასამართლოს აკრძალვებისა და საქმის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წესების დაცვას, რაც წარმოადგენს ქართული სასამართლოს სავალდებულო მოთხოვნას პროცესის მონაწილე მხარეების მიმართ - საზოგადოებას შევახსენებ, რომ სასამართლო სხდომები, არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე, დახურულია და ადვოკატებს არ გვაქვს უფლება, საჯაროდ ვისაუბროთ საქმეში არსებულ სადავო მტკიცებულებებზე.

საქართველოს სასამართლოში განიხილება საკითხი, არის თუ არა ბავშვი დედასთან შეთანხმების გარეშე საქართველოში არამართლზომიერად გადაადგილებული, არის თუ არა ადაპტირებული საქართველოში და არის თუ არა იურიდიული წინაპირობები, ბავშვი დაბრუნდეს კვიპროსის რესპუბლიკაში, სადაც 2018 წლამდე, საქართველოში გადმოსვლამდე ცხოვრობდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილი კვიპროსის რესპუბლიკაა. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიიჩნია ბავშვის დასახელებულ სახელმწიფოში დაბრუნება. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ, არასრულწლოვანის მამამ მომართა ორგანიზაციას და მოითხოვა საქმის სამართლებრივი ანალიზი, ვინაიდან გამოთქვა იმედგაცრუება წარმომადგენლების მიმართ პროფესიული მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების გამო. ორგანიზაციამ შეისწავლა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ საქმისწარმოების დროს დაშვებული შეცდომების გასწორების პერსპექტივა, მათ შორის ახალი მტკიცებულებების წარდგენის ფარგლები არსებობდა.

ჩვენ 2019 წლის 11 ნოემბრიდან დღემდე, სააპელაციო ეტაპიდან, შევძელით და მოვახერხეთ სასამართლოსთვის ყველა არსებითი დოკუმენტის წარდგენა, ობიექტური სურათის წარმოდგენა სასამართლოსთვის, რომ ბავშვი ცხოვრობს და ვითარდება მამასთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად (დაბადებიდან), ადაპტირებულია ქართულ გარემოში, ოჯახის წევრების მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გახდა საქართველო და კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს სასამართლოს მხრიდან ბავშვის დაბრუნების საბოლოო გადაწყვეტილება, არ პასუხობს არასრულწლოვანის დღევანდელ მოთხოვნებსა და ინტერესებს. ამასთან, ბავშვი საქართველოში ტერიტორიაზე შემოვიდა ლეგალური საფუძვლებით და იმყოფება კანონიერად. ამასთან, სასამართლოში წარდგენილია არაერთი ახალი მტკიცებულება, რომელიც სადავო გარემოებების საფუძვლიან კვლევას საჭიროებს.

საქმეზე ამგვარმა წარმომადგენლობითმა უფლებამოსილებამ გააღიზიანა და საქმის საბოლოო შედეგებზე დააფიქრა მოწინააღმდეგე მხარე, რომელმაც გადაწყვიტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დამდგარი შედეგი შეინარჩუნოს სასამართლოზე ზემოქმედებით და საზოგადოების ჯგუფებში თანაგრძნობის გამოწვევით. პროცესის მონაწილე მხარემ საჭიროდ მიიჩნია საქმის საჯაროობა, ტელე-დისკუსია, კანონის და სასამართლოს მოთხოვნის დარღვევა, საზოგადოებისთვის მცდარი ფაქტების მიწოდება, რაც არც საქმის მასალებიდან გამომდინარეობს და არც ობიექტურად არსებობს.

ორგანიზაციისთვის და ჩემთვის საქმისწარმოების ყველა ეტაპზე ფუნდამენტური საკითხი გახდა არასრულწლოვანის ინტერესების დაცვა, მისი პერსონალური მონაცემებისა და ოჯახის შესახებ ინფორმაციის კონფედენციალობის დაცვა. მოწინააღმდეგე მხარემ გადაწყვიტა, საქმის ირგვლივ პირველი ტელე-დისკუსია შემდგარიყო „სხვა ნანუკას შოუში“, თუმცა ორგანიზაციამ 2020 წლის თებერვალში წარმოებული კომუნიკაციის შედეგად, გადაცემის მესვეურებს წარმოდგენა შეუქმნა საქმის სინამდვილეზე და გადაცემა არ შედგა. ჩემი კოლეგა არაერთხელ გავაფრთხილე, მათ შორის წერილობითი ფორმით, რომ საქმის დასრულებამდე, არ მომხდარიყო მედიასთან კომუნიკაცია, თუმცა აღმოჩნდა, რომ დარწმუნება ვერ შევძელი. 2020 წლის 26 მარტს, არასრულწლოვანის დედამ საქმის ირგვლივ ისაუბრა გადაცემა: „პროფილში“.

ჩვენ ვერ შევძელით გადაცემის დარწმუნება, რომ უარი ეთქვა დაუსრულებელ საქმეზე მსჯელობისგან. ტელეკომპანიამ წერილობითი ფორმით დაადასტურა, რომ არ მოხდებოდა არასრულწლოვანის იდენტიფიცირება - მისი ვინაობის დასახელება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევა, რომელიმე ფოტო-ეპიზოდის გამოქვეყნება, არ იქნებოდა დასახელებული მამის სახელი და გვარი, ასევე, არ მოხდებოდა მისი მაიდენტიფიცირებელი რომელიმე ფოტოს გამოქვეყნება/ჩვენება. გადაცემის წამყვანის მხრიდან მოხდებოდა მხოლოდ რესპოდენტის ინფორმაციაზე დაყრდნობილი ფაქტების გამჟღავნება და მისი მოსაზრებების მოსმენა/გაჟღერება. მიუხედევად იმისა, რომ ჩემი მხრიდან წარდგენილი იქნა არაერთი არგუმენტი, დოკუმენტი, გადაცემამ გადაწყვიტა მხოლოდ მცირე ქრონომეტრაჟით წარმოეჩინა მეორე მხარის პოზიცია, რაც სამწუხაროა, მაგრამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა, პერსონალური მონაცემის და კონფიდენციალობის დაცვის დათქმა და გარანტიები შეასრულა.

საზოგადოება გაეცნო ჩემს არგუმენტებს ამავე გადაცემაში დასმულ საკითხებზე, რომელიც შეეხებოდა არასრულწლოვანი დედის უსაფუძვლო ბრალდებებს და სიცრუეს მეუღლესთან განქორწინების, მეუღლის ინტერპოლით „ძებნის“ ფაქტად წარმოჩენის, ბავშვის „მოტაცებისა“ და საქართველოში მისი საცხოვრებელი „უცნობი“ ადგილის შესახებ. ვინაიდან საქმე განიხილება ჰააგის კონვენციის საფუძველზე, რაც მტკიცებულებების და სადავო ფაქტების საჯარო გავრცელების შეზღუდვას უწესებს მხარეებს, ჩვენ პატივს ვცემთ კანონს, პატივს ვცემთ სასამართლოს და უპირველეს ყოვლისა, არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე, მხოლოდ ამ საფუძვლით, ვრცლად ვერ ვისაუბრებთ სხვა დეტალებზე. მინდა დავარწმუნო საზოგადოება, რომ ბავშვი და ოჯახი, რომელიც ევროკავშირის მოქალაქეები არიან, საქართველოში თავს გრძნობენ უსაფრთხოდ და სრული სიმშვიდით ელოდებიან სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, რათა აღასრულონ სასამართლოს კანონიერ ძალაში არსებული ნებისმიერი შინაარსის გადაწყვეტილება.  ასევე, მინდა დავარწმუნო საზოგადოება, რომ არასრულწლოვანის დედის განცხადებას სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებაზე არ აქვს სანდოობა, ნაჩვენებია მხოლოდ სიტუაციური და ფრაგმენტული ეპიზოდები, სიმართლეს არ შეესაბამება არასრულწლოვანის პასპორტთან დაკავშირებული შეხედულებები, ბავშვის იზოლაცია (ბავშვი ირიცხება ქართულ ბაღში), მასთან სოციალური ქსელით საუბრის შეუძლებლობა, ადგილსამყოფელის დადგენის დედის მიერ შემოთავაზებული მეთოდით. ოჯახმა არასრულწლოვანს ნამდვილად შეუძინა კატა, სახელად „ანგელინა“, მაგრამ არა დედის სანაცვლოდ, ბავშვის კატისადმი და დედისადმი განსხვავებული დამოკიდებულებები კი, კარგად იკითხება სოციალური მომსახურების სააგენტოს არაერთ დასკვნაში.

მინდა საზოგადოებას ცალსახად განვუმარტო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ძირითად გადაწყვეტილებასთან ერთად, სააპელაციო წესით გასაჩივრებულია სასამართლოს დროებითი განკარგულება, რომელიც შვილთან მშობლების ურთიერთობის წესია დადგენილი. პროცესის მონაწილე მხარის მიერ აჟიოტაჟიო შექმნილია მხოლოდ იმის გამო, რომ არასრულწლოვანის დედამ ღამის თევით მოახერხოს შვილთან ურთიერთობა. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო ორი მიზეზი, თუ რატომ ფერხდება აღნიშნული გარემოება და მთელი დამაჯერებლობით ვუთხრა საზოგადოებას ის რისკები და გამოწვევები, რომელიც ობიექტურად დადგა პირველი ინსტანციის დროებითი გადაწყვეტილებით - საქმეში არსებობს მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს არასრულწლოვანი დედის მიზანზე ბავშვი არალეგალურად, ცხინვალისა და აფხაზეთის ე.წ. საზღვრიდან გაიყვანოს რუსეთის ფედერაციაში, რასაც მას ამის საშუალებას აძლევს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა და ე.წ. საზღვარზე კორუფცია. შედეგად, შური იძიოს მეუღლეზე და ოჯახის სხვა წევრებზე, რომელზედაც უარყოფითად საუბრის არავითარი სოციალური საფუძველი არ გააჩნია.

გადაცემის წამყვანისა და ავტორის, მაია ასათიანის გულწრფელი, მაგრამ საქმეში ჩაუხედავი ემოციების მიუხედავად, ჩემი, როგორც ადვოკატის უპირველესს ამოცანას წარმოადგენს დავიცვა არასრულწლოვანის ინტერესები და სახელმწიფოსთან ერთად, სწორად შევაფასო გამოწვევები, რათა საქართველომ თავიდან აირიდოს წინამდებარე დავის დრამატული განვითარება. გამოწვევის შესახებ წერილობითი ფორმით საქმის კურსშია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რომელიც საქმეზე ცენტრალური სახელმწიფო ორგანოა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა. მინდა დავარწმუნო საზოგადოება, რომ ვარ სრულად ინფორმირებული და ამ გამოწვევის მიმართ ჩემი ყველა გადაწყვეტილება თანხვედრაშია რისკის ხარისხთან. არასრულწლოვანის დედა და მისი წარმომადგენელი გამოწვევას ოჯახის შიშს უკავშირებს და სწორედ ამ არგუმენტით ცდილობს საქმეში არსებული მტკიცებულების გაქარწყლებას, რომელზედაც, სამწუხაროდ, შესაბამისი ყურადღება, არ მიაქცია პირველი ინსტანციის სასამართლომ. ამიტომაც, ოჯახმა გააძლიერა არასრულწლოვანის უსაფრთხოების დაცვა. არასრულწლოვანის გადაადგილებას იცავს პირადი დაცვა. მინდა ყველას ხაზგასმით ვუთხრა - ბავშვის რუსეთის ფედერაციაში აღმოჩენა, მთლიანად, იურიდიულ საფუძვლებს აცლის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იქმნება, ერთის მხრივ არსებითი საფრთხე იმისთვის, რომ საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული ნებისმიერი შედეგის მქონე გადაწყვეტილება ვერ აღსრულდეს, მეორეს მხრივ ვერც საქართველომ, ვერც კვიპროსისა და შემდგომში, პოტენციურად - ჩეხეთის რესპუბლიკამ, ვერ დაიბრუნეს საკუთარი მოქალაქე. შეგახსენებთ, რომ საქმე განიხილება ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ 1980 წლის ჰააგის კონვენციის საფუძველზე, რომელიც პროცესის მონაწილე ყველა მხარეს უნდა გვახსოვდეს და ჩვეულებრივ, ქართულ სასამართლოში მიმდინარე საოჯახო დავების ანატომიას არ უნდა ვუკავშირებდეთ.

შესაბამისად, სწორედ ამ საფუძვლით ვერ სრულდება სასამართლოს დროებითი განკარგულებაც და არა იმ მოტივით, რომ მამა ხელს უშლის აღსრულების პროცესს. დროებითი განკარგულებაც მამის მხრიდან გასაჩივრებულია სააპელაციო წესით, სწორედ ამ მიზნით, მამამ სააპელაციო სასამართლოს შესთავაზა მშობლების შვილთან ურთიერთობის ახალი პირობები, რომლიც განხილვაშია და პროცესის მონაწილე მხარეები შედეგებს ველოდებით. ჩვენ არ დავუშვებთ დედამ მამას გასტაცოს შვილი, რომელსაც დღეს საქართველოში იცავს კანონი. არ შევეგუებით საქმის ირგვლივ მცდარი ფაქტების ტირაჟირებას, როდესაც არავითარი სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობა არ არსებობს იმისთვის, რომ ბავშვი არ იმყოფებოდეს მამასთან და მამის ოჯახთან, რომელთან ერთადაც ცხოვრობს დაბადებიდან და სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნის თანახმად, არსებობს მაღალი ხარისხის მიჯაჭვულობა. ბავშვს მამის გარეშე განვითარება და ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. ამასთან, საზოგადოებას შევახსენებ, რომ 2020 წლის 5 თებერვალს, ჩვენ ყველამ ერთად (დედა, სოციალური სამსახური, სამართალდამცავები) შევხდით არასრულწლოვანს თავის საცხოვრებელ ადგილას და ამჟამად დედის მხრიდან შვილთან ურთიერთობა შეზღუდულია იმის გამო, რომ ოჯახი ახალი კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე, მესამე პირებთან არ ურთიერთობებს. ჩემი მხრიდან არასრულწლოვანის დედას და მის წარმომადგენელს დეტალური ინფორმაცია მიწოდა დასახელებული საფრთხისა და მდგომარეობის თაობაზეც.

მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ მაია ასათიანის გადაცემის გაცნობის შემდგომ ოჯახი არასრულწლოვანი დედის ქმედებების მიმართ გამოთქვამს წუხილს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული არ ესადაგება შვილის ინტერესების მიმართ მზრუნველი მშობლის პოზიციიდან გადადგმულ ნაბიჯს. ჩვენ გვაქვს უფლებამოსილება, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ამჟამად მიმდინარე დავის მიღმა ყურადღება გავამახვილოთ სხვა ფაქტებზე. იმ ვითარებაში, როდესაც არასრულწლოვანს აქვს ყველა პირობა, მისი უსაფრთხოება იყოს დაცული და იყოს კეთილსაიმედო გარემოში, დედის მხრიდან მამასთან და შვილთან ხორციელდება დამოკიდებულების და კომუნიკაციის იმგვარი ფორმა, რაც ემსახურება მამის მიმართ მტრული გარემოს და არასრულფასოვანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. მაგალითად, დედა არასრულწლოვანს ეუბნება, რომ „ყველა ღონეს გამოიყენებს, რომ მამა ციხეში მოხვდეს“, „მალე მოჰკიდებს ხელს და წაიყვანს კვიპროსში“, „მამას გააჩნია სამი სახლი და ფულს მიიღებს, თუკი მოახდენს მათ გაყიდვას“, „ბებია ჰგავს მაიმუნს“ და ა.შ. ამ დიალოგების მოსმენის ფონზე, არასრუწლოვანი აღარ გამოთქვამს სურვილს დედასთან ხშირი და სასამართლოს დროებითი განკარგულებით დადგენილი წესის შესაბამისი კონტაქტის სურვილი გააჩნდეს. ბავშვმა 2019 წლის 8 ნოემბერს, პოლიციის განყოფილებაში, სადაც დედის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოიწერა შემაკავებელი ორდერი, ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ „დედა ბოროტია“, რაც უდავო ფაქტობრივ გარემოებად შეფასდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე (სამწუხაროდ, არასრულწლოვანი დედის მიმართ, ქართულმა პოლიციამ 3-ჯერ მიიღო შემაკავებელი ორდერის გამოყენების გადაწყვეტილება. ორ შემთხვევაში - მეუღლესთან კონფლიქტის გამო, ერთ შემთხვევაში კი ბავშვთან ფსიქოლოგიური ძალადობის საფუძველზე). ამასთან, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ სასამართლომ შემაკავებელი ორდერი გააუქმა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ არ იყო შეცვლილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 22/10/19 დროებითი განკარგულება და არა იმ მოტივაციით, რომ ადგილი არ ჰქონია დედის მხრიდან ფსიქოლოგიური ხასიათის ძალადობას და სადავო ზ/დასახელებულ გამონათქვამებს.

დედამ ქართულ სასამართლოში წარადგინა ფოტოები, სადაც მამა შვილს ჰიგიენური წესით აბანავებს და მამას ბრალი დასდო პორნოგრაფიაში. 2019 წლის 21 ნოემბერს, ქართულმა სასამართლომ, ეს დოკუმენტი საქმიდან ამოიღო და დედის ამორალურ ზრახვებზე მიუთითა. სასამართლოს პოზიციის მიუხედავად, დედამ იგივე დოკუმენტები პოლიციაში წარადგინა და იმავეს მოითხოვს. პოლიციაშია დედის მიერ ყალბი დოკუმენტების დამზადების და სასამართლოსთვის მისი მიწოდების საქმეც, რომელიც შეეხება კვიპროსში დასაქმების კონტრაქტს და ქირის სადავო ხელშეკრულებებს. ჩემი ძალისხმევით, სასამართლოს წარედგინა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ არასრულწლოვანის დედის მხრიდან ადგილი ჰქონდა ყალბი დოკუმენტის სასამართლოსთვის წარდგენას. აგრეთვე, აჭარის ა/რ პროკურატურა განიხილავს მამის და შვილის 2019 წლის აგვისტოში მარტვილიდან გატაცების საქმეს, სადაც კითხვები არასრულწლოვანი დედის მიმართაც დაისმის. საქართველოს შესაბამისმა კომპეტენტურმა უწყებამ არასრულწლოვანის დედას უარი უთხრა ცალკეულ საკითხებზე საქმის აღძვრაზე არა იმის გამო, რომ უყურადღებოდ მიიჩნიეს განცხადებით დასმული მოთხოვნები, არამედ ყველა მოთხოვნა იყო უსაფუძვლო, გამომწვევი და მითითებული გარემოებები არ შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

ჩვენ არ გვაქვს საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომ მტკიცებით ფორმაში ვისაუბროთ სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ გვაქვს ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ პრაღის კანონიერ ძალაში შესული 2019 წლის გადაწყვეტილება, სადაც პირდაპირ წერია, რომ დედა გაფრინდა მამის სურვილის საწინააღმდეგოდ და მამის ხარჯებით ოთხდღიანი ვიზიტით ამსტერდამში, სადაც მას სურდა გამოეცადა ახალი ტიპის მარიხუანა. ევროპული ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ოლივია ანტონის, როგორც დედის მოვალეობები, უკიდურესად უარყოფითადაა შეფასებული.

ბოლოს, არ ვეთანხმები არასრულწლოვანი დედის ადვოკატის ქცევას, რომელმაც ხელი შეუწყო დახურული სასამართლო სხდომის შესახებ საჯარო დისკუსიას და პირადი ცხოვრების სატელევიზიო გაშუქებას. მეტიც, კოლეგა არღვევს პერსონალურ მონაცემებს, კონფიდენციალობას. პირად სოციალურ გვერდზე აზიარებს ბავშვის ფოტოებს, ავრცელებს მცდარ ცნობებს, შეურაცხყოფს მამას, მის შესახებ იმეორებს იმ მცდარ ინფორმაციას, რაც მის მაგიდაზე არსებული საქმის 5 ტომიდან არ გამომდინარეობს. აღნიშნული სამწუხაროა იმ პირობებშიც, როდესაც ადვოკატი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ერთ-ერთი წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარეა. სამწუხაროდ, მან ვერ მოახერხა კლიენტსა და საკუთარ პროფესიულ მოვალეობებს შორის მკაფიო ხაზის გავლება. 2019 წლის 10 დეკემბერს, ჩემს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამოიჩინა შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება და სრულიად უწყინარ გარემოში აღნიშნა, რომ პროფესიას ვარცხვენდი. ჩემი პროფესიაში მოღვაწეობის 10-წლიანი გამოცდილებიდან, ასეთი გამონათქვამის წინაშე პირველად აღმოვჩნდი, საკითხს მსვლელობა კი სწორედ ადვოკატთა ეთიკის კომისიის ისედაც გადატვირთული მუშაობის გამო, არ მივეცი. მაშინაც და დღესაც ჩემი სათქმელი მთლიანად ემოციისგან დაცლილია - ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, სასამართლოში სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

ჩვენს წინ დგას მშობლების საოჯახო დავისგან ფსიქო-ემოციური ფონით დაღლილი ბავშვი, მისი უფლებები და ინტერესები, რომელსაც უნდა მოფრთხილება და ორმხრივი დაცვა. ჩემი ემოციების მართვა შესაძლებელია, მაგრამ არავის ვუსურვებ ემოციების გამოცდას, რადგანაც შეიძლება ამ გამოცდისგან მხოლოდ ემოციები აღარ დარჩეს. მოდი, ერთად ვიზრუნოთ, არასრულწლოვანის დედამ პატივს სცეს ქართულ მართლმსაჯულებას და საზოგადოება არ შეიყვანოს შეცდომაში. მისი მიზანი აღარ იყო მეუღლის სახელის, პატივისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა, რადგანაც იგი სხვადასხვა ქვეყანაში საქმიანი ადამიანია.

ჩემთვის აღნიშნული საქმე პრიორიტეტულია, მაგრამ არა - ერთადერთი. საქმეს იგებს არა - იურიდიული მომსახურების ოდენობა, (რომელზედაც ასე უღირსად მოხდა აპელირება), არამედ - ჭკუა. პირადად, ჩემს წარმოებაში არსებული ყველა საჯარო ინტერესის მქონე საქმე გარკვეულ პრინციპულობას მოითხოვს, უარის თქმას ფარულ გარიგებებზე (რაც, სამწუხაროდ, მრავალია ჩვენს პროფესიაში) და მიზნისკენ შეუფერხებლად სვლას. ყველა მხარის სიცრუის გზა სრულდება სასამართლო დარბაზში და შედეგზე მეტყველებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება. ჩვენ ამ გზაზე, ნებისმიერი ჭორ-მართალის მიუხედავად, ვაჩვენებთ ღირსეულ სვლას, რადგანაც ყველას კარგად ახსოვდეს - ჩემთვის ბავშვის უფლებები შოუ არ არის.“



კომენტარები