მარტი - „ახალგაზრდა ადვოკატების“ სამართლის ჯგუფის წარმატებული საქმეები

31 მარტი, 2020

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აგრძელებს საზოგადოებისთვის წარმატებულ დავებზე, სადაც მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილებები, ინფორმაციის მიწოდებას. წარმოგიდგენთ ჩვენი იურისტების წარმოებაში 2020 წლის მარტის თვეში საინტერესო საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების მოკლე ანგარიშს. ორგანიზაცია მადლობას უხდის ყველა ადამიანს იმ ნდობისთვის, ვისაც სამართლის დამკვიდრებაში ჩვენი გუნდი საიმედო პარტნიორად და ორგანიზაცია - პროფესიული ღირებულებების ერთგულად მიაჩნია.

საოჯახო სამართალი - საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 3 მარტის განჩინებით, განუხილველი დარჩა კასატორ ე. გ.-ს საჩივარი. საზიარო უფლების სარგებლობით მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის დავაზე, არ დაკმაყოფილდა ე.გ.-ს მოთხოვნა და სასამართლოს მიერ სრულად იქნა გაზიარებული მოწინააღმდეგე მხარის - ნ.ბ-სა და თ.გ.-ს შესაგებლით წარდგენილი სამართლებრივი დასკვნები მოთხოვნის დაუსაბუთებლობის თაობაზე. პროცესის მონაწილე მხარეები წარმოადგენენ ახლო ნათესავებს - და-ძმას და დისშვილს. ქ. თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე ბინა თანასაკუთრების უფლებით აღირიცხა თანამესაკუთრეებზე. ე.გ.-ს მიერ ჩატარებული იქნა აუდიტორული ექსპერტიზა, რომელმაც აღნიშნულ ფართში დაადგინა საიჯარო ქირის ოდენობა ყოველთვიურად 108 აშშ დოლარის ოდენობით. ე.გ.-მ მოითხოვა მოპასუხეებს სოლიდარულად დაკისრებოდათ 1/3 წილის საკუთრების თანხმობის გარეშე განკარგვით მიყენებული ზიანის ყოველთვიურად თვეში 108 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში 263 ლარის გადახდა 2015 წლის 07 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც სარჩელის შემოტანის დროისათვის უკვე შეადგენდა 8 420,54 ლარს. მოპასუხეების მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ იქნა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტები. კერძოდ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წერილი, რომლითაც  ათონელის ქუჩაზე მდებარე მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული შენობა იმყოფებოდა მწვავე ავარიულ მდგომარეობაში და შესაბამისად, მისი შემდგომი ექსპლუატაცია სახიფათო იყო მცხოვრებელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მთაწმინდის გამგეობამ ბინის მცხოვრებლებს შესთავაზა გარკვეული ოდენობის თანხა სანაცვლო ბინის დასაქირავებლად, რაზედაც მხარეები დასთანხმდნენ. შესაბამისად, მისამართზე, დაიწყო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია და მობინადრეები გაყვანილ იქნენ ალტერნატიულ მისამართზე ქირით. 2018 წლის 1 მაისიდან განხორციელდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სრული დემონტაჟი და დღესაც ობიექტი იმყოფება მშენებარე მდგომარეობაში. შესაბამისად, სასამართლოს სამივე ინსტანციამ საზიარო უფლების სარგებლობით მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნა, იმ პირობებში, როდესაც არც ერთ მხარეს არ უსარგებლია თანასაკუთრებით, მიიჩნია უსაფუძვლოდ. საქმე მოსამართლე; ვლადიმერ კაკაბაძემ განიხილა. ორგანიზაციის სამართლის ჯგუფი მოპასუხე მხარის ინტერესებს წარმოადგენდა.

ვალდებულებითი სამართალი - 2020 წლის 13 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დ/გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მოსარჩელე შპს-ს სარჩელი მოპასუხე კომპანიის მიმართ, 33,325.35 ლარის გადახდის მოთხოვნაში. ამასთან, მოპასუხეს დაეკისრა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 999.77, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50.90, სასამართლოს გარეშე ხარჯების - 463 ლარის გადახდა. მოსარჩელე და მოპასუხე 2017 წლიდან იმყოფებოდნენ გრძელვადიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში. აღნიშნული ურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელე კისრულობდა ვალდებულებას, მიეწოდებინა გარკვეული სახის ნავთობ პროდუქცია და თავის მხრივ მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა შეთანხმებული ანაზღაურება, რაც, სადავო პერიოდისთვის, მოპასუხე კომპანიამ აღარ შეასრულა და დავალიანებამ შეადგინა 33,325.35 ლარი. საქმე მოსამართლე: შორენა ჯანხოთელმა განიხილა. ორგანიზაციის სამართლის ჯგუფი მოსარჩელე შპს-ს მხარის ინტერესებს წარმოადგენდა.

ვალდებულებითი სამართალი - 2020 წლის 16 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ. ორგანიზაციის ჩართულობის შედეგად, მოსარჩელე ზ. გ.-ს, TBC ბანკსა და ბანკის სესხების ყოფილ ექსპერტ მ.კ.-ს შორის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით წარმოებული დავა მორიგების საფუძველზე დასრულდა. ბანკის ყოფილმა თანამშრომელმა აიღო ვალდებულება ზ. გ.-ს მიმართ ერთჯერადი კომპენსაციის გადახდის შესახებ. ამასთან, ბანკმა აიღო ვალდებულება, ზ.გ-ს წარსულში საკრედიტო ვალდებულებების ანულირების თაობაზე.  შედეგად, ზ.გ.-მა უარი თქვა სარჩელზე და ბანკისა და ბანკის სესხების ყოფილი ექსპერტის მიმართ წინამდებარე დავის საგნის ირგვლივ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე, დავის საგნის ირგვლივ ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, საქართველოს პოლიციაში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, არბიტრაჟში, ისე, ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. შემთხვევა ეხება 2019 წლის 3 ივნისს, ქ. თბილისში, სავაჭრო ცენტრ „გლდანი მოლში“ მდებარე „თიბისი ბანკში“ ყოფნისას, ზ. გ.-ის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. საქმე მოსამართლე: ლია ავალიშვილმა განიხილა. ორგანიზაციის სამართლის ჯგუფი მოსარჩელე მხარის ინტერესებს წარმოადგენდა.

ვალდებულებითი სამართალი -  2020 წლის 18 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სრულად დაკმაყოფილდა ორგანიზაციის სარჩელი. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ვალდებულება წარმოშობილ იქნა ზიანის მიყენების - დელიქტის - საფუძველზე. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ პოლიტიკოსის სადავო განცხადება წარმოადგენდა ცილისწამებას, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სადავო განცხადების შედეგად ორგანიზაციისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, ორგანიზაციას გააჩნდა უფლება ახალი სამართალწარმოების პირობებში პოლიტიკოსს მოსთხოვოს დამდგარი მატერიალური ზიანის ანაზღაურება - 5050 ლარის ოდენობით, რაც ორგანიზაციას პოლიტიკოსის ცილისწამების პირობების არარსებობის შემთხვევაში, უნდა მიეღო. შესაბამისად, სასამართლომ გაიზიარა ორგანიზაციის მტკიცება და მოპასუხეს დააკისრა 5050 ლარის გადახდა. საქმე მოსამართლე ხათუნა კაკაბაძემ განიხილა.  

ვალდებულებითი სამართალი - 2020 წლის 18 მარტის ბოლნისის რაიონული სასამართლოს განჩინებით, დაკმაყოფილდა მოსარჩელე ბანკის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე. მოპასუხე გ.ლ.-სა და ბანკს შორის, 2015 წლის 27 აგვისტოს დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ბანკმა მსესხებელს გაუხსნა საკრედიტო ხაზი, რომლის ფარგლებშიც, 2016 წლის 25 ივლისს, მხარეებს შორის გაფორმდა კიდევ ერთი საკრედიტო ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა 6000 ლარი. საბოლოოდ, ვალდებულება ვერ შესრულდა. ბანკმა ვალდებულების უზრუნველსაყოფად მოთხოვნა წარადგინა თავდები ნ.ე.-ს მიმართ. იმავდროულად, დაკმაყოფილდა ყადაღის წარმოშობის მოთხოვნა თავდებ ნ.ე.-ს მიერ შვილის - გ.ე.-ს მიმართ ჩუქების ხელშეკრულებით გადაცემულ უძრავ ქონებაზე. ბანკმა ჩუქების ხელშეკრულება მიიჩნია მოჩვენებით და თვალთმაქცურ გარიგებად, თუმცა ჩუქების ხელშეკრულება მხარეთა შორის გაფორმებულ იქნა სარჩელის აღძვრამდე 4 თვით ადრე, ვინაიდან სახნავ-სათესი სავარგული გ.ე.-ს მხრიდან უნდა გამოყენებულიყო სამთავრობო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. ორგანიზაციამ აქტიური მოლაპარაკება აწარმოა ბანკთან. მიმდინარე სესხის ოდენობა სამართალწარმოების პროცესში შეადგენდა - 10.000 ლარზე მეტს. მიღწეული შეთანხმების შედეგად, მსესხებელმა ბანკს გადაუხადა ძირი თანხა - 6000 ლარი, რითაც ფინანსური ვალდებულებები დასრულდა. შესაბამისად, ბანკმა მიმართა სასამართლოს და სარჩელი გაიხმო. ასევე, გაუქმდა უძრავ ქონებაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.  ორგანიზაციის სამართლის ჯგუფი მოსარჩელე გ.ლ-ს, თავდების - ნ.ე-სა და მისი შვილის - გ.ე.-ს ინტერესებს წარმოადგენდა. საქმე დევი დევიძემ განიხილა.

ვალდებულებითი სამართალი - 2020 წლის 24 მარტის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიღო განჩინება გადაწყვეტილების მოპასუხის მიმართ საჯარო შეტყობინების გზით ჩაბარების შესახებ. სასამართლომ 2020 წლის 9 იანვარს მოსარჩელე ა.მ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. 2019 წლის 13 აპრილს, ა.მ-სა და დ.კ.-ს შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. მოპასუხეს გამოსყიდვის უფლებით სარგებლობა შეეძლო  2019 წლის 13 ოქტომბრამდე. აღნიშნული ვადა გავიდა ისე, რომ მოპასუხეს არ უსარგებლია გამოსყიდვის უფლებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ა.მ-ს უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა. დ/გადაწყვეტილება საქმე მოსამართლე: თინა ვაშაყმაძემ განიხილა. ორგანიზაციის სამართლის ჯგუფი მოსარჩელე მხარის ინტერესებს წარმოადგენდა.

დამატებითი აქტიურობები - ორგანიზაციის სამართლის ჯგუფი 2020 წლის 13 მარტიდან, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდებისა და უსაფრთხოების ზომების მიზნით, დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა. მას შემდეგ, რაც 14 მარტს ორგანიზაციამ საჯარო განცხადება გააკეთა ცალკეული დამსაქმებელი ორგანიზაციების მხრიდან თანამშრომელთა შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევებზე, სოციალური გვერდისა და სატელეფონო ხაზით, არაერთი მოქალაქის კონსულტაცია განხორციელდა. სხვადასხვა შემთხვევაზე მომზადდა წერილობითი მიმართვა, მზადდება სარჩელები. ამასთან, ორგანიზაციის იურისტებმა უპასუხეს არაერთ სხვა სამართლებრივ პრობლემას, რომელიც დაფიქსირდა ორგანიზაციის სოციალურ გვერდზე. 1 შემთხვევაში, სავარაუდო თაღლითობის ფაქტზე, მიემართა საქართველოს პროკურატურას, 1 შეგებებული სარჩელით, საოჯახო დავაზე, მიემართა სასამართლოს, სხვადასხვა უწყების მიმართ გაიგზავნა ინტერესის შესაბამისი წერილი. გაკეთდა განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში  ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ 1980 წლის ჰააგის კონვენციის საფუძველზე წარმოებულ დავაზე, სადაც ორგანიზაციამ დააფიქსირა არასრულწლოვანისა და მისი ოჯახის წევრთა პერსონალური მონაცემისა და კონფიდენციალობის დარღვევის ფაქტები. სამწუხაროდ, ახალი კორონავირუსის საფრთხის გათვალისწინებით, საერთო სასამართლოებში გაუქმდა ორგანიზაციის სამართლის ჯგუფის წევრების წარმოებაში არსებულ საქმეებზე დანიშნული 14 სხდომა. მუშაობა გრძელდება სხვადასხვა სარჩელსა და განცხადების პროექტზე.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მადლობას გიხდით ნდობისა და თანამშრომლობისთვის!



კომენტარები