იუსტიციის მინისტრის ახალი ბრძანებით ე.წ. გამოსახლებები არ განახლებულა

9 აპრილი, 2020

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 6 აპრილის ბრძანებით, რომლის მიზანია ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნითსააღსრულებო წარმოებათა შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული ცალკეული საკითხების განსხვავებულად მოწესრიგება მოახდინოს, .. გამოსახლებები არ განახლებულა. შესაბამისად, საჭიროა საზოგადოებას მიეწოდოს მინისტრის ბრძანების თაობაზე სრულფასოვანი და ობიექტური ინფორმაცია, რათა თავიდან იქნეს არიდებული არაკომპეტენტური განმარტებები ან პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე, მოწყვლადი ჯგუფების გაღიზიანება და ნეგატიური განწყობების ჩამოყალიბება. აღნიშნულის შესახებ სამართლებრივ განმარტებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ აკეთებს.

ორგანიზაციის განცხადებით, მინისტრის ბრძანების საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიურო სრულად გადადის დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე, რაც გულისხმობს აებ-ის სერვისების ელექტრონულ ფორმით მიწოდებას. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სენსიტიური საკითხი, რომელიც აღნიშნული ბრძანების თანახმად მოწესრიგდა, არის ე.წ  „გამოსახლებები“ და ცალსახად უნდა ითქვას, რომ ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე სხვისი მფლობელობიდან/სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეებზე არ განხორციელდება მოვალეებისა და მისი თანმხლები პირების სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონებიდან იძულებითი წესით გამოყვანა.

კრედიტორს/განმცხადებელს მხოლოდ მიენიჭა უფლება გამოსახლების მოთხოვნით დაარეგისტრიროს განცხადება და დაიწყოს სააღსრულებო წარმოება, რაც, რასაკვირველია, ნამდვილი მესაკუთრის უფლებიდან გამომდინარე, ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა სახელმწიფოს მტკიცე პოზიცია ამ უფლების ერთგვარ შეზღუდვას გულისხმობს. კერძოდ, არ განახორციელოს აღსრულება. ჩაერიოს აღსრულების პროცესში და არსებული ვითარების გათვალისწინებით, შეაჩეროს უძრავი ქონებიდან ფიზიკური თუ იურიდიული პირების გაყვანა. ამიტომაც, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალისთვის გაფრთხილების წერილი იგზავნება მასში იძულებით გამოსახლების შესახებ კონკრეტული თარიღისა და დროის მითითების გარეშე.

ამასთან, გამოსახლების კატეგორიის საქმეებზე გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისათვის განსაზღვრული 10-დღიანი ვადა და მისი ათვლა დაიწყება/გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე. ბრძანების თანახმად, შეჩერებას დაექვემდებარება მოძრავი ნივთის მოვალისთვის ჩამორთმევისა და კრედიტორისთვის გადაცემის პროცესიც.

გამოსახელბის კატეგორიის საქმეების გარდა, რეგულაციები გავრცელდა მთელ რიგ ღონისძებებზე, რომლებსაც აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში. ბრძანების თანახმად, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და წარმოების მონაწილე პირს/განმცხადებელს შორის დოკუმენტაციის/ინფორმაციის გაცვლა განხორციელდება ელექტრონულად ამავე პირის მიერ მითითებული ელექტრონული მისამართის მიხედვით (მოქალაქის პორტალის my.gov.ge ან info@nbe.gov.ge ელექტრონული ფოსტის მეშვეობით).

აღსანიშნავია, რომ კრედიტორს/განმცხადებელს უფლება ექნება სააღსრულებო წარმოება დაიწყოს ასრრულებას დაქვემდებარებული აქტების დედნის გარეშეც. რაც მთავარია მათ საშუალება ექნებათ ისარგებლონ ელექტრონული სისტემით და აღსრულების შესახებ კანონით  გათვალისწინებული აღსრულების ქვემდებარე აქტები და ამავე კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია წარადგინონ მოქალაქის პორტალის my.gov.ge ან/და info@nbe.gov.ge ელექტრონული ფოსტის საშუალებით. საგულისხმოა, რომ ამით განმცხადებელს არ ეხსნება შემდგომში დედნის წარდგენის ვალდებულება, დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, 10-სამუშაო დღის ფარგლებში.

ბრძანება, ასევე განსაზღვრავს, კერძო აღმასრულებელთან კომუნიკაციის ფორმასა და წესს. კერძო აღმასრულებელი სააღსრულებო წარმოებას იწყებს მხოლოდ ელექტრონული ფორმით წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის/აღსრულების ქვემდებარე აქტის საფუძველზე. კერძო აღმასრულებელსა და სააღსრულებო წარმოების მონაწილე პირს/განმცხადებელს შორის სხვა დოკუმენტაციის/ინფორმაციის გაცვლა, ასევე განხორციელდება ელექტრონულად, ამავე პირის მიერ მითითებული ელექტრონული მისამართის მიხედვით (კერძო აღმასრულებელის ელექტრონული ფოსტის საშუალებით).

მოქალაქეთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვისა და რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შეჩერდება დაყადაღების პროცესი იმ ნივთებზე, რომლებიც განთავსებულია საცხოვრებელ სადგომშიც. ასევე, შეჩერდება/გადაიდება  ფაქტების კონსტატაციის მიზნით დაწყებული წარმოებები, გარდა განსაკუთრებული შემთხვევით გამოწვეული აუცილებლობისა. ამასთან, საგანგებო მდგომარეობის პირობებში აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია არ მიიღოს ან/და არ შეასრულოს მოთხოვნა ფაქტის კონსტატაციის შესახებ.



კომენტარები