საქართველოში მობილური ოპერატორების მხრიდან სატარიფო პოლიტიკის მოსალოდნელ ცვლილებასთან დაკავშირებით მონიტორინგის პროცესში მივიღეთ ინფორმაცია, რომ კომპანია „მაგთიკომის“ სურვილი, ცამხრივად შეეცვალა სატარიფო გეგმა, არ შედგა. მომხმარებლები პაკეტით: „მარტივი 25“ მინუმუმ მომდევნო სამი თვის განმავლობაში კვლავ ისარგებლებენ და სატარიფო გეგმის შენარჩუნების საკითხს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კვლევა გადაწყვეტს. აღნიშნულის შესახებ სამართლებრივ განმარტებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი, ნიკა მენოგნიშვილი აკეთებს.
ნიკა მენოგნიშვილის განცხადებით, ორგანიზაციამ კომპანიის მხრიდან სატარიფო გეგმის ცვლილების შესახებ საჯარო ინფორმაციის პირობებში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიასთან მოახდინა კომუნიკაცია და აღნიშნა, რომ თუ მობილური ოპერატორები ტარიფს ცალმხრივად ისევ შეცვლიდნენ, დაიწყებოდა სტრატეგიული სამართალწარმოება სასამართლოში. ორგანიზაციამ კომისიის 13 მარტისა და 8 აპრილის წერილით, საკითხთან დაკავშირებით მიიღო სრულფასოვანი ინფორმაცია და მოახდინა საკითხის სამართლებრივი ანალიზი. შესაბამისად, დღევანდელი მდგომარეობით ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ დაანონსებული ინფორმაცია 2020 წლის 6 აპრილიდან მომსახურების პაკეტის „მარტივი 25“-ის გაუქმების შესახებ კომპანიამ გადაავადა 2020 წლის 6 ივლისამდე. ამასთან, სატარიფო გეგმის ცვლილების საკითხის და წინაპირობების საფუძლიანად შესწავლის მიზნით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2020 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით, დაიწყო „მობილური ქსელით საცალო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე (მობილური საცალო ხმოვანი მომსახურება, მობილური ინტერნეტ-მომსახურება და მოკლე ტექსტური შეტყობინებები) კონკურენციის კვლევისა და ანალიზის დაწყების შესახებ“ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. ჩვენ ამ პროცესსაც განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდებით.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2020 წლის 3 მარტს საჯარო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მზადაა დაიწყოს სტრატეგიული სამართალწარმოება სასამართლოში და სასამართლომ სატელეკომუნიკაციო მომსახურების სფეროში უპასუხოს იმ ქაოტურ მდგომარეობას, რაც დაკავშირებულია მომხმარებელთა ნების გათვალისწინების გარეშე მომსახურების ტარიფის ცვლილების მართლზომიერებასა და მიზანშეწონილობასთან.
კომპანია „მაგთიკომის“ გადაწყვეტილება, 2020 წლის 6 აპრილიდან შეეცვალა სატარიფო გეგმა, „მარტივი 25”-ის ნაცვლად, საზოგადოებას შესთავაზოს „მარტივი 30“, წარმოადგენს მომსახურების მიწოდების სტანდარტული პირობების ცალსახა დარღვევას. წინამდებარე მომსახურების მიწოდების სტანდარტული პირობები შედგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონების შესაბამისად და არეგულირებს ოპერატორსა და აბონენტს შორის მომსახურებებისა და დამატებითი მომსახურებების ფარგლებში მხარეთა ურთიერთობებს. ფაქტობრივად, აღნიშნული წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებულ უვადო ხელშეკრულებას. მართალია, კომპანიას ხელშეკრულება ანიჭებს უფლებას და არამართზომიერ უპირატესობას, რომ ცალმხრივად შეცვალოს სატარიფო პოლიტიკა, თუმცა ასეთ შემთხვევაში, კომპანიას მომხმარებელთა მიმართ გააჩნია არამხოლოდ სატარიფო გეგმის ცვლილების შესახებ ინდივიდუალური შეტყობინების გაგზვანის ვალდებულება, არამედ ვალდებულება დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების მიზეზები.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, კომპანია „მაგთიკომმა“, ისე, რომ არავითარი საჯარო და კერძო განმარტება არ გაკეთებულა, არ დასახელებულა კონკრეტული მიზეზები, მიიღო გადაწყვეტილება შეცვალოს სატარიფო გეგმა. კომპანიის მოსალოდნელი გადაწყვეტილება ცალმხრივად აძვირებს მომსახურების ღირებულებას. ამ პროცესში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ჩართულობა, კვლევის წარმოება, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება და ობიექტური გადაწყვეტილების მიღება, არსებითად მნიშვნელოვანია. ორგანიზაცია გააგრძელებს საკითხზე მუშაობას და რჩება მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფარგლებში.