აპრილი - „ახალგაზრდა ადვოკატების“ სამართლის ჯგუფი სამართლებრივი დახმარების პროცესში

30 აპრილი, 2020

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აგრძელებს საზოგადოებისთვის სამართლებრივი ჩართულების პროცესზე ინფორმაციის მიწოდებას. ორგანიზაცია, მთელი თვის მანძილზე, აქტიურად პასუხობდა მოქალაქეების შეკითხვებს, როგორც სატელეფონო კონსულტაციის გზით, ასევე ორგანიზაციის ოფიციალური Facebook-ის გვერდის მეშვეობით. ამასთან, ორგანიზაციას აქტიური კომუნიკაცია გააჩნდა საერთო სასამართლოებთან, ახალი კორონავირუსის გამო, შეჩერებულ საქმეებზე, რაც გამოიხატა დაზუსტებული პოზიციების წარდგენასა და დამატებითი მტკიცებულებების წარდგენისთვის. ამასთან, ორგანიზაციის ძალისხმევით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, შეჩერდა და გადაიდო უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეზე დანიშნული სხდომა. ორგანიზაცია მადლობას უხდის ყველა ადამიანს იმ ნდობისთვის, ვისაც სამართლის დამკვიდრებაში ჩვენი გუნდი საიმედო პარტნიორად და ორგანიზაცია - პროფესიული ღირებულებების ერთგულად მიაჩნია.

1 საოჯახო სამართალი -  მ.გ-ს განემარტა სუროგაციასთან დაკავშირებული საკითხები, დაცვის მექანიზმი და გამოწვევები. ასევე, სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფარგლები.

2 სისხლის სამართალი - დ.მ-ს განემარტა სავარაუდოდ საზღვრის უკანონო კვეთის საფუძვლით დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სამართალდამცავ ორგანოში შესაძლო ძალადობის ფაქტზე შემდგომი რეაგირების წესი, რომელიც ითხოვდა უფლებებისა და მოვალეობების განმარტებას.

3 ვალდებულებითი სამართალი - თ.ნ-ს განემარტა დასახელებულ ბანკთან საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსალოდნელი შედეგები. მოქალაქის განმარტებით, იმავდროულად წარმოადგენდა თავდებს, გააჩნდა გადახდის უხარვეზო საკრედიტო ისტორია, მაგრამ პანდემიის პირობებში, მიმართა ბანკს და მოითხოვა ვალდებულების 3 თვით გადავადება. მოქალაქეს სურდა დაკვალიანება, როგორ შეძლებდა ზედმეტი ფინანსური ტვირთისგან გათავისუფლებას.

4 საგადასახადო სამართალი - მ.ა.-ს განემარტა, შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი, ვადები და სარჩელის წარდგენის პროცესუალური საკითხები. ამასთან, დასმული შეკითხვის პასუხად, აღსრულების პროცედურები.

5. ვალდებულებითი სამართალი - მ.მ-ს განემარტა სამსახურში სავარაუდო შევიწროვების შემთხვევაზე, მორალური და მატერიალური ზიანის მიღების საკითხი. პრობლემის ოფიციალური რეაგირებისა და კომპეტენტური ორგანოების საკითხი. ამასთან, შემთხვევის სისხლის სამართლებრივი წესით განვითარების პერსპექტივა.  

6. საოჯახო სამართალი - მ.მ.-ს, მეუღლეთა ფაქტობრივი თანაცხოვრების შეწყვეტის შემთხვევისთვის, განემარტა შვილთან სამომავლო ურთიერთობის წესი, სასამართლოში სარჩელის წარდგენის პროცედურა და დავის პერსპექტივა.

7. ვალდებულებითი სამართალი - ნ.ა.-ს განემარტა უძრავი ქონების გასხვისების შედეგად, ახალი მესაკუთრის მხრიდან უძრავი ფართის დაუყოვნებლივ გამოთავისუფლების მოთხოვნის მართლზომიერების ფარგლები. მოქალაქის განმარტებით, ფართის გამოთავისუფლებისთვის არსებობდა შეთანხმება, მაგრამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამო, საოჯახო ნივთები ვერც სოფელში გადაადგილა, ახალი მესაკუთრე კი თითქმის ყოველდღიურად მიმართავდა ყოფილი მესაკუთრის იძულებას ფართის გამოთავისუფლების მოთხოვნით.

8. შრომის სამართალი - ბ.ა.-ს განემარტა თვითიზოლაციის წესების დარღვევის შედეგად, სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების საკითხი. მოქალაქე სასტუმრო ქსელში წარმოადგენდა უვადო დასაქმებულს. იმყოფებოდა ოჯახის ახლობლის დაკრძალვაზე, რომელიც ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან იქნა გადმოსვენებული. დასაქმებულის მიმართ არ ყოფილა ეპიდემიოლოგების მხრიდან სამსახურში გამოცხადების აკრძალვა. სამძიმარზე დასწრების შესახებ ინფორმაციას ფლობდა დამსაქმებელი, მაგრამ მან მაინც მიიღო გათავისუფლების გადაწყვეტილება. საფუძვლად მიუთითა თვითიზოლაციის წესების დარღვევა. ხელშეკრულების გაცნობის შემდეგ, დადგინდა, რომ დავას არსებითად განიხილავს არა სასამართლო, არამედ - არბიტრაჟი.

9.  ვალდებულებითი სამართალი - გ.ბ.-ს განემარტა პირადი სახსრებით ოჯახის წევრის მიერ შეძენილი უძრავი ქონების დაბრუნების გზები. მოქალაქემ დავალების საფუძველზე, თანხა გადასცა ოჯახის წევრს, რომელმაც შეიძინა ბინა, თუმცა არ მოახდინა ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაცია მინდობი პირის მიმართ. გადაწყდა დავის სასამართლო წესით წარმოების საკითხი.

10. საოჯახო სამართალი - ბ.ბ-ს განემარტა სასამართლოში წარმოებული დავის პერსპექტივა. მოქალაქემ აღნიშნა, რომ მეუღლესთან განქორწინებულია, მეუღლემ კი ახალი სარჩელით მოითხოვა თანაცხოვრების მანძილზე შეძენილი უძრავი ქონებებზე კუთვნილი წილი. მოქალაქეს განემარტა დავის საგანზე სასამართლო პრაქტიკა.

11.  სამედიცინო სამართალი - გ.გ-ს განემარტა სამედიცინო შემთხვევიდან წარმოშობილი შედეგის სამართლებრივი პერსპექტივა. მოქალაქეს გარდაეცვალა მამა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისივე განმარტებით, გართულდა ოპერაციული ჩარევის დროს ექიმის არასწორი მოქმედებებით, თუმცა დარღვევის სავარაუდო შემთხვევაზე არ მოუხდენია შესაბამისი რეაგირება. ასეთი რეაგირების სურვილი, მოქალაქეს წარმოეშვა მამის გარდაცვალების შემდეგ. მოქალაქეს განემარტა საქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი პერსპექტივა.

12. ადმინისტრაციული სამართალი - დ.ს.-ს განემარტა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ გამრიცხველიანობიდან წარმოშობილი დავის შედეგები, მიღებული აქტის სემეკ-ში გასაჩივრებისა და სასამართლოსადმი მიმართვის წესები.

13. ვალდებულებითი სამართალი - ნ.ჩ-ს განემარტა, საკრედიტო ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, რა სამართლებრივი შედეგები შეიძლება დამდგარიყო რეგისტრირებულ უძრავი ქონებების მიმართ. მოქალაქის განმარტებით, სურდა აღნიშნული ქონებების ობიექტურად გასხვისება და იმის დადგენა, ჩაითვლებოდა თუ არა აღნიშნული თვალთმაქცურ გარიგებად და დაემუქრებოდა თუ არა რამე კეთილსინდისიერ მყიდველს.

14. სამეზობლო სამართალი - ი.გ-ს განემარტა, რეგისტრირებულ კუთვნილ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთში მეზობლის მხრიდან უნებართვოდ განხორციელებული ნარგავებისა და ასეთი ქცევის მიმართ მოსალოდნელი იურიდიული შედეგები. ამასთან, განემარტა დავის სასამართლო წესით წარმოების შემთხვევაში, სავარაუდო შედეგები.

15. ადმინისტრაციული სამართალი - თ.ბ-ს განემარტა საგანგებო მდგომარეობის დროს ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრების გასაჩივრების წესები. მოქალაქის განმარტებით, თავის არასრუწლოვანი ძმის მხრიდან საგანგებო მდგომარეობის წესების გამო, ჯარიმა გამოწერა მის მიმართ. დადგინდა, რომ სახეზეა არასრულწლოვანის მშობლები და სახეზე არ არის არც მეურვე და არც მზრუნველი. შესაბამისად, მოქალაქეს განემარტა სამართალდარღვევის აქტის შემდგომი გასაჩივრების წესი და მოსალოდნელი შედეგები.

16. ვალდებულებითი სამართალი - ზ.გ.-ს განემარტა საკრედიტო ხელშეკრულებიდან წარმოშობილი რესტრუქტურიზაციის გეგმის პროექტთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკები. მოქალაქემ ბანკთან მიაღწია რამდენიმე სესხის გაერთიანებისა და ახალი გადახდის გრაფიკის პირობებს, თუმცა პრობლემურ მხარედ რჩებოდა ახალი პირობების დარღვევის შედეგად მოთხოვნის გავრცელება იმ უძრავ ქონებებზე, რომელიც შესაძლოა, დამატებით გამოყენებულიყო ბანკის ინტერესების დაკმაყოფილებისთვის. ორგანიზაციამ მოამზადა გეგმის პროექტის შენიშვნების პროექტი და მიაწოდა მოქალაქეს.

17. შრომის სამართალი - ლ.კ-ს განემარტა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის ვადამდე ადრე შეწყვეტის გარემოებები, რომელიც დამსაქმებელმა მიიღო ახალი კორონავირუსის შედეგებიდან გამომდინარე. მოქალაქე დასაქმებული გახლდათ კაზინოში, საიდანაც მასობრივად მოხდა თანამშრომლების დათხოვნა. გათავისუფლებულთა ნაწილმა გადაწყვიტა დავა სამართლებრივი წესით წარმართულიყო. ორგანიზაციამ განმარტა მასობრივი დათხოვნის იურიდიული ბუნება და დავის მოსალოდნელი შედეგები.

18. ვალდებულებითი სამართალი - ბ.ა.-ს განემარტა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით, სასამართლოში წარმოებული დავის განახლების შედეგები. მოქალაქემ წარმატებით დაასრულა პირველი ინსტანციის სასამართლო, რაც მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნა ამავე სასამართლოს სარჩელის დასაშვებობის ეტაპიდან. მოქალაქემ ფორმის დაუცველად შეიტანა ახალი სარჩელი, სასამართლომ უარი განაცხადა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. შესაბამისად, მოსამართლეს აღარ აღმოუფხვრია უსწორობა და დღეს კვლავ გამოთქვამს დავის განახლების სურვილს. ამასთან, შეკითხვა შეეხებოდა სააპელაციო სასამართლოში შვილიშვილის ნახვის დღეებთან წარმოებული დავის სამართლებრივ მხარეს. ორგანიზაციამ წარმოებულ დავებსა და მის პერსპექტივებზე, მოქალაქეს დასაბუთებული პასუხი გასცა. ორგანიზაციამ მოქალაქის შემდგომი სამართლებრივი დახმარების თანხვედრი სურვილიც გამოთქვა.

19. ვალდებულებითი სამართალი - შ.კ.-ს განემარტა ქირის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობები. მოქალაქემ კუთვნილი უძრავი ქონება გააქირავა, დამქირავებელი კი ბოლო თვეების განმავლობაში არ ახდენდა ქირის მომსახურების დროულ გადახდას. მოქალაქე საკუთარ ფართში გამოცხადდა და აღმოაჩინა, რომ ადგილი ჰქონდა ქვექირავნობას, რომლის მიმართაც თანხმობა არ განუცხადებია და არც თავდაპირველ ხელშეკრულებაში აღნიშნულა ასეთი შესაძლებლობა. მოქალაქეს განემარტა ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის, ქვექირავნობის შემტხვევიდან არსებული ვალდებულებებისა და მოსალოდნელი შედეგი, მათ შორის დავის სასამართლო წესით გაგრძელების შემთხვევაში. 

დამატებითი აქტიურობები - ორგანიზაცია სტრატეგიული სამართალწარმოების ფარგლებში, ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ 1980 წლის ჰააგის კონვენციის საფუძველზე წარმოებულ დავაზე, აგრძელებს წერილობით კომუნიკაციას და ახალი მტკიცებულებების წარდგენას, როგორც სასამართლოსთვის, ასევე დავასთან შემხებლობაში მყოფ ადმინისტარციულ ორგანოებთან (პროკურატურა, პოლიცია, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო). გრძელდება მუშაობა სარჩელისა და შესაგებლის პროექტებზე. ორგანიზაცია მონაწილეობას იღებს სხვადასხვა პროფესიული ხასიათის ვებინარზე. მიმდინარე საქმეების ფარგლებში, წერილობითი კომუნიკაცია არსებობს სასამართლოებთან. სწორედ ამ ჩართულობის შედეგად, 2020 წლის 29 აპრილს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბანკის მხრიდან აპელანტის უძრავი ქონებიდან გამოსახლების პროცესი გადადო. ორგანიზაცია წარმოადგენს აპელანტის კანონიერ ინტერესებს. ამასთან, რამდენიმე საქმეზე მომზადდა მორიგების აქტის პროექტი (შრომის სამართალი) და ნარდობის ხელშეკრულების პროექტი (ვალდებულებითი სამართალი).

ორგანიზაციის სამართლის ჯგუფი 2020 წლის 13 მარტიდან, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდებისა და უსაფრთხოების ზომების მიზნით, დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მადლობას გიხდით ნდობისა და თანამშრომლობისთვის!



კომენტარები