კანონი ბავშვის უფლებების მხარეს დგას - "ახალგაზრდა ადვოკატები"

1 ივნისი, 2020

ბავშვის უფლებათა კოდექსის სრულად ამოქმედება, ნაცვლად 2020 წლის 1 ივნისისა, 1 სექტემბრიდან მოხდება, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით, სრულად განჭვრეტადია ცვლილებები და მისი მიზანი, რომელიც არასრულწლოვანთა უფლებრივ მდგომარეობას კიდევ უფრო დაცულს და რეალიზებულს ხდის. შესაბამისად, ბავშვთა უფლებათა კოდექსის მიღება, ერთ-ერთი წინგადადგმული და ინსტიტუციური მოვლენაა. ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს იმ ცვლილებებზე, რომელიც რამდენიმე თვეში კანონის ძალით აღიჭურვება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, საკანონმდებლო სიახლეების მიმდინარე ტენდენციებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ  კანონმდებელი ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად ამახვილებს ყურადღებას არასრულწლოვანთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის საკითხზე. აღნიშნული ეხება, როგორც საპროცესო, აგრეთვე მატერიალურ კანონმდებლობას. საკანონმდებლო ნოვაციის მიზანს წარმოადგენს არასრულწლოვნის წარმომადგენლის უფლებამოსილების გარკვეულწილად შეზღუდვა, მკაცრად რეგლამენტირება და მისი უფლებამოსილების პირადი ინტერესებისთვის გამოყენების მაქსიმალურად შეზღუდვა.

სასამართლო პრაქტიკამ და ფაქტობრივმა რეალობამ განსაკუთრებულად ცხადყო ის, რომ არასრულწლოვნის წარმომადგენელი ყოველთვის შესაძლებელია არ მოქმედებდეს კეთილსინდისიერად, რათა დაიცვას წარმოდგენილი პირის ინტერესები. შედეგად კი არასრულწლოვანს ადგება მნიშვნელოვანი ზიანი. ამდენად, საკანონმდებლო სიახლეები გამოირჩევა კომპლექსური მიდომით, რაც დადებითად შესაფასებელია. აღიშნულის მიზანია, რომ არსებული პრობლემა და საფრთხე აღმოიფხვრას არა ერთი რომელიმე აქტის დონეზე, არამედ სისტემურად. ყოველივე ეს კი  გამოიხატა შემდეგი ცვლილებების სახით:

უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია განვიხილოთ სამოქალაქო კანონმდებლობა. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად განსხვავებულად დარეგულირდა არასრულწლოვნის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის საკითხი. თუ მანამდე უძრავი ნივთის გასხვისებას ახდენდა არასრულწლოვნის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი, ბავშვის ინტერესების შესაბამისად, მიმდინარე ცვლილებებით უკვე ჩამოყალიბდა ნორმის ახალი რედაქცია და  არასრულწლოვნის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა, დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე.

სასამართლოს თანხმობა წარმოადგენს იმ მაკონტროლირებელ ბერკეტს, რომელიც გარკვეულწილად შეაფასებს აღნიშნული გარიგების საჭიროებას, გონივრულობას, დასაშვებობას არასრუწლოვნის ინტერესებისადმი და გამორიცხავს მშობლის/კნონიერი წარმომადგენლის პირად ინტერესსა თუ სარგებელს. შედეგად, არასრულწლოვნის ქონება დაცული იქნება გარეშე პირთა თვითნებობისგან და აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს ხსენებულის პრაქტიკაში რეალიზებას, თუმცა, სასამართლოს ნებართვა გამორიცხავს, თუ არა არასრულწლოვნის საზიანო ქმედებას - ამას მხოლოდ პრაქტიკა ცხადყოფს.

თუმცა, უძრავი ქონების განკარგვის საკითხი განსაკუთრებულად არის დაკავშირებული არასრულწლოვნის სამომავლო განვითარებისა და კეთილდღეობის პერსპექტივასთან. ამდენად, გონივრული იქნებოდა, თუ არსებული სიახლეები კიდევ უფრო გაზრდიდა კონტროლის მექანიზმს. არსებობს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, რომელიც ნეიტრალურ მხარედ გვევლინება პროცესის მიმდინარეობისას და მაქსიმალურად ორიენტირებულია მხოლოდ ბავშვის ინტერესებზე. უძრავი ქონების განკარგვის საკითხი, ყოველივე ზემოთხსენებულის გამო, ვფიქრობ, ის სპეციფიკური შემთხვევაა, როდესაც უნდა შეიზღუდოს ამ ნაწილში მშობლის უფლება და არასრულწლოვანი წარსდგეს არა უბრალოდ რიგითი სპეციალიზირებული წარმომადგენლის, არამედ - მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ, რათა თავიდან იქნას აცილებული ის საფრთხე, რასაც წარმომადგენლის პირადი ინტერესი ჰქვია.

რაც შეეხება მოძრავი ნივთების განკარგვის საკითხს, ამ ნივთების ფარგლები კანონმებელმა დეტალურად, კონკრეტულად განსაზღვრა და დაადგინა, რომ 1000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ნივთის მისი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობით. გარდა ამისა, არასრულწლოვნის სასარგებლოდ განიმარტა ხანდაზმულობის ვადის საკითხი ზიანის ანაზღაურებისას. კერძოდ, თუ მოთხოვნას წარმოადგენს არასრუწლოვნის მიმართ ძალადობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ხანდაზმულობის ვადა ჩერდება მანამ, სანამ არასრულწლოვანი მიმართავს სასამართლოს ან მიაღწევს სრულწლოვან ასაკს. აღნიშნული ცვლილების მიზანი პირდაპირ მიემართება იმ ნეგატიურ ფაქტორებს, რომელიც არასრუწლოვანის შესაძლოა მიემართებოდეს გარშემომყოფებისგან, მათ შორის, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლისაგან და გამოვლენილდეს ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური, ოჯახური ან ძალადობის სხვა ნებისმიერი ფორმით.

კანონმებელი ბავშვის ინტერესებს იცავს აგრეთვე მეორე მშობლის არაკეთილსინდისიერი ქმედებისგანაც. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ ქორწინების ბათილობის ან შეწყვეტის გამო არასრულწლოვანი საცხოვრებლად დარჩება ერთ მშობელთან, იგი ბავშვს საკუთარი გვარი მიაკუთვნოს და ამ მიზნით მიმართოს სასამართლოს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ორივე, ან თუნდაც ერთ-ერთი მშობელი არაჯეროვნად შეასრულებს თავის უფლება-მოვალეობებს, არასრუწლოვანი უფლებამოსილია დამოუკიდებლად მიმართოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, პასუხისმგებლობის დასაკისრებლად კი - სასამართლოს. ამდენად, სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვს უკვე პროცესის აქტიურ სუბიექტად წარმოადგენს, რომელსაც ინდივიდუალურ შემთხვევებში, აქვს უფლება გამოხატოს აზრი და სასამართლოს წინაშეც კი დააფიქსიროს და წარმოადგინოს საკუთარი პოციზია.

არასრულწლოვნის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს პრივილეგირებულ მდგომარეობას ანიჭებს ადმინისტრაციული კანონმდებლობაც. კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოსადმი მიმართვისას დაწესებულებამ ბავშვთან დაკავშირებული განცხადებისა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვას პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს. სამართლებრივი დახმარების გაწევისას ადმინისტრაციულმა ორგანომ ბავშვს ინდივიდუალური ნიშნების გათვალისწინებით, მისთვის გასაგები ფორმით უნდა მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია და, ამავდრულად, არასრუწლოვანს უნდა ჰქოდეს საკუთარი მოსაზრების გამოხატვისა და დაფიქსირების შესაძლებლობა. ის ფაქტი, რომ იგი არასრულწლოვანია, არ ართმევს მას ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთობის შესაძლელბობას. უფლების დაცვის შემთხვევაში კი, თუ ადმინისტრაციული წარმოება ეხება ბავშვის უფლებებს, მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი უნდა იყოს სათანადო სპეციალიზაციის სუბიექტი. რომლის მონაწილეობაც, გონივრული და რელევანტური იქნება ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით პროცესში მონაწილეობისას.

განსაკუთრებით საინტერესო ცვლილებები გვხვდება არასრულწლოვნის წარმომადგენლის სპეციალიზაციის საკითხთან დაკავშირებით. ეს ეხება ძირითადად საპროცესო წარმომადგენლობას. აღნიშნული თავდაპირველად გათვალისწინებული იყო მხოლოდ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, თუმცა, დღესდღეობით, სავალდებულო სპეციალიზაციის საკითხი შეეხო სამოქალაქო კანონმდებლობასაც. სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მიმდინარე სიახლეების თანახმად, სამოქალაქო-სამართლებრივი დავისას,  არასრულწლოვნის საპროცესო წარმომადგენლობისთვის სავალდებულოა სათანადო სპეციალიზაცია. აღნიშნული ცხადია პროგრესული ცვლილებაა, რადგან იგი  პასუხობს, როგორც ქვეყნის შიდა ნორმატიულ პოზიციას - ბავშვთა უფლებათა კოდექსის დონეზე, აგრეთვე შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, რადგან განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვასა და მათ რეალიზებაზე.



კომენტარები