„ბერმელმა“ ყალბი სესხების ბრალდებით, 20,260 ლარის მითვისებაზე დავა ყოფილ თანამშრომლებთან, სააპელაციო სასამართლოშიც წააგო

4 ივნისი, 2020

2020 წლის 4 ივნისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა მისო „ბერმელის“ სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება, სადაც კომპანია ყოფილ თანამშრომლებს ე.წ. ყალბი სესხის შექმნას და მიყენებული ზიანის სახით, 20260 ლარის ანაზღაურებას მოითხოვდა. საქმეს მნიშვნელობა გააჩნია სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკისთვის.

საქმის მასალებით, შპს „მისო ბერმელი“ ამტკიცებდა, რომ ყოფილი თანამშრომლებთან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის დასრულების შემდეგ, შესაწავლილი იქნა ორი თანამშრომლის მიერ გაცემული სესხის ისტორია, მათი იუზერითა და პაროლით გაცემული 24 სესხი, რომელთა მსესხებლებიც რეალურად არ არსებობდნენ. პროგრამაში მითითებული მსესხებელთა პირადი ნომრები, სახელი, გვარები და ტელეფონის ნომრები არ იყო რეალური და იყო გამოგონილი, თანხები კი ყოფილი თანამშრომლების მხრიდან იქნა მითვისებული. კომპანიის განმარტებით, სესხებზე ვერ იქნა მოპოვებული შემდეგი დოკუმენტაცია: გასავლის და შემოსავლის ორდერები, ხელშეკრულებები და დაგირავებული ნივთები. შესაბამისად, კომპანიამ მოითხოვა ყოფილი თანამშრომლების მიმართ 20260 ლარის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქმის განხილვის ეტაპზე დადასტურდა, რომ ყოფილ თანამშრომლებს პროგრამულად მონაცემების შეცვლის ან დამატების არავითარი ტექნიკური შესაძლებლობა არ ჰქონდათ. პროგრამაში ნებისმიერი სახის ცვლილების განხორციელების უფლება გააჩნდა კომპანიის ფინანსურ მენეჯერს, რომლის ჩვენებით დგინდება, რომ თანამშრომლების მიერ პროგრამაში დაშვებული შეცდომების გასწორებისა და წაშლის უფლებამოსილება გააჩნდა მხოლოდ ფინანსურ მენეჯერს. ამასთან, მოწმის სახით დაკითხული კომპანიის მთავარი ბუღალტრის განცხადებით, თანამშრომლებს არ გააჩნდათ საშუალება ერთხელ დარეგისტრირებული სესხი პროგრამულად წაეშალათ. ამასთან, სესხების გაცემაზე თანამშრომლების კონტროლს ახორციელებდა თბილისის ფილიალების მენეჯერი, რომლის უფლებამოსილებაშიც შედიოდა სალომბარდე სესხების კანონიერების ყოველდღიურ რეჟიმში შემოწმება. შესაბამისად, იმ ვითარებაში, როდესაც მხარეთა შორის არსებობდა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა, ნდობა და საქმიანობა ხორციელდებოდა კეთილსინდისიერების ფარგლებში და მოპასუხეების მიმართ, არავითარი პრეტენზია არ ყოფილა გამოთქმული.

საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოც, მხარეთა მტკიცების პირობებში მივიდა დასკვნამდე, რომ პასუხისმგებლობის დაკისრება არ შეიძლება იმ პირობებში, როდესაც არსებობს დაუსაბუთებელი მტკიცებულებები. საქმეში არ მოიპოვებოდა ნეიტრალური მტკიცებულებებიც, ხოლო მოწმეთა ჩვენებები ვერ ჩაითვლებოდა სანდოდ, რადგანაც ისინი იმყოფებოდნენ ნათესაურ ურთიერთობაში და წარმოადგენდნენ ოჯახის წევრებს. ამასთან, სასამართლომ ხაზი გაუსვა მოსარჩელის მტკიცების ტვირთს და აღნიშნა, რომ სწორედ მტკიცების ტვირთის პირობებში, მხარეთა შეჯიბრითობის გათვალისწინებით, შპს „მისო ბერმელმა“ ვერ შეძლო მოპასუხეების მტკიცების გაქარწყლება.

ცნობისთვის: შპს „მისო ბერმელმა“ სასამართლოს 2018 წლის 28 მარტს მიმართა. 2018 წლის 5 ოქტომბერს, საქმეზე მხარის გამოუცხადებლობის გამო, სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუმცა 2018 წლის 7 ნოემბერს დაკმაყოფილდა საჩივარი, გაუქმდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმეზე განახლდა სამართალწარმოება. თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საქმე განიხილეს მოსამართლეებმა: თამარ ალანიამ (თავმჯდომარე), ქეთევან მესხიშვილმა და გოგიტა თოთოსაშვილმა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე; ხათუნა ჯინორიამ. „მისო ბერმელის“ მიმართ, ყოფილი თანამშრომლების ინტერესებს, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენდა. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დისტანციური მართლმსაჯულება განახორციელა.



კომენტარები