ადვოკატების პროტესტს „ახალგაზრდა ადვოკატებიც“ უერთდება

1 ოქტომბერი, 2013

2013 წლის 1 ოქტომბერს, ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" წევრები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სხვა წევრ ადვოკატებთან ერთად, საქართველოს მცოცავ ანექსიას რუსეთის ფედერაციის მხრიდან, სოფელ დვანში, საოკუპაციო ზოლთან გააპროტესტებენ. ორგანიზაცია სრულად იზიარებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას. ვთვლით, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ და დიპლომატიურმა კორპუსმა უფრო მწვავე განცხადებები უნდა გააკეთონ. ხოლო, საქართველოს მოსახლეობამ უნდა გამოხატოს მშვიდობიანი პროტესტი ტერიტორიების ანექსიის და ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევის შესახებ.

დაუშვებელია, 21–ე საუკუნეში, როცა ადამიანის უფლებები გამყარებულია ევროპის კონვენციით და გაეროს რეზოლუციებით, ამგვარი ვანდალური ფაქტი ხდებოდეს საქართველოში. კერძოდ, რუსული საოკუპაციო ჯარები უხეშად არღვევენ სახელმწიფო საზღვრებს და ახორციელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდს. რუსი მესაზღვრეები გეგმაზომიერად ახდენენ ადმინისტრაციული საზღვრების დემარკაციას, აწყობენ საკონტროლო–სასაზღვრო ზოლებს მავთულხლართების და სხვა სპეციალური მოწყობილობების გამოყენებით.



კომენტარები