სასამართლო ხაშურის ბაღების გაერთიანებას კვლავ მორიგებისკენ მოუწოდებს - „ახალგაზრდა ადვოკატები“

30 ივნისი, 2020

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას - საბავშვო ბაღების გაერთიანებას ირმა გომარელის, თინათინ ლობჟანიძისა და მერი ღონღაძის საქმეზე, კვლავ დავის მორიგებით დასრულებისკენ მოიწოდებს. 2020 წლის 30 ივნისის სხდომაზე, მოსამართლეებმა მკაფიო მიმართვები გააჟღერეს და აღნიშნეს, რომ საბავშვო ბაღების გაერთიანებმა უნდა გადადგას ნაბიჯი კონკურსის მიღმა დარჩენილ მოქალაქეებთან დავის მორიგებით დასრულებაზე. მორიგების პირობად - ერთჯერადი კომპენსაციის გადახდა ან ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნები განიხილება. სწორედ მორიგების წინადადების განხილვისა და შეჯერების მიზნით, სასამართლომ სხდომა კიდევ ერთხელ გადადო.

საზოგადოებისთვის „ბაღების საქმის“ სახელით ცნობილ დავაზე გასაჩივრებულია ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება (ყოფილი მოსამართლე: თეიმურაზ ფარეიშვილი), რაც  კრიტიკას ვერ უძლებს, თავშივე იურიდიულად დაუსაბუთებელია და არ ასახავს მოწმეთა ჩვენებებისა და მტკიცებულებათა ერთობლიობის სწორ სამართლებრივ დასკვნებს. სარჩელით მოთხოვნილია ჩატარებული კონკურსის შედეგების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რომლითაც სამ მოქალაქეს პიროვნული შეუთავსებლობის გამო, ხოლო ერთ მათგანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის გამო, უარი ეთქვა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის საბავშვო ბაღში გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობების დაკავებაზე. მათ წარმატებით გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი და გადავიდნენ გასაუბრების ეტაპზე. თითოეული მათგანის სამუშაო გამოცდილება, მონაცემები და პროფესიული უნარ-ჩვევები სრულად აკმაყოფილებდა კონკურსის მონაცემებსა და ამავდროულად, მიუთითებდა მათ უპირატესობას ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებულ კონკურსში გასამარჯვებლად, თუმცა გასაუბრება, რომელიც დებულების თანახმად უნდა დაფუძნებოდა სამართლიანობის, არადისკრიმინაციულობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს, ამავდროულად მიმართული უნდა ყოფილიყო კანდიდატების პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების იდენტიფიცირებისთვის, წარიმართა არაობიექტურად.

მეტიც, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოქმედება გამაოგნებელია, ვინაიდან გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, ხაშურის ბაღების გაერთიანებამ კონკურსის კანონის დარღვევით ჩატარება აღიარა და სარჩელი ნაწილობრივ ცნო. შესაბამისად, ხაშურის რაიონული სასამართლოს 5 აპრილის გადაწყვეტილება საფუძვლიანს ხდის მსჯელობას იმის შესახებ, რომ მოსამართლე აღმოჩნდა მიკერძოებული და ვერ შეძლო სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპების დაცვა და ადამიანის უფლებების დაცვის პატივისცემა. მოსამართლემ ვერ შეძლო ანგარიშვალდებულების დაძლევა ხაშურის თვითმმართველობის მიმართ. დადგენილია, რომ ყოფილი მოსამართლე თეიმურაზ ფარეიშვილი 2012-2015 წლებში მუშაობდა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსად (თუმცა მოთხოვნის მიუხედავად, საქმე არ აიცილა), ხოლო ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების - საბავშვო ბაღების გაერთიანების დამფუძნებელი სწორედ მუნიციპალიტეტის მერიაა. 

კონკურსის ფარგლებში დაირღვა მოსარჩელეთა შრომითი უფლებები და ამავდროულად, წინასახელშეკრულებო შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპი. ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატები შეირჩნენ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შეუსაბამოდ, გამჭოლი ნეპოტიზმისა და პირადი ნაცნობობის საფუძველზე, რაც წარმოადგენს საკონკურსო კომისიის დებულების, საქართველოს შრომით-სამართლებრივი კანონმდებლობის, კონსტიტუციური პრინციპების პირდაპირ დარღვევასა და განაპირობებს კანონთან შეუსაბამო აქტების ბათილობის აუცილებლობას.

ცნობისთვის: ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების - საბავშვო ბაღების გაერთიანების წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელი 2018 წლის 11 იანვარს წარედგინა. ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა 2018 წლის 14 მაისს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განჩინებით, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განჩინება საქმის განუხილევლად დატოვების თაობაზე და საქმე არსებითი განხილვისთვის დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. საქმეზე რამდენჯერმე შეიცვალა სასამართლო შემადგენლობა და ამჟამად მას ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე), ლაშა ქოჩიაშვილი და გენადი მაკარიძე განიხილავს. საქმეზე მომდევნო სხდომა 17 ივლისს გაიმართება.



კომენტარები