ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირის მოქალაქე ბავშვის საქმეს ეხმაურება

4 ივლისი, 2020

ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობა „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ’’ 1980 წლის ჰააგის კონვენციის ფარგლებში, საქართველოს სასამართლოში მიმდინარე ევროკავშირისა და ჩეხეთის არასრულწლოვანის მოქალაქის საქმეს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მხარდაჭერა საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგშია და ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობა მადლობას უხდის ორგანიზაციას საქმეზე ინფორმირებისთვის. წერილი „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2020 წლის 24 ივნისს მიიღო, რომელსაც ხელს ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობა პოლიტიკური პრესისა და ინფორმაციული სექციის უფროსი ასუნციონ სანჩეზ რუიზი აწერს.

„მადლობას გიხდით თქვენი წერილისა და ჩეხი არასრულწლოვნის, ვ.ა.-ის საქმის ჩვენს ყურადღებამდე მოტანისთვის. ნება მიბოძეთ, დაგარწმუნოთ, რომ სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მხარდაჭერა საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგშია, თუმცა, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ევროკავშირის არა აქვს საკონსულო საკითხებზე მანდატი, რომელიც არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ექსკლუზიურ კომპეტენციას მიკუთვნებული. შესაბამისად, მე გავამხნევებდი არასრულწლოვან ვ.ა.-ის მამას, ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, რომ განაგრძოს ურთიერთობა ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოსთან საქართველოში, რომელიც, როგორც თქვენ გვითხარით, საქმის კურსშია“ - ნათქვამია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის მიმართ მიღებულ წერილში.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა 2020 წლის 3 ივნისს საქმის კურსში წერილობით ჩააყენა ორი სახელმწიფო დაწესებულების - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების მხრიდან 2020 წლის 29 მაისს, 1 და 2 ივნისს შეთანხმებულ უკანონო ოპერაციაზე, რამაც გამოიწვია ბავშვის ერთი კანონიერი მშობლიდან მეორე კანონერ მშობელზე, ბავშვის ნების საწინააღმდეგოდ, გადაცემა და წართმევა. კერძოდ, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული ცენტრის უფროსი სოციალის/ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ნინო იობაშვილის 2020 წლის 30 მაისის დასკვნის საფუძველზე, პოლიციამ არასრულწლოვანის მამის მიმართ, ბავშვის ინტერესების უგულვებელყოფის საფუძვლით, გამოწერა შემაკავებელი ორდერი, თუმცა არც სოციალური სამსახურის და არც პოლიციის მართლწესრიგის ოფიცრის ქმედებას, კანონიერი საფუძველი არ გააჩნდა. შესაბამისად, ორდერი გასაჩივრდა სასამართლო წესით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ევროკავშირისა და ჩეხეთის მოქალაქის სარჩელი ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის IV განყოფილების მიმართ, გაუქმდა ბავშვის ინტერესების უგულვებელყოფის საფუძვლით მართლწესრიგის ოფიცრის მხრიდან მიღებული 2020 წლის 1 ივნისის ორდერი, დაუსაბუთებლად და უკანონოდ იქნა მიჩნეული ორდერის გამოცემის საფუძველი - ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული ცენტრის 2020 წლის 30 მაისის დასკვნა და დადგინდა, რომ ბავშვის კანონიერ წარმომადგენელს - მამას სახელმწიფო უწყებებმა ერთობლივი ოპერაციის შედეგად, 30 დღით, დაუსაბუთებლად შეუზღუდეს შვილთან ურთიერთობა. მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, უცნობი რჩება, თუ სად იმყოფება არასრულწლოვანი 2020 წლის 5 ივლისის მდგომარეობით, ვინაიდან დედის - ოლივია ანტონის მხრიდან არ მომხდარა ბავშვის მეუღლისთვის ჩვენება და სასამართლოს დროებითი განკარგულების - შვილთან ურთიერთობის წესის დაცვა და შესრულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში საქმე განიხილა და გადაწყვეტოლება მოსამართლე: სოფიო გაგნიძემ მიიღო. საქმეზე გამოიკითხა მოწმეები, მიკერძოების საშიშროების გამო, აცილებულ იქნა ჩეხური ენის სპეციალისტი, პოლიციის სამმართველოდან გამოთხოვილ იქნა ბავშვის გამოკითხვის ოქმი. სასამართლომ საქმეს 4 სასამართლო სხდომა დაუთმო. ევროკავშირის მოქალაქის - მამის ინტერესებს „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი და სისხლის სამართლის ადვოკატი: ნიკა სადრაძე წარმოადგენდნენ.

ცნობისთვის: თავის მხრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლო „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ’’ 1980 წლის ჰააგის კონვენციის ფარგლებში, ევროკავშირისა და ჩეხეთის მოქალაქის, არასრულწლოვანის კვიპროსის რესპუბლიკაში შესაძლო დაბრუნების ან საქართველოში საცხოვრებლად დატოვების საქმეს განიხილავს. „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმეში 2019 წლის ნოემბერში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ჩაერთო.



კომენტარები