ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საერთო სასამართლოების მიერ კომპანია „ლიდერფუდის“ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგებსა და სამართლებრივ დასკვნას აქვეყნებს, იურიდიულად აფასებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, ამავე სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის განჩინებას დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის განჩინებას დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე და საქმის მასალების, მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების ერთობლივი შემოწმების შედეგად, პასუხობს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ორ სამართლებრივ გარემოებას: ნამდვილად ჩაიბარა თუ არა კომპანიის დირექტორმა სარჩელი, რა დოკუმენტები ადასტურებს ან გამორიცხავს ჩაბარების ფაქტს, აქვს თუ არა სასამართლოს აუცილებელი იურიდიული დასაბუთება დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისთვის, რა დროსაც უნდა შემოწმდეს სარჩელით მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს თუ არა სასარჩელო მოთხოვნას.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ა. კომპანიის დირექტორის მხრიდან სარჩელის ჩაბარების ფაქტი, მართლაც საკამათოა და არ არსებობს შეუდავებელი მტკციებულება, რომელიც ცალსახად დაადგენდა სწორედ სარჩელის ჩაბარების ფაქტს, ვინაიდან ნამდვილად ფიქსირდება მოდავე მხარის მიერ გაგზვანილი წერილის ჩაბარების ფაქტი, მაგრამ არა - უშუალოდ სარჩელის და მასზედ თანდართული მასალების ჩაბარება, ბ. სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია საქმის არსებითი განხილვის გარეშე, არ შემოწმებულა სარჩელით მითითებული ფაქტების სანდოობა, არ შემოწმებულა, ამართლებდა თუ არა სასარჩელო მოთხოვნა იურიდიულ საფუძვლებს. შესაბამისად, ორგანიზაცია საქმის არსებითი განხილვისა და საქმეზე რეალური შეჯიბრითობის განხორციელების მომხრეა, რაც ეყრდნობა ერთის მხრივ, მსგავსი ტიპის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების პრაქტიკას, მეორეს მხრივ - სასამართლოს მხრიდან ბიზნეს-დავების განხილვის მიმართ ნდობის მაღალ ხარისხს, რაც ხელს არ შეუშლის სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას და მტკიცების ტვირთის რეალური განხორციელებით, პროცესის მონაწილე ყველა მხარეს, თანაბარი შესაძლებლობა მიეცემა საკუთარი მოთხოვნების დასასაბუთებლად.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, შესწავლილი მასალის საფუძველზე, აღნიშნავს, რომ გაეცნო 2019 წლის 22 მაისის კურიერის მიერ განხორციელებულ ვიზიტს საწარმო დაწესებულებაში, თუმცა ობიექტურად, გონივრული განსჯის საფუძველზე, ცალსახად რთულია იმის თქმა, რომ კადრში სასამართლოს ბრენდირებული კონვერტი ჩანდეს. ფაქტია, კურიერმა არაერთი წერილი გადასცა მოსარჩელისგან მოპასუხეს (ორგანიზაცია სრულად იზიარებს იმ გარემოებას, რომ იურიდიული მისამართი სწორადაა განსაზღვრული და წერილის მიმღები მენეჯერი უფლებამოსილი იყო ჩაებარებია გზავნილი) და არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულება, ჩაბარებული გზავნილი ნამდვილად შეეხებოდა თუ არა სარჩელს და თანდართულ მასალებს. აღნიშნული საკამათოა თავად ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ წარმოდგენილი დასკვნების ფარგლებშიც. სასამართლო ჩაბარების ფაქტს უკავშირებს გზავნილის იურიდიულ მისამართზე მიტანისა და ჩაბარების ფაქტს, თუმცა ორგანიზაციის აზრით, ვერც სიღრმისეული კვლევა გასცემს შეკითხვაზე პასუხს, ნამდვილად ჩაიაბრა თუ არა 2019 წლის 22 მაისს მოპასუხემ მოსარჩელის სარჩელი და თანდართული მასალები. ასეთი შემთხვევის დაშვების პირობებშიც კი, რაზეც მსჯელობა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უნდა გააგრძელოს, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება და სასამართლოს უნდა მოეხდინა საქმისწარმოების გაგრძელება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, იმისთვის, რომ სასამართლომ მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საჭიროა სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნებს. სარჩელით მოთხოვნილ იქნა მხარეთა შორის 2018 წლის 21 მარტის წილის ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტა, ხელშეკრულებიდან გასვლა და საწარმოს 50%-იანი წილის (დაბრუნება) საკუთრებაში გადაცემა და აღინიშნა, რომ კომპანიის ამჟამინედელი მესაკუთრე კომპანიის ყოფილ მესაკუთრეს (მოპასუხე - მოსარჩელეს) დასახელებული ხელშეკრულების დადებამდე აშანტაჟებდა, აიძულებდა ასეთი გარიგების დადებას, გარიგება დაიდო, დათმობილ იქნა კომპანიის 50%-იანი წილი, არ შესრულდა გარკვეული დაპირება წილის სანაცვლოდ თანხის გადახდაზე, მაგრამ სასამართლომ არ შეაფასა სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა თუ არა სასარჩელო მოთხოვნებს. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება დაუკავშირდა ხელშეკრულებიდან მხარის გასვლის ნებას, მაგრამ ორგანიზაცია ყურადღებას მიაქცევს ორ გარემოებას - ა. წარმოდგენილი არ არის პირდაპირი ან ირიბი სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა 2018 წლის 21 მარტის წილის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე არსებულ იძულების ფაქტს, მხარეს არ გააჩნდა დაძლეული მტკიცების ტვირთი გარიგების შემდგომ 100%-იანი წილის რეესტრში რეგისტრაციის უტყუარობასა და სისრულის პრეზუმფციაზე და ბ. გაუგებარი რჩებოდა, სარჩელის აღძვრის მომენტისთვის, რა სახელშეკრულებლო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ მხარეები, რამდენად აღსრულებადი გახდა სასარჩელო მოთხოვნები, თუ მხარეებს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, 2018 წლის 21 მარტის შემდგომ იქნა შეწყვეტილი. შესაბამისად, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ასეთ ვითარებაში, სასამართლოს სათანადოდ არ შეუფასებია მტკიცებულებები იმ სტანდარტით, რომელსაც სწორედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დანაწესი იმპერატიულად მოითხოვს, არ მომხდარა ამ მტკიცებულებების სრული და ობიექტური განხილვა, არ მომხდარა ერთმნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამიტომაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, სახეზე არ იყო. სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნებს და სასამართლოს, კანონის თაანხმად, უნდა გაეგრძელებია საქმის არსებითი განხილვა.
ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის შემთხვევაში, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ წარმოებული საქმე არსებითად უნდა განიხილოს, რათა შემოწმდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისთვის სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა თუ არა სასარჩელო მოთხოვნებს და არის თუ არა ქვემდგომი ინსტანციის მიერ მიღებული განჩინებები/გადაწყვეტილება, ამ თვალსაზრისით, იურიდიულად დასაბუთებული. მნიშვნელოვანია, მხარეებს რეალური შედავებისა და შეჯიბრებითობის პირობებში გააჩნდეს მტკციების ტვირთის დაძლევის შესაძლებლობა, რადგანაც დავა ეხება, ერთის მხრივ, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისთვის მოქმედ და ფუნქციურ ბიზნეს-კომპანიას და მეორეს მხრივ, საწარმოს წილების ფლობაზე შედავებით საკუთრების უფლების რეალიზებას.
მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია შეფასდეს სასამართლოს მოტივაცია და მხარეთა იურიდიული ინტერესი დავის კანონიერად გადაწყვეტის პროცესში. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც მოსარჩელე მოპასუხესთან სარჩელის აღძვრის მომენტისთვის აფიქსირებს, რომ არ გამორიცხავს დავის მორიგებით დასრულების შესაძლებლობას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას - დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვებით, არსებითად შეილახება თუ არა პროცესის მონაწილე ერთი მხარის თანასწორუფლებიანობა, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, მას პირდაპირ უსპობს თუ არა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას, თუ არც ერთ მხარეს, ამ დრომდე, არ მისცემია საკუთარი მტკიცების ტვირთვის განხორციელების შესაძლებლობა.
მაგალითად, საქმეზე: „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისგან ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით. კიდევ ერთ საქმეზე: „ბართაია საქართველოს წინააღმდეგ“ ევროსასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო პროცესზე პირის გამოცხადების საკითხი, სამართალწარმოების ფორმა - ზეპირი თუ ზეპირი მოსმენის გარეშე - და იურიდიული წარმომადგენლობა ურთიერთ დაკავშირებულია და უნდა გაანალიზდეს ევროკონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული ,,სამართლიანი სასამართლოს’’ უფლების ფართო კონტექსტში.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, კომპანია „ლიდერფუდის“ მოქმედი და ყოფილი მესაკუთრეების საქმეზე საჯარო ინტერესი ემსახურება მრავალ მილიონიან დავაზე სასამართლოების მიერ მიღებულ დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერების საზოგადოებრივ შემოწმებას და კონტროლს. ორგანიზაციამ, ამ მიზნით, საქმის მასალებზე ხელმისწავდომობა პროცესის მონაწილე მხარეებს სთხოვა და მათ ორგანიზაციას სრულად წარუდგინეს საქმის მასალები. როგორც წესი, შერჩევითი მართლმსაჯულების ერთ-ერთ ფორმას სწორედ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის გამოყენება წარმოადგენს, განსახილველ შემთხვევაში კი, „ლიდერფუდთან“ მიმართებით, სწორედ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას აქვს ადგილი, რაც საქმეს ხდის საჯარო ინტერესის შემთხვევად. ორგანიზაციას არ განუხილავს დავის შინაარსი და არ წარმოადგენია მათზე რაიმე სახის შეფასება, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს სასამართლოს შეფასების საგანს და მხარეთა შეჯიბრებითობიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთს. ვინ არის მართალი, საქმეში რეალური შეჯიბრებითობის შედეგად უნდა დადგეს.
ცნობისთვის: ორგანიზაციამ „ლიფერფუდის“ საქმის შესწავლის სურვილი, საჯარო განცხადების საფუძველზე, 2020 წლის 3 ივნისს გააკეთა. ორგანიზაციის სამართლის ჯგუფმა, საქმის ფარგლებში მომზადებულ კვლევას: „ბიზნესი და სასამართლო“ - უწოდეს. მონიტორინგის შედეგები საზოგადოებას ორგანიზაციის ხელმძღვანელმა: არჩილ კაიკაციშვილმა, სამუსაო ჯგუფის წევრებმა, იურისტებმა: ნიკა მენოგნიშვილმა და ბერდია ჯაჯანიძემ წარუდგინეს. დოკუმენტი გამოქვეყნებულია ორგანიზაციის ოფიცილურ გვერდზე და მიეწოდება სასამართლო ხელისუფლებას, საქართველოს სახალხო დამცველს, ბიზნეს-ომბუდსმენს, ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობას, აშშ-ის საელჩოს საქართველოში, პროფილით საჯარო და კერძო ინსტიტუციებს.