თბილისის საააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა „VTB ბანკ ჯორჯიას“ ცენტრალური ფილიალის საოპერაციო განყოფილების ანგარიშების ყოფილი მენეჯერ თამარ მ.-ს უკანონო გათავისუფლების საქმეზე, მორიგებისკენ მოუწოდებს. სწორედ დავის მორიგებით დასრულების მიზნით, სასამართლომ 2020 წლის 7 ივლისის სხდომა გადადო. ამასთან, მოისმინა მხარეთა პოზიციები მორიგების შესაძლებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ ბანკს დისკრიმინაციის საფუძვლებიდან გამომდინარე, დავის მორიგებით დასრულებაზე უნდა ეფიქრა. მორიგების შესაძლებლობაზე თანხმობა პროცესის მონაწილე მომჩივანმა მხარემ გამოთქვა და აღნიშნა, რომ დარღვეული უფლების აღდგენა ერთჯერადი კომპენსაციის სახით, სასარჩელო მოთხოვნებზე უარის თქმის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო. ამ მიზნით, სასამართლომ სხდომა 6 ოქტომბრისთვის გადადო.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძვლეზე, სრულიად დასაბუთებულად აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა დაედგინა, რამდენად კანონიერად ეთქვა უარი მოსარჩელეს შრომით ურთიერთობის გაგრძელებაზე და შემდეგ რამდენად კანონიერად მოხდა სადავო გათავისუფლების ბრძანების მიღება. ამ თვალსაზრისით, შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე უარსა და გათავისუფლების ბრძანების გამოცემას შორის, პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა მოეხდინა უფლების მართლზონმიერების გამოყენების საკითხის სამართლებრივი შეფასება და მიზეზ–შედეგობრივი კავშირების დადგენა. აღნიშნული პირობის საწინააღმდეგოდ, სასამართლომ ბანკის იურიდიული ნების და გამოცემული ბრძანების კანონთან მხოლოდ ფორმალური შესაბამისობა შეამოწმა და არა - ბანკის ყველა მოქმედების შინაარსობრივი მხარე. ამასთან, სასამართლომ გვერდი აუარა გათავისუფლებულის მიმართ ბულინგის ფაქტებს, რაც არაერთი დოკუმენტით გახდა ცნობილი. ყველა დოკუმენტით, მათ შორის მოწმეთა ჩენებებითაც დადგინდა, რომ გათავისუფლებული მუშაკი სამსახურში ბულინგის მსხვერპლია.
საქმის მასალების მიხედვით, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ბოლო ხელშეკრულება დაიდო 2014 წლის 1 მარტს და მისი მოქმედების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 28 თებერვალი. მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება ითვლებოდა უვადოდ დადებულ კონტრაქტად, ბანკმა მხარეს 2015 წლის 25 თებერვალს სამუშაო ელექტრონულ ფოსტაზე აცნობა, რომ ბანკი შრომით ურთიერთობას მასთან 2015 წლის 1 მარტიდან აღარ გააგრძელებდა. ფორმლურ მიზეზად ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლა დასახელდა. იმ ფონზე, როცა ყველა დასაქმებულთან ხელშეკრულება გაგრძელდა, მოსარჩელე არ დაეთანხმა ბანკის იურიდიულ არგუმენტაციას და მოითხოვა წერილობითი ახსნა–განმარტება, შესაბამისს უფლებამოსილ პირებთან შეხვედრა და საკითხში გარკვევა. ბანკმა 2015 წლის 1 მარტიდან მოსარჩელე სამუშაო სივრცეში აღარ დაუშვა. მან მოითხოვა გათავისუფლების ბრძანება და აღნიშნა, რომ დარღვეულ უფლებებს სასამართლო წესით დაიცავდა, თუმცა ბანკმა თანამშრომლის პირადი საქმიდან ეს ბრძანება, ყოველგვარი განმარტების გარეშე, არ გასცა. გათავისუფლების შესახებ ბრძანება მხარემ მხოლოდ ადვოკატის დახმარებით, 2017 წლის 27 თებერვალს მიიღო. ბრძანება გათავისუფლების შესახებ დათარიღებულია 2015 წლის 23 თებერვლის მდგომარეობით, როცა ბანკმა მხარეს 24 თებერვალს შეატყობინა მოსალოდნელი გათავისუფლება 2015 წლის 1 მარტიდან, თუმცა არ შეატყობინა, რომ ბანკს მისი გათავისუფლების თაობაზე ბრძანება უკვე მიღებული ჰქონდა. ბანკს აღნიშნული ვალდებულება გააჩნდა შინაგანაწესის თანახმად. ბანკმა პირი ჯერ გაათავისუფლა, ხოლო შემდგომ შეატყობინა შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე.
სასამართლომ საქმეზე დაკითხა ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ჭიბოშვილი, საოპერაციო სამმართველოს უფროსი ირინა ხელაია, საოპერაციო სამმართველოს პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მენეჯერი ვერიკო ბოჭორიშვილი, საოპერაციო სამმართველოს პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ანრი გოქსაძე და ამავე განყოფილების ყოფილი უფროსი, მამუკა ქავზინაძე. სასამართლოს წინაშე მოწმის სახით გამოკითხული პირების შინაარსი კრიტიკას ვერ უძლებს. დგინდება ბანკიდან ყოფილი თანამშრომლის გათავისუფლების რეალური მიზეზები და ახალი ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, შემაშფოთებელია ტერმინოლოგია და სიძულვილის ენა, რომელიც ბანკის მოქმედი თანამდებობის პირების მხრიდან გათავისუფლებული მუშაკის მიმართ გამოითქვა. ამ თვალსაზრისით, საოპერაციო სამმართველოს უფროსის ირინა ხელაიას ჩვენება მთლიანად დაეფუძნა შრომითი დისკრიმინაციის, მტრული გარემოს ჩამოყალიბებისა და სიძულვილის გამომხატველ ფრაზებს. მოსარჩელემ მოითხოვა ბანკის მაღალი მენეჯმენტის წევრების მოწმის სახით დაკითხვა, რათა სასამართლო მისულიყო დასკვნამდე მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით.
ცნობისთვის: სარჩელით მოთხოვნილია დისკირიმინაციის ფაქტის დადგენა, სადავო ბრძანების გაუქმება, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდური, მორალური ზიანის ანაზღაურება და სარეკომენდაციო წერილი–ცნობის გაცემა. სარჩელი სასამართლოში 2017 წლის 27 მარტს დარეგისტრირდა. საქმეს ერთპიროვნულად მოსამართლე ამირან ძაბუნიძე განიხილავს.