არჩილ კაიკაციშვილი, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, ლისის ტბის გარშემო არსებული მიწის ნაკვეთის 63,5 ჰა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების ყოფილი მფლობელის, რამაზ ახვლედიანის, მამუკა ხაზარაძის ბიზნეს-პარტნიორის ადვოკატი
მამუკა ხაზარაძე, რომელიც ტყუილს უწოდებს ბიზნეს-პარტნიორის რამაზ ახვლედიანის მიერ ნების საწინააღმდეგოდ ლისის ტბის დათმობისა და შემდეგ მისთვის გადაცემის ფაქტს, მასთან ინტერვიუს დროს „ორკესტრირებულ შეტევად“ და „ჩაწყობილ თემად“ მიიჩნევს ლისის ტბის წართმევის ირგვლივ მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჩემს შეკითხვებს. ხაზარაძეს ჩემს განცხადებასთან დაკავშირებით გაუჩნდა განცდა, რომ სერიოზულად არ უნდა აღქმულიყო. შემდეგ ამბობს, რომ ლისის ტბა აუქციონში გამარჯვების შედეგად მიიღო, რომ ჰქონდა ბიზნეს-გეგმა და ლისის ტბა ყველაზე დიდ აუქციონზე შეიძინა, გადაიხადა 180 მილიონი. ხაზარაძე ამბობს, რომ რამაზ ახვლედიანმა სასამართლო მოიგო, მას ადვოკატად აყვანილი ყავდა თადუმაძის მეუღლე და მისთვის გაუგებარია, თუ ის ახლა რა შუაშია. ხაზარაძე ითხოვს, მას იურიდიული ფაქტები ესაუბროს წამყვანი. ხაზარაძეს აინტერესებს, თუ რა ზღაპრებს ვყვებით ჩვენ და იმ პირობებში, როდესაც რამაზ ახვლედიანმა „ოცნების“ დროს მოიგო სასამართლო, მაშინ სტუდიაში რა ლისის ტბის წართმევის საქმის გარჩევა მიმდინარეობდა? კითხვაზე: „რომელ საქმეზეა საუბარი, იქნებ ამიხსნათ“, მზად ვარ ბატონ ხაზარაძესაც და საზოგადოებასაც, ავუხსნა.
ლისის ტბა - როგორ გადავიდა საკუთრება ხაზარაძის ხელში
2004 წლის დეკემბერში, რამაზ ახვლედიანსა და ლისის ტბის პოტენციურ ბიზნეს-პარტნიორებს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესი დასრულდა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ლისის ტბის საერთო მართვასთან დაკავშირებით. 2004 წლის 6 დეკემბერს, ფიზიკური პირის სტატუსით, რამაზ ახლედიანსა და შპს „თბილისის უძრავი ქონებას“ შორის გაფორმდა განზრახულობათა ოქმი. განზრახულობათა ოქმის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დააფუძნებდნენ სააქციო საზოგადოება „ლისის ტბას“.
საწესდებო კაპიტალის შესავსებად, შპს „თბილისის უძრავ ქონებას“ უნდა შეეტანა 4 მილიონი, ხოლო რამაზ ახვლედიანს საწესდებო კაპიტალის შევსება უნდა მოეხდინა ქონებრივი შენატანის სახით. კერძოდ, რამაზ ახვლედიანი იღებდა ვალდებულებას შეეტანა ლისის ტბის გარშემო არსებული მიწის ნაკვეთის 63,5 ჰა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები.
2005 წლის იანვარში, დაფუძნდა სააქციო საზოგადოება „ლისის ტბა“. 2006 წლის 28 თებერვალს, საქართველოს მთავრობამ მიიღო #48 დადგენილება „ლისის ტბის განვითარების პროექტის განსახორციელებლად მიწის განკარგვის თანხმობის მიცემის შესახებ“. ასევე, საქართველოს მთავრობამ 2006 წლის 1 აპრილს მიიღო #152 განკარგულება „ლისის ტბის განვითარების პროექტის განხორციელებისათვის სახელმწიფო ტყის ფონდიდან მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ“.
2006 წლის 14 ივლისის #382 პრეზიდენტის განკარგულებით, მიღებულ იქნა ქ. თბილისის მერიის წინადადება და ქ. თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ არსებული 63,5 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი განკარგვის წესით საკუთარებაში გადასცემოდა რამაზ ახვლედიანს, ხოლო ამავე განკარგულების მე-2 მუხლის თანახმად, მიღებულ იქნა მცხეთის რაიონის გამგეობის წინადადება და მცხეთის რაიონში ლისის ტბის მიმდებარედ არსებული 267 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი განკარგვის წესით, საკუთრებაში გადაეცა ს.ს. „ლისის ტბას“.
2006 წლის 1 ნოემბრის წერილით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია რამაზ ახვლედიანს წერილობითი ფორმით ატყობინებს, რომ წარმოებაში არსებობდა სისხლის სამართლის საქმე და გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე, შემხვედრი საჭიროებისა გამო, დაუყოვნებლივ უნდა შეექმნა უწყებრივი საინვენტარიზაციო კომისია და აღწერილიყო ის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა (პასიური და აქტიური ნაწილი). მიმართვიდან მე-4 დღეს, რამაზ ახვლედიანი პირადი განცხადების საფუძველზე თმობს შეძენილ ქონებას. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2016 წლის მაისის წერილის თანახმად, აღნიშნულ საქმეზე რამაზ ახვლედიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ განხორციელებულა, ხოლო საქმეზე, პროკურორის 2007 წლის 18 დეკემბრის დადგენილებით, შეწყდა გამოძიება, რაც მიუთითებს, რომ სახელმწიფომ ამ ფორმით იძალადა ბიზნესზე.
2007 2ლის 31 იანვარს, ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებით, უძრავ ქონებაზე გამოცხადდა აუქციონი. გასაყიდი ფასი განისაზღვრა 42 542 171,8 ლარი. აუქციონი არ შედგა.
2007 წლის 16 აპრილს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებით, უძრავ ქონებაზე გამოცხადდა აუქციონი. გასაყიდი ფასი განისაზღვრა 26 500 00 აშშ დოლარი. ბეს ოდენობა - 2 650 00 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, ბიჯის ოდენობა - 20 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. აუქციონი შედგა 2007 წლის 17 მაისს. მასში მონაწილეობდა 4 იურიდიული პირი. გასაყიდი ფასი დაფიქსირდა 182 მილიონი აშშ დოლარი და გამარჯვებულად გამოცხადდა ხაზარაძის შპს „ლისი-2007“
2007 წლის 22 მაისის ეკონომიკის მინისტრის #1-1/770 ბრძანებით, დამტკიცდა მუდმივმოქმედი აუქციონის კომისიის ოქმი #15, რომლის მიხედვით, მყიდველი ვალდებულია ობიექტის გამოსასყიდი ღირებულება გადაიხადოს 1 წლის განმავლობაში. ამავე ოქმის თანახმად, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, მყიდველს უნდა განეხორციელებია 25 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ადგილზე.
2007 წლის 4 ივნისის თარიღით წარმოდგენილია მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც შეეხება „ლისი-2007“ აუქციონზე მოგებული ქონების გადაცემაზე, თუმცა აქტი არ არის ხელმოწერილი არც ერთი მხარის მიერ.
2007 წლის 10 ოქტომბრის ეკონომიკის მინისტრის #1-1/1546 ბრძანებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა მინისტრის 2007 წლის 22 მაისის #1-1/770 ბრძანება, რომელიც ამტკიცებდა მიღება-ჩაბარების #15 აქტს და შპს „ლისი-2007“-ს არ დაბრუნებია „ბეს“-ს სახით გადახდილი თანხა 2 650 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში. ბრძანების გაუქმება მოხდა იმის გამო, რომ მამუკა ხაზარაძის კომპანიას აუქციონზე მოგებული ქონების თანხა არ გადაუხდია.
შემდეგ, 2008 წლის 5 მარტს, „ფროფერთი დეველოპმენტ ჰოლდინგის“ დირექტორი, ირაკლი კილაურიძე წერილით მიმართავს ეკონომიკის მინისტრ ეკატერინე შარაშენიძეს და აღნიშნავს, რომ მის კომპანიას ლისის ტბის ტერიტორიაზე სურს 4 წლის განმავლობაში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია.
2008 წლის 10 მარტის #12/559/9-8 წერილით, „ფროფერთი დეველოპმენტ ჰოლდინგს“ სამინისტროდან აცნობეს, რომ მთავრობას განსახილველად გადაეცემოდა პრეზიდენტის განკარგულების პროექტი 110 ჰა მიწის ნაკვეთის 45 მილიონ აშშ დოლარად მიყიდვის თაობაზე. კომპანიას, არსებული პირობით, 45 მლნ აშშ დოლარი უნდა გადაეხადა 30 კალენდარული დღის განმავლობაში, 20 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განეხორციელებია 4 წლის განმავლობაში.
2008 წლის 12 მარტს, საქართველოს მთავრობამ მოიწონა და იმავე დღეს გამოიცა პრეზიდენტის #181 განკარგულება, რითაც „ფროფერთი დეველოპმენტ ჰოლდინგს“ პირდაპირი მიყიდვის გზით (!!!) გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია. 10 მარტს, კომპანიის მიმართ, აღნიშნული გარიგებისთვის, ს.ს. „თიბისი ბანკის“ მიერ საბანკო გარანტიის სახით, აგრეთვე გაიცა 5 მლნ აშშ დოლარი. 2008 წლის 18 მარტს გამოიცა ეკონომიკის მინისტრის ბრძანება ქონების გადაცემის შესახებ და 19 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება.
2010 წლის 21 მაისის საქართველოს პრეზიდენტის #415 განკარგულებით, ლისის ტბის მიმდებარე უძრავი ქონებები, პირდაპირი მიყიდვის გზით, 2 000 000 მლნ აშშ დოლარად გადაეცა მამუკა ხაზარაძის შპს „ლისი ლეიქ დეველოპმენტს“, რომელიც ამჟამადაც ფლობს.
აი, ეს არის სრული სურათი, თუ ვინ ფლობდა და ახლა ვინ ფლობს, რა ფორმით და გარიგებებით გადავიდა, მათ შორის რამაზ ახვლედიანის ლისის ტბის გარშემო არსებული მიწის ნაკვეთის 63,5 ჰა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები, მამუკა ხაზარაძის საკუთრებაში და - არა იმ საამაყო აუქციონის და დასახელებული თანხის სანაცვლოდ, რომელზედაც არაერთგზის უსაუბრია ეთერში ყოფილ ბანკირს და ახლანდელ პოლიტიკოსს. დიახ, ჩვენ ყველას გვახსოვს ლისის ტბის აუქციონი, მამუკა ხაზარაძის მოგება, მაგრამ ვინ დაინტერესდა, ვინ გამოიკვლია და ვინ ადასტურებს, რომ მან 180 მლნ გადაიხადა. რატომ გვატყუებს ჩვენ, ქართულ საზოგადოებას, რომლებიც მის წინაშე, არავითარ ვალში არ ვართ. ფაქტები მეტყველებს სხვაზე. მართალია, გადაცემის წამყვანი ინფორმირებული ვერ იქნებოდა საქმის ვრცელ ისტორიაზე, მაგრამ არ ვურჩევდი ბატონ ხაზარაძეს, ლისის ტბის დაუფლების პროცესი მხოლოდ აუქციონის ფაქტით წარმოაჩინოს და შეგვახსენოს. ჩვენ ხომ მოკლე მეხსიერების ადამიანები არ ვართ, სხვისი ქონების მითვისების და ამაზე სინდისის ქენჯნის დეფიციტი კი, ბატონი ხაზარაძისგან, ნამდვილად გასაკვირი ჟესტი იქნებოდა. ამიტომაც, არ ვენდობი მას, როგორც კეთილსინდისიერ ადამიანს და გულწრფელ პოლიტიკოსს.
ხაზარაძე აირია, შევახსენოთ, სად დავიწყე და სად დაასრულა თადუმაძის მეუღლემ
მამუკა ხაზარაძე აშკარად აირია. რამაზ ახვლედიანის ლისის ტბის გარშემო არსებული მიწის ნაკვეთის 63,5 ჰა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები, ქართული სასამართლოს მხრიდან დაბრუნებულად გამოაცხადა, თან ბატონ შალვა თადუმაძის მეუღლის - ქალბატონ მზევინარ ანსიანის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით. როგორც ჩანს, მას ნამდვილად სჭირდება შეხსენება, რადგანაც მომავალში, მზად იყოს სწორი პასუხების გაცემისთვის, რათა საზოგადოება უცაბედად შეცდომაში არ შევიყვანოთ.
რამაზ ახვლედიანის მიერ ქართულ სასამართლოში განიხილებოდა ორი ადმინისტრაციული სარჩელი:
ა. პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლითაც რამაზ ახვლედიანს ჩამოერთვა ლისის ტბის გარშემო არსებული მიწის ნაკვეთის 63,5 ჰა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები
ბ. რამაზ ახლედიანის კომპანია „თბილისის ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი - ლისის ტბას“ საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით სპეციალური წყალსარგებლობის ლიცენზიის 2024 წლამდე იურიდიულად მოქმედების აღიარება;
მამუკა ხაზარაძე, რომელიც საუბრობდა სასამართლოში რამაზ ახვლედიანის მიერ მოგებულ საქმეზე, შეეხება ლიცენზიის დავას და მან ტაქტიკურად, შეგნებულად, არ განმარტა პირველი სარჩელის ბედი - ლისის ტბის გარშემო არსებული მიწის ნაკვეთის 63,5 ჰა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების იძულებით დათმობის საქმე, სადაც მისი პასუხისმგებლობის საკითხი იკვეთება. სწორედ მამუკა ხაზარაძის 2019 წელს პარლამენტში გაკეთებული განცხადებების შედეგად, რა დროსაც აღნიშნული საქმე საქართველოს უზენაესს სასამართლოში, მაია ვაჩაძის თავმჯდომარეობით განიხილებოდა და სასამართლოს მიღებული ჰქონდა საქმის არსებითი განხილვის გადაწყვეტილება, ბატონმა ხაზარაძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მოუწოდა, დაინტერესებულიყვნენ, თუ რატომ ართმევდა სასამართლო ქონებას. ხაზარაძე, პოლიტიკური ტრიბუნა ოსტატურად გამოიყენა და შეიქმნა ალიბი, რომ თითქოს მას ქონებას ართმევდნენ. არ გამაჩნია პირდაპირი მტკიცებულებები, რომელიც დამამტკიცებინებს სასამართლოსთან შემდგომი კომუნიკაციის ფაქტებს, მაგრამ ჩვენ გაგვაჩნია გონივრული ვარაუდი, რომ სასამართლოზე ზემოქმედების შედეგად, ვინაიდან საქმეს ვერ მოუძებნეს საწინააღმდეგო არგუმენტი, მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო, არ დააკმაყოფილეს. ხაზარაძის კომპანიამ ლისის ტბის გარშემო არსებული მიწის ნაკვეთის 63,5 ჰა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები შეინარჩუნა, თუმცა სამართლებრივი ბრძოლა, ამ გზაზე, კვლავ გრძელდება.
ვადასტურებ, რომ პრეზიდენტის ბრძანებულების გაუქმების მოთხოვნით საქმეზე რამაზ ახვლედიანის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, თბილისის საქალაქო და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეტაპზე, ნამდვილად ახორციელებდა შალვა თადუმაძის მეუღლე სხვა კოლეგებთან ერთად. აღნიშნულ საქმეზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით კოლეგებს შევუერთდი მხოლოდ სააპელაციო ეტაპიდან, ხოლო საქმე უზენაესს სასამართლოში გავასაჩივრე პირადი მონაწილეობით. სარჩელი, სამივე ინსტანციაში, არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში, უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოში - მხოლოდ უსაფუძვლობის გამო და ხანდაზმულობა გამოირიცხა, ხოლო უზენაესს სასამართლოში - ხანდაზმულობის გამო, თუმცა საქმე სტრატეგიული მნიშვნელობის დავა გახლდათ, სადაც მხარედ მონაწილეობდა მამუკა ხაზრაძის „ლისი ლეიქ დეველოპმენტი“ და მაქვს სრული განცდა ყველა ერთად დაირაზმა იმისთვის, რომ ამ საქმეზე ჭეშმარიტება არ დამდგარიყო. საზოგადოების საყურადღებოდ მინდა ვთქვა ისიც, რომ მას შემდეგ, რაც შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორი გახდა, რამაზ ახვლედიანმა წარმომადგენლობით უფლებამოსილება შეწყვიტა ქალბატონ მზევინარ ანსიანთან და მის იურიდიულ ფირმასთან, რაც წარმოადგენდა მხარეთა ორმხრივ სურვილს.
რაც შეეხება ლიცენზიის ნამდვილობის აღიარების დავას, საქმეზე საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უშუალოდ განვახორციელე. თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოში - სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, რაც გასაჩივრებული იქნა სახელმწიფო უწყებების მხრიდან და საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით, საკასაციო საჩივრები დარჩა განუხილველი, უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება. ლიცენზიის დავა, ერთ-ერთი არსებითი მნიშვნელობის საქმეა, რომლის მიმართაც, ინტერესი გააჩნდა მამუკა ხაზარაძის კომპანიებს.
ფლობდე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიას და არ ფლობდე ლისის ტბის საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით სპეციალური წყალსარგებლობის ლიცენზიას, ობიექტურად შეუთავსებელია.
რამაზ ახვლედიანი არ დათანხმდა მამუკა ხაზარაძის შემოთავაზებას ლიცენზიის შეძენასთან დაკავშირებით. ამიტომაც, გასაგებია მისი რეაქცია, როდესაც საუბრობდა რამაზ ახვლედიანის მიერ მოგებულ საქმეზე, თუმცა სწორად უნდა განიმარტოს მისი საუბრის კონტექსტიც - ეს არ არის დავა, რომელიც შეეხება ლისის ტბის გარშემო არსებული მიწის ნაკვეთის 63,5 ჰა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების ჩამორთმევის საქმეს. ასევე, ლიცენზიის საქმეზე შალვა თადუმაძის მეუღლის ხსენება ნამდვილად არასწორი ფაქტის კონსტანტაციაა. დღეიდან მინდა ვაცნობოთ მას, რომ ლიცენზიის აღიარების საქმე, ნამდვილად პირადად მოვიგე და ამ გამარჯვებას ყოველთვის შევახსენებთ ბატონ ხაზარაძეს.
როგორც მამუკა ხაზარაძეს, ასევე ბადრი ჯაფარიძეს, ყველაზე კარგად მოეხსენებათ ბიზნესპარტნიორ რამაზ ახვლედიანთან დაკავშირებით არსებული სამართლებრივი ისტორია და ეს მათი მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობცაა. მე მათ ან ხაზარაძის იურისტებს ან პარტიაში პოლიტიკურად აქტიურ სამართლის კარგ სპეციალისტებს, ვთავაზობ ნებისმიერ ღია ფორმატს, თუ სურთ, რომ საზოგადოებას აჩვენონ, რომ მამუკა ხაზარაძე რამაზ ახვლედიანის კეთილსინდისიერი პარტნიორია.
სამწუხაროდ, ეს ასე არ არის, და რაც უფრო მალე ჩამოირეცხავს ამ ერთ სირცხვილს ხაზარაძე, გადადგამს კაცურ და ღირსეულ ნაბიჯებს ახვლედიანთან მიმართებით, მით უფრო აღიდგენს ნდობას ადამიანებში. მდიდარი კაცი პატარა კაცს არ უნდა ჩაგრავდეს, მადლობა სიმართლეს, რომ ის ყოველთვის ერთადერთია.