2020 წლის 1 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიამ რეორგანიზაციის პროცესში გათავისუფლების საქმეზე ნაწილობრივ დააკმაყოფილა შალვა გ.-ს სარჩელი, რითაც გაუქმდა გათავისუფლების ბრძანება და დამსაქმებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება. სასამართლოს განმარტებით, დასაქმებულის რეორგანიზაციის შემდგომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში აღდგენა ვერ მოხდებოდა, ვინაიდან რეორგანიზაციის შემდგომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სამსახურში მიღებისთვის დაადგინა ის კრიტერიუმები, რომელიც რეორგანიზაციამდე არსებულ სსიპ-ში დასაქმებულის მიღების პირობებიდან განსხვავებულ მოთხოვნებს ქმნიდა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შალვა გ.-ს დასაქმებული გახლდათ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. 2019 წლის 20 დეკემბერს მან მიიღო წერილი მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, 2019 წლის 23 დეკემბერს კი მიიღო ბრძანება დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები დაეფუძნა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“ და „ო“ ქვეპუნტის საფუძვლებს.
საქმის მასალების მიხედვით, რეორგანიზაციის პროცესის შესახებ ინფორმაცია და გაფრთხილება მიიღო ყველა დასაქმებულმა, სადაც აღინიშნა, რომ რეორგანიზაციას ექნებოდა ფუნქციური დატვირთვა და არა - სამუშაო ძალის შემცირება. დამსაქმებელმა უწყებამ წამოიწყო ყველა დასაქმებულთან გასაუბრების პროცესი, რომელიც თავისი ფორმით და შინაარსით, მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ პროცესში, დამსაქმებელ უწყებას საშუალება მიეცა, უარი ეთქვა იმ დასაქმებულების მიმართ, რომელთა მიმართაც არსებობდა ნეიტრალური დამოკიდებულება და შევსება მომხდარიყო უწყების უფლებამოსილ პირებთან დაახლოებული სხვა კადრებით. ამ გზით, შალვა გ.-ს უარი უთხრეს უფლებამოსილების გაგრძელებაზე. შედეგად, თუ რეორგანიზაციამდე სამმართველოში ირიცხებოდა 21 თანამშრომელი, რეორგანიზაციის შემდგომ ეტაპზე, დასაქმებულთა რაოდენობამ შეადგინა - 22. ამდენად, არ მომხდარა სამუშაო ძალის შემცირება, თანამდებობების გაუქმება, მოვალეობების შემცირება. მოხდა მხოლოდ სტრუქტურილი ცვლილებები, შალვა გ. კი, არ აღმოჩნდა რეორგანიზაციის შემდგომ თანამშრომელთა შორის.
დადგენილია, რომ შალვა გ.-ს მიმართ არასოდეს გამოყენებულა საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი. მის ფუნქცია-მოვალეობებში შედიოდა ადგილანცვალი პირების საცხოვრებელ ფართებში ვიზიტი, სადაც მუდმივად ცხადდებოდა მონიტორინგის კიდევ ერთ პირთან ერთად. ამ პროცესში, ერთი წარმომადგენელი უზრუნველყოფდა ბენეფიციართან ინტერვიუს და მიღებული ინფორმაციის დოკუმენტურ აღნუსხვას.
აღმოჩნდა, რომ ცვლილებების შედეგად, დევნილითა და ეკომიგრანტთა უზრუნველყოფის ნაწილში არსებული ფუნქციები აღარ მიეკუთვნება სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილებას. შესაბამისად, იმავე დაწესებულებაში ვერ მოხდებოდა შალვა გ.-ს თანამდებობაზე აღდგენა. ამასთან, აღნიშნული საქმიანობას ახორცილებეს და უფლებამონაცვლეა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, სადაც არსებობს და იმავე მიმართულებით ფუნქციონირებს ის თანამდებობა, სადაც დასაქმებული იყო შალვა გ. მხარე მიუთითებდა, რომ სწორედ დასახელებულ უწყებას უნდა აღედგინა შალვა გ. რაც შეეხება სადავო ბრძანების გაუქმებას და იძულებით განაცდურს, მოთხოვნაზე სამართლებრივად პასუხისმგებელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო იყო. სწორედ მისი უკანონო ბრძანებით მოხდა მუშაკის დათხოვნა და ამ ბრალელული ქმედებით მიადგა მას მატერიალური ხასიათის ზიანი, რაც გაიზიარა სასამართლო.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ დასახელებულ საქმეზე გააგრძელებს ადვოკატირების პროცესს, გაეცნობა სასამართლოს სამართლებრივი დასაბუთების ნაწილს და იმსჯელებს სააპელაციო წესით გასაჩივრების მიზანშეწონილობაზე იმ ნაწილში, რა დროსაც არ იქნა გაზიარებული მუშაკის სამსახურში აღდგენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმე მოსამართლე ხათუნა ნადიბაიძემ განიხილა. შალვა გ.-ს ინტერესები: თამარ ციხიშვილმა და ანა ფუტკარაძემ წარმოადგინეს.