პროკურატურა მამუკა ხაზარაძის გავლენების ტყვეობაშია, მას არ შესწევს ძალა, ახვლედიანი დაზარალებულად ცნოს

5 ოქტომბერი, 2020

ჩვენი სამართლებრივი ბრძოლა ლისის ტბის წართმევის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიმართულებით, სამართლიანია, პროკურატურა ვალდებულია გამოიძიოს კრიმინალი და ქონების წართმევის საქმე, არ შეიძლება მამუკა ხაზარაძის ინტერესები კანონის უზენაესობას ეწირებოდეს. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა და ქონებაჩამორთმეულმა ბიზნესმენმა რამაზ ახვლედიანმა განაცხადეს, რომლებმაც საქართველოს გენერალურ პროკურორს წერილობით კიდევ ერთხელ მიმართეს და საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, რამაზ ახვლედიანის წარმომადგენლის განცხადებით, მდგომარეობა ყველასთვის უცხადესია - საქართველოს გენერალურ პროკურატურას საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის არავითარი პრობლემა არ გააჩნია, საკმარისია მტკიცებულებები და ფაქტები, რათა რამაზ ახვლედიანი დაზარალებულად იქნას ცნობილი, მაგრამ არ არსებობს პოლიტიკური ნება მიღებული იქნეს ასეთი გადაწყვეტილებები, რაც კანონის უზენაესობის, სამართლიანობისა და ადამიანის კონსტიტუციური უფლებების საწინააღმდეგოა. 8 წლის განმავლობაში, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, არაფერი გაუკეთებია შედეგისთვის. რამაზ ახვლედიანის მიმართ არ აღმდგარა სამართლიანობა და მას სახელმწიფო სათანადო ღირსი ინტერესის გარეშეც ტოვებს აუხსნას და მიაწოდოს ინფორმაცია საქმის გამოუძიებლობისა და შექმნილი შერჩევითი სტანდარტის გამოც.

მხარეს ლისის ტბის წართმევის საქმეზე კონკრეტული სამართლებრივი შედეგების არარსებობა აფიქრებინებს, რომ პროკურატურა ისევ მამუკა ხაზარაძის გავლენების ტყვეობაშია, მას არ შესწევს ძალა, რამაზ ახვლედიანი ლისის ტბის წართმევის საქმეში დაზარალებულად ცნოს. სამწუხაროდ, ეს არის ობიექტური რეალობა და სიმართლე, რომელსაც ჩვენ ყველამ თვალი უნდა გავუსწოროთ. სამართლიანობა ეწირება გავლენების სფეროს, რაც სამართლებრივი სახელმწიფოში და დღევანდელი საზოგადოების განვითარებისა და მოთხოვნების ფონზე, სრულიად დაუშვებელი და მიუღებელია. ამის თვალსაჩინო მაგალითია, თუნდაც, მამუკა ხაზარაძის მოწმის სახით საქმეზე დაუბარებლობა და ზოგადად, მამუკა ხაზარაძის მიმართ შეჩერებული საგამოძიებო მოქმედებებიც საზოგადოებისთვის ცნობილ მის მიმართ წარმოებულ საქმეებზეც. საქართველოს გენერალურ პროკურატურას უწევს ანგარიში გაუწიოს პოლიტიკურ კონტექსტს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნის საელჩოების პოზიციებს, რასაც ეწირება ადამიანის უფლებები და სახელმწიფოს მიმართ კანონიერი ნდობის პრინციპი. რამაზ ახვლედიანის საქმე ამის საუკეთესო და უცხადესი მაგალითია.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ლისის ტბის საქმეზე სამართლებრივი ბრძოლა გრძელდება და ამ პროცესს მამუკა ხაზარაძის პარლამენტის წევრის მომავალი სტატუსი, პოლიტიკური და სამართლებრივი იმუნიტეტი ვერ შეაჩერებს. რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორი, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, დღეს „ლელოს“ დამფუძნებელი და ლიდერი მამუკა ხაზარაძე, რომელიც ქონების დათმობის პროცესში, წარმოადგენდა რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორს, დუმილი ამჯობინა, როდესაც ხელისუფლება რამაზ ახვლედიანისთვის ლისის ტბის დათმობის ოპერაციას ახორციელებდა, გაურიგდა მიხეილ სააკაშვილს და მაშინდელ ხელისუფლებას, თავად რამაზ ახვლედიანს კი განუცხადა, რომ თავი სამართლებრივი საშუალებებით დაეცვა - მას „კონსტიტუცია დაიცავდა“.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მამუკა ხაზარაძის მოწმის სახით დაკითხვით უნდა დადგინდეს, თუ რა ინფორმაციას ფლობდა ბიზნეს-მოწილე და პარტნიორი იმ პროცესის შესახებ, რომელიც ქონების დათმობის პერიოდს უკავშირდება. მამუკა ხაზარაძის დაკითხვა ემსახურება მნიშვნელოვან იურიდიულ ინტერესს, ვინაიდან რამაზ ახვლედიანის მიმართ ქონების დათმობის შემდეგ, პრეზიდენტის განკარგულებით, იგივე საპროექტო პირობებით, დათმობილი ქონების მესაკუთრე სწორედ მამუკა ხაზარაძე და მისი კომპანიები აღმოჩდნენ. შესაბამისად, მამუკა ხაზარაძის დაკითხვა საქმის ყოველმხრივ შესწავლისა და გამოძიებისთვის, არსებითად მნიშვნელოვანია. ამასთან, საქმეზე დაკითხული არ არიან საჯარო მოხელეები, რომლებმაც ქონების ნების საწინააღმდეგოდ დათმობაზე, რამაზ ახვლედიანის იძულება განახორციელეს. მხარემ აღნიშნული პირების დაკითხვის მოთხოვნით, პროკურატურას ჯერ კიდევ 2017 წლის 13 თებერვლის განცხადებით მიმართა.

რამაზ ახვლედიანი მოითხოვს, სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს 2006 წლის 4 ნოემბერს, მისთვის ფინანსურ პოლიციაში დაბარების ფაქტს, სადაც ბიზნესმენს დააწერინეს განცხადება ლისის ტბის სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობის თაობაზე. საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ რამაზ ახლედიანი იძლებული გახადეს, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ცალსახად აცხადებს, რომ უფლებას არ მისცემს არც ერთ პარტიას, პოლიტიკოსს, სამოქალაქო ორგანიზაციას, ექსპერტს თუ ჟურნალისტს, ლისის ტბის წართმევის საქმეზე საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და რამაზ ახვლედიანის სამართლიანი ბრძოლა წინა ხელისუფლების მიერ წართმეული საკუთრების დაბრუნებისთვის, მამუკა ხაზარაძის მიმართ, ხელისუფლებიდან მომდინარე დავალების ნაწილად წარმოაჩინოს. ორგანიზაცია, რომელიც 2015 წლიდან არაერთი საჯარო განცხადებით ცდილობს ლისის ტბის წართმევის საქმეზე საზოგადოების ინფორმირებას, მოქმედებს რამაზ ახვლედიანის საუკეთესო ინტერესების დაცვის უფლებით.

ცნობისთვის: რამაზ ახვლედიანის საჩივარი ლისის ტბის წართმევის საქმეზე სისხლის სამართლებრივი წესით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და დაზარალებულად ცნობის თაობაზე, საქართველოს მთავარ პროკურატურას 2012 წლის 27 ნოემბერს მიეწოდა, თუმცა საქმე უძრავად დევს. 2019 წლის მარტიდან ამ დრომდე, პროკურატურა უპასუხოდ ტოვებს რამაზ ახვლედიანის განცხადებებს და ქონებაჩამორთმეულთან კონტაქტი შეწყვეტილია.



კომენტარები