საპენსიო კრედიტის სარგებლობაზე პროცენტი შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდეს

12 ნოემბერი, 2020

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საპენსიო კრედიტის გაცემასა და საპროცენტო განაკვეთის გონივრულობის საკითხის გადაჭრაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვას არ გამორიცხავს. შესწავლის შედეგები აჩვენებს, რომ პენსიონერი უფლებამოსილია, 57 თვის ვადით ისარგებლოს საპენსიო კრედიტით, რომლის მაქსიმალური ოდენობა არ აღემატება ყოველთვიური სარგოს ცხრამაგ ოდენობას. ამავდროულად, დაწესებულია შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი  და ყოველწლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 30,69%-ს, რაც, ცხადია, არაგონივრულია.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, რომელმაც საკითხი ანალიზი მოახდინა, ფინანსური თუ ეკონომიკური კრიზისი განსაკუთრებით მწვავედ ვლინდება საზოგადოების იმ ფენაში, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური სარგოს მიმღებ პირებს მოიცავს. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, კერძოდ 762,600 მოქალაქე (საქსტატის 2019 წლის მონაცემები) მიეკუთვნება იმ ასაკობრივ კატეგორიას, რომელიც სახელმწიფოსგან სოციალური სარგოს სახით იღებს ყოველთვიურ პენსიას. არსებული მძიმე ეკონომიკური პირობებისა და სხვადასხვა სოციალური საჭიროებების ფონზე კი, დღეის მდგომარეობით, პენსიონერთა მნიშვნელოვანი ნაწილი სარგებლობს საპენსიო კრედიტით. ამდენად, საინტერესოა, თუ რა პირობებსა და შეთავაზებებს ითვალისწინებს საპენსო კრედიტის სისტემა. დაცულია თუ არა მართლზომიერება საპროცენტო განაკვეთისას და გონივრულია თუ არა დადგენილი საპროცენტო ტარიფი.

სესხი და საბანკო კრედიტი დღევანდელ რეალობაში წარმოადგენს განსაკუთრებით მოთხოვნად საბანკო სერვისს. შესაბამისად, ყოველდღიურად, ბანკებისა  სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების მიერ გაიცემა სხვადასხვა მიზნობრივი სესხი. ამავდროულად, საპენსიო კრედიტიც, ისევე როგორც, ნებისმიერი სესხი, წარმოადგენს ვალდებულების იმ სახეს, რომელიც მოვალის მხრიდან უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთლსინდისიერად, თუმცა, ამ შემთხვევაში, კრედიტის დაფარვა ხდება იმ ანგარიშიდან, რომელზეც სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვიურად და მუდმივად ირიცხება სოციალური სარგო. 

უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ბანკს ახასიათებს არაკეთილსინდისიერი მიდგომა საპენსიო კრედიტის დაფარვის საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად უზრუნველყოფის არსებობისა, ბანკი დამატებით გარანტიას იქმნის მაშინ, როდესაც ამის საჭიროებაც კი არ არსებობს. კერძოდ, ბანკის მიერ კრედიტის გაცემის  შემთხვევაში, კლიენტის მიერ ვალდებულების დაფარვა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულებით განსაზღვრული მოცულობით, საშუალებითა და წესით. ამასთან, აღნიშნული დათქმა არ ზღუდავს ბანკის უფლებას მოსთხოვოს კლიენტს კრედიტის დაფარვა სხვა საშუალებითა და ფორმით. აღნიშნული წესის არსებობა, რასაკვირველია, აზარალებს მომხმარებლის ინტერესებს. გარდა საპენსიო ანგარიშისა, რომელიც საპენსიო კრედიტის უზრუნველყოფის ერთგვარ გარანტიას წარმოადგენს, საფრთის ქვეშ დგება პირის სხვა დანარჩენი აქტივები.

მნიშნველოვანია, რომ საფინანსო ინსტიტუტებმა გულისხმიერება გამოიჩინონ საკრედიტო ხელშეკრულების პირობების დადგენისას განსაკუთრებით მაშინ,  როდესაც ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს სოციალური საჭიროების მქონე პირი - პენსიონერი.

საპენსიო კრედიტზე დადგენილ საპროცენტო განაკვეთი კიდევ უფრო ცხადყოფს პენსიონერთა მიმართ გამოვლენილ არაკეთილსინდისიერ მიდგომას. პრაქტიკული თვალსაზრისით, პენსიონერი უფლებამოსილია, 57 თვის ვადით ისარგებლოს საპენსიო კრედიტით, რომლის მაქსიმალური ოდენობა არ აღემატება ყოველთვიური სარგოს ცხრამაგ ოდენობას. ამავდროულად, დაწესებულია შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი  და ყოველწლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 30,69%-ს, რაც, ცხადია, არაგონივრულია. მაშინ, როდესაც, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ გაღებული ყოველთვიური დახმარება და ხელშეკრულების მხარედ გვევლინება სოციალური საჭიროების მქონე პირი, ცხადია, აღნიშნული ციფრები არის არაგონივული და არაკეთილსინდისიერი. პარალელურად,  სტანდარტულ შემთხვევებში, ფიზიური პირებისთვის გაცემული სამომხმარებლო კრედიტის ოდენობა 17-21%-ის ფარგლებში მერყეობს. ამ მონაცემების ფონზე, ყოვლად დაუშვებელია პენსიონერებს დაუდგინდეთ 30,69 %-ის ოდენობის წლიური საპროცენტო განაკვეთი.

ამდენად, გონივრული იქნება, თუ საფინანსო ინსტიტუტი გაიზიარებს ფიზიკურ პირთათვის სესხისთვის გათვალისწინებულ გონივრულ საპროცენტო განაკვეთს, რომელიც დადგენილია ეროვნული ბანკის მიერ. დაუშვებელია, პენსიონერს დაევალოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტის გადახდა და მნიშვნელოვანია საპროცენტო განაკვეთის რეგულირებასთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომის არსებობა და გულისხმიერი, კეთილსინდისიერი პირობების დადგენა პენსიონერთა მიმართ. ორგანიზაცია არ გამორიცხავს ამ საკითხზე ფართო დისკუსიის წარმოებას და საკითხის დასმას სამართლებრივი საშუალებებით, მათ შორის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის გზით.



კომენტარები