სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს აპლიკანტმა თამარ კიკაჩეიშვილმა სასამართლო დავა მეორედ მოუგო

2 დეკემბერი, 2020

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი პროგრამა: „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“-ის კონკურსანტ თამარ კიკაჩეიშვილთან სამართლებრივ დავაში უკვე მეორედ დამარცხდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით, გაუქმდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორის ნინო ჭელიძის 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც თამარ კიკაჩეიშვილს, მეორედ ეთქვა უარი ბოსტონის უნივერსიტეტში სწავლის საფასურისა (44 695 აშშ დოლარი) და საყოფაცხოვრებო ხარჯების (22 073 აშშ დოლარის) დაფინანსებაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს ხელთავიდან, უკვე მესამედ დაევალა თამარ კიკაჩეიშვილთან გასაუბრების ჩატარება, რაც ყველა სხვა შემთხვევაში, წარიმართა არაობიექტურად, პირადი შურისძიებით და აპლიკანტის უფლებების საზიანოდ. აღნიშნულის შესახებ განცხადებას „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.

საზოგადოების საყურადღებოდ აღვნიშნავთ, რომ თამარ კიკაჩეიშვილმა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის წინააღმდეგ სამივე ინსტანციის სასამართლო 2017-2019 წლებში, პირწმინდად მოიგო. სწორედ სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ, მისი აღსრულების მიზნით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა თამარ კიკაჩეიშვილი განმეორებით მიიწვია კონკურსის მესამე ეტაპზე - გასაუბრებაზე. თამარ კიკაჩეიშვილის მოთხოვნით, მოხდა გასაუბრების მთელი პროცესის აუდიო-დაოქმება და გასაუბრება აპლიკანტმა წარმატებით დაასრულა, თუმცა მიღებული საბოლოო შედეგის (54,3 ქულა) საფუძველზე, კომისიის გადაწყვეტილებით, მან ვერ დააგროვა დაფინანსებისთვის საჭირო ქულათა რაოდენობა.

საქმე კვლავ სასამართლოში გაიგზავნა, სადაც თამარ კიკაჩეიშვილი ამტკიცებდა, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორის ნინო ჭელიძის გადაწყვეტილება დაეფუძნა დირექტორისა და კომისიის რამდენიმე წევრის პირად შეხედულებას, რაც გამოწვეული გახდა თამარ კიკაჩეიშვილის მიმართ პიროვნული შეუთავსებლობით და მის წინაშე არსებულ პრობლემაზე სარჩელის სასამართლოში წარდგენის, საკითხის გასაჯაროვების გამო. ცენტრმა მიღებული გადაწყვეტილებით აპლიკანტი ისევ დასაჯა. ორგანიზაციის მიმართ გამოგზავნილ წერილში მიღებული გადაწყვეტილება განმარტებულია, როგორც „დისკრეციული უფლებამოსილების“ ფარგლებში მიღებული აქტი, რაც იმ პირობებში, რაზეც იმსჯელა სასამართლოებმა, სრულიად გაუგებარი და დაუსაბუთებელია. ნინო ჭელიძის პირადი ანგარიშსწორების შედეგად, თამარ კიკაჩეიშვილს ისევ უარი ეთქვა ბოსტონის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებაზე, თამარ კიკაჩეიშვილმა კი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაამტკიცა, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, უკანონო გადაწყვეტილებას.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის გადაწყვეტილება ნინო ჭელიძის პირად, შურისძიებით და სიძულვილით მოტივირებულ გადაწყვეტილებად შეაფასა და ადმინისტრაციულ ორგანოსთან ახალი დავა დაიწყო. ორგანიზაციამ დაამტკიცა, რომ ნინო ჭელიძე უკანონოდ მოქმედებდა და აპლიკანტს მოექცა პირადი შურისძიების მოტივებით, რაც მისი თანამდებობრივი პასუხისმგებლობის დასმის წინაპირობას იძლევა. იმ პირობებში, როდესაც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ თამარ კიკაჩეიშვილს უკანონოდ ეთქვა უარი აშშ-ის ბოსტონის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების მიმართულებით სწავლის საფასურის - 44 695 აშშ დოლარისა და საყოფაცხოვრებო ხარჯების - 22 073 აშშ დოლარის დაფინანსებაზე, გასაუბრების მეორე ეტაპზე, რომელიც მხოლოდ ფორმალურ მხარეს წარმოადგენს კონკურსანტთან ურთიერთობაში, დაფინანსების გაცემაზე უარი სრულიად შოკისმომგვრელი და სასამართლოს გადაწყვეტილების აშკარა უპატივცემულობა აღმოჩნდა.

თამარ კიკაჩეიშვილმა 2017 წლის 26 აპრილს ჩააბარა ბოსტონის უნივერსიტეტის განვითარებადი მედიის შესწავლის სამაგისტრო პროგრამაზე. მას მაღალი აკადემიური მოსწრების გამო, უნივერსიტეტმა სტიპენდია გამოუყო, ხოლო დარჩენილი თანხის მოპოვების მიზნით, მონაწილეობა მიიღო განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ „სასტიპენდიო პროგრამა „საერთაშორისო სამაგისტრი პროგრამები 2017-2018“ კონკურსში. თამარ კიკაჩეიშვილმა წარმატებით გადალახა კონკურსის ორი ეტაპი, ხოლო მესამე ეტაპზე, საკონკურსო კომისიის მხრიდან მიიღო დაბალი შეფასება და უარი ეთქვა დაფინანსების მიღებაზე. აპლიკანტის კომისიასთან შემდგომი კონტაქტის შედეგად, თამარ კიკაჩეიშვილის გადაეცა შეკითხვები, კრიტერიუმები და შეფასება. აღმოჩნდა, რომ ერთი მსგავსი შეკითხვის გარდა, თამარ კიკაჩეიშვილის მიმართ არც ერთი სხვა შეკითხვა გასაუბრებაზე დასმული არ ყოფილა. მისი შეფასება ცენტრის მიერ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, არ მომხდარა. შესაბამისად, მხარემ მიმართა სასამართლოს დაფინანსების მიღებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული აქტების ბათილად ცნობაზე და დარღვეული უფლებები აღიდგინა, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა კი აპლიკანტი ისევ დაჩაგრა.  

ცნობისთვის: თამარ კიკაჩეიშვილმა ბოსტონის უნივერსიტეტმა კვლავ მიიღო საგამონაკლისო დაშვება, მას გადაუვადა სწავლის დაწყების თარიღი და შეუნარჩუნა გაცემული სტიპენდია 2020-2021 სასწავლო წლისთვის. თამარ კიკაჩეიშვილი არის ჟურნალისტი და მედიის სპეციალისტი, პრესტიჟულ გამოცემებთან და საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით. მხარემ ახალი სარჩელით სასამართლოს 2019 წლის 27 აგვისტოს მიმართა. საქმეს მოსამართლე: ეკატერინე ჯინჭველაშვილი განიხილავს. თამარ კიკაჩეიშვილის ინტერესებს სასამართლოში „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელლმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენდა.



კომენტარები