საერთაშორისო კომპანიის ქართულმა მენეჯმენტმა ყოფილ მენეჯერს გათავისუფლების გამო 30 000 ლარი გადაუხადა

6 დეკემბერი, 2020

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ რთული კატეგორიის დავაზე, ყოფილი დასაქმებულის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, საქმის მორიგებით დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. საერთაშორისო კომპანიის ქართულმა მენეჯმენტმა ყოფილ მენეჯერს ერთჯერადი კომპენსაციის სახით - 30 000 ლარი გადაუხადა.

საქმის მასალების მიხედვით, მხარეებს შორის არსებობდა უვადო შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა. ბოლო კონტრაქტი გაფორმდა 2018 წლის 3 აპრილს. 2019 წლის 3 აპრილიდან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა გაგრძელდა უვადოდ. მოსარჩელე საქმიანობდა მენეჯერის პოზიციაზე. მოსარჩელესა და მოპასუხე კომპანიას შორის, ეთიკური ბიზნესისა და სამართლიანი ურთიერთობების პრინციპიდან გამომდინარე, მოხდა კონფლიქტი და უთანხმოება. მოსარჩელემ 2019 წლის 19 დეკემბერს მოპასუხე კომპანიისგან მიიღო შეტყობინება (გადაწყვეტილება), რომლითაც მენეჯერი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძვლები დაეფუძნა მუშაკის მიერ სამუშაო პირობების უხეშ დარღვევას. მხარემ გათავისუფლების ბრძანების გაუქმების, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით, სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვალს მიმართა. მხარეებმა ორი მოსამზადებელი სხდომის ფარგლებში, დავის მორიგებით დასრულების გადაწყვეტილებაზე მზადყოფნა გამოხატა, ხოლო 2020 წლის 13 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, მხარეთა შორის მორიგების აქტი დაამტკიცა. კომპანიამ აღდგენის სანაცვლოდ გათავისუფლებულ მუშაკს 30 000 ლარი გადაუხადა, მხარემ კი უარი განაცხადა დამსაქმებლის მიმართ წინამდებარე დავის საგნის ირგვლივ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე.  

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმეზე 2020 წლის თებერვლიდან ჩაერთო. ვინაიდან მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმის დეტალები არ იქნებოდა გამჟღავნებული, ორგანიზაცია პატივს სცემს მხარეთა შეთანხმებას და თავს შეიკავებს დავის მეტი შინაარსობრივი მხარის დასახელებისგან. შესაბამისად, ორგანიზაცია ვერ დაასახელებს კომპანიას, მხარეებს, დავის სხვა მახასიათებლებს.



კომენტარები