სულ უფრო მეტი ქალი საუბრობს პარტნიორის მხრიდან შვილებთან ძალადობაზე - „ახალგაზრდა ადვოკატები“

13 დეკემბერი, 2020

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევებს კვლავ განსაკუთრებული მნიშვნელობის პრობლემად განიხილავს და აღნიშნავს, რომ სხვადასხვა დავებში თავი იჩინა სექსუალური ძალმომრეობის ფაქტებმაც, მსხვერპლნი კი - არასრულწლოვანები არიან.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ ანა ფუტკარაძის განცხადებით, ორგანიზაციას მომართავს ქალბატონები, რომელთა მიზანია დაიცვან არასრულწლოვანი შვილები. გახშირდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან ქორწინების შედეგად სექსუალური ხასიათის ძალადობის გამოვლინებები არასრულწლოვანების მიმართ. საუბარია ერთ-ერთი მშობლის მხრიდან ბავშვებზე ამორალური და გარყვნილი ქმედებების განხორციელებაზე. ორგანიზაციას, ამ კუთხით, ქართულ სასამართლოში, სხვადასხვა დავა აქვს წარდგენილი და გეგმავს სახელმწიფო უწყებებთან აქტიური თანამშრომლობით, პრობლემაზე ღიად მსჯელობას და მსხვერპლის დაცვისკენ საჭირო სამართლებრივი გარემოს შექმნას. გარდა არასრულწლოვანებისა, დანაშაულის მსხვერპლია ბავშვის დედებიც, რომლებსაც უწევთ მოძალადის ყველა ფორმით განეიტრალება.

როგორც წესი, ქალების მიმართ ძალადობა ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებული დანაშაულია, რომელიც ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევაა და გულისხმობს  ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. 

საყოველთაო პანდემიის ფონზე, ბევრი ქალი იზოლირებულ იქნა არა უსაფრთხო გარემოში, სადაც ისინი პარტნიორის მხრიდან ძალადობის მაღალი რისკის ქვეშ არიან, ხშირ შემთხვევაში კი ქალები ვერ აღიქვამენ ძალადობის სიმძიმეს და თავს იკავებენ სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინებისგან სხვადსხვა მიზეზთა გამო.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2020 წლის დასკვნით, ქალთა დაახლოებით მესამედს განუცდია ფიზიკური ან/და სექსუალური ძალადობა  პარტნიორის მხრიდან, ხოლო 18%-ს ასეთი ძალადობა განუცდია ბოლო 12 თვის განმავლობაში. ყველაზე ექსტრემალურ შემთხვევებში, ქალთა მიმართ ძალადობა მომაკვდინებელია: გლობალურად, ყოველდღე დაახლოებით 137 ქალი კვდება მათი  პარტნიორის ან ოჯახის წევრის მიერ. სტატისტიკა ცხადყოფს გარემოებების სიმძიმეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც უარყოფითად მოქმედებს არამარტო კონკრეტულად დაზარალებულზე, არამედ მათ ოჯახის წევრებსა და გარემოცვაზე.

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონი მიუთითებს, რომ ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ასევე, ევროპის საბჭოს კონვეციის მიხედვით ოჯახური ძალადობა მოიცავს ამჟამად ან წარსულში დაქორწინებულ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა ძალადობის ჩამდენი ამჟამად ცხოვრობს თუ არა მსხვერპლთან, ან ოჯახის სხვა წევრის მიმართ რიგი ქმედების განხორციელებას.

ოჯახში ძალადობა ძალიან ღრმა ტრავმის მომყენებელი ძალადობრივი ქმედებაა, რომლის  მსხვერპლი შეიძლება იყვნენ არამარტო ქალები, არამედ ოჯახის სხვა წევრებიც. განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩევა მდგომარეობა, მაშინ როდესაც ოჯახში ვხვდებით სექსუალური ძალადობის ფაქტს, რომელიც ყველა ქვეყანაში და საზოგადოების ყველა ფენაში მწვავე პრობლემას წარმოადგენს. არასრულწლოვანი შეიძლება დაექვემდებაროს სექსუალურ ექსპლუატაციას სახლში, სკოლაში ან მის გარემოცვაში, განსაკუთრებულად იმ ადამიანებს, რომელსაც ბავშვი იცნობს და ენდობა. ამ კუთხით, საინტერესოა არსებული სტატისტიკაც და შედეგიც.

გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, მინიმუმ ყოველწლიურად 120 მილიონი გოგონა ხდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, თუმცა რეალური მაჩვენებელი გაცილებით მაღალია. არანაკლებად მწვავე მდგომარეობა გვხვდება არასრულწლოვან ბიჭებში, რომლებიც იტანჯებიან სექსუალური ძალადობისგან, თუმცა ისინი არ საუბრობენ ძალადობაზე არც ოჯახებთან და არც სამართალდამცველ ორგანოებთან. შესაბამისად კონკრეტული სტატისტიკის დადგენა ვერ ხერხდება. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის 2020 წლის ივნისის მონაცემებით, 2–17 წლის ასაკის 1 მილიარდამდე ბავშვმა განიცადა ფიზიკური, სექსუალური ან ემოციური ძალადობა ან უგულვებელყოფა.

ძალადობის ნებისმიერი ფორმა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს დაზარალებულის ფსიქიკურ თუ ფიზიკურ კეთილდღეობას. თუმცა, სექსუალური ძალადობა ამ მხრივ განსაკუთრებული სიმწვავით ვლინდება. იგი წარუშლელ ფსიქოლოგიურ და, რიგ შემთხვევებში, ფიზიკურ დაზიანებას ტოვებს მსხვერპლზე. აზიანებს მის სულიერ თუ სოციალურ მდგომარეობას და სამომავლოდ, გარემოსადმი დამოკიდებულებას მნიშვნელოვანად ცვლის. ამავდროულად, სავალალო რეალობა დგება, როდესაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლად გვევლინება არასრულწლოვანი პირი. აღნიშნული ფაქტი ხელს უშლის მის შემდგომ სოციალურ ცხოვრებას, გარემოს ადეკვატურად აღქმასა თუ ჯანსაღ ფსიქიკურ განვითარებას.

2019 წელს პარლამენტში პროკურატურის მიერ წარდგენილი ანგარიშის თანახმად, ოჯახში ჩადენილ დანაშაულზე  სამართლებრივი დევნა დაიწყო - 4679 პირის წინააღმდეგ.  2020 წლის იანვრის პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ოჯახური ძალადობისთვის - 244 პირზე. როგორც 2019-2020 წლის თებერვლის მდგომარეობით, სასამართლო პრაქტიკა გვიჩვენებს, ოჯახში ძალადობა ძირითადად გულისხმობს ქალთა წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებას. ჩატარებულმა მონიტორინგმა ცხადყო, რომ ამგვარი დანაშაულის ჩადენის განმაპირობებელი მიზეზი კომპლექსურია და მათ, განსაზღვრავს საზოგადოებაში  მიმდინარე ფსიქო-სოციალური ფონი. ოჯახი ძალადობის 122 საქმიდან 115-ში ბრალდებული იყო - კაცი, ხოლო 7ში - ქალი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული არ მიეკუთვნება ისეთ დანაშაულთა კატეგორიას, როდესაც ძალადობის მსხვერპლი პირველივე შემთხვევის დროს მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს.

ოჯახური დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული 122 პირიდან, 60-ის მიმართ სასამართლომ გამოიყენა - გირაო, ერთ შემთხვევაში - პირადი თავდებობდა, ხოლო 59 შემთხვევაში - პატიმრობა.

გასულ წლებთან შედარებით, დღევანდელი მდგომარეობით, ქვეყანაში შექმნილია გამართული საკანონმდებლო ბაზა, საქართველო არის ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) ხელშემკვრელი მხარე, თუმცა ძალადობასთან ბრძოლის მექანიზმები სახელმწიფო უწყებების მხრიდან კვლავ მოითხოვს ეფექტიან მოქმედებებსა და გადაწყვეტილებების მიღებას. მხოლოდ კანონმდებლობის დახვეწა არ უშლის ხელს პოტენციურ მოძალადეს იმოქმედოს მსხვერპლზე უარყოფითად. მაშინ როდესაც ქვეყანაში პანდემიის ფონზე დაწესდა მკაცრი შეზღუდვები სახლიდან გასვლაზე, როდესაც ძალადობის მსხვერპლებს უწვეთ ერთ გარემოში ყოფნა მოძალადეებთან, სტრესის, შემოსავლების დაკარგვისა და სერვისებზე წვდომის შემცირებამ, პოტენციური მსხვერპლი განსაკუთრებით დაუცველი გახადა. ყველა ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა იცხოვროს თავისუფლად, მათ შორის ძალადობისგან თავისუფალ გარემოში. შესაბამისად, არსებითად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს, სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლოს ერთიან მყისიერ, ინტეგრირებულ რეაგირებას, რომელიც იქნება ეფექტური მეთოდი ოჯახში ძალადობასთან ბრძოლაში, რადგან ძლიერი პოლიტიკური და სამართლებრივი ქმედება ოჯახში ძალადობის ფაქტების აღმოსაფხვრელად ეფუძნება ამ ორგანოების კოორდინირებულ მუშაობის შედეგებს.



კომენტარები