„ლილო მოლო“, „საბა“ თუ ელიავას ბაზრობა უნდა გაიხსნას, რათა თავიდან ავირიდოთ კანონის უხეში დარღვევა

26 დეკემბერი, 2020

გვესმის მთავრობის განსაკუთრებული ზომები, რომელიც ეპიდემიის გავრცლების არიდების მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება, მაგრამ კანონსაწინააღმდეგო და დისკრიმინაციულ მიდგომად მიგვაჩნია სავაჭრო ცენტრების/მოლების გახსნის პარალელურად, ბაზრობების გახსნაზე უარი მათი ობიექტური მდგომარეობის შეფასების გარეშე. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებაშია ნათქვამი.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ ბერდია ჯაჯანიძის განცხადებით, მთავრობას აქვს გონივრული დრო, გადახედოს საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას და არსებული რთული სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ეკონომიკური აქტიურობის შესაძლებლობა მისცეს ბაზრობების ტიპის მსხვილ სავაჭრო ცენტრებს. გაიხსნა მოლები, სავაჭრო ცენტრები, მაგრამ სრულიად გაუგებარია და სარწმუნო არგუმენტებს არ ეფუძნება, თუ რატომ არ უნდა მიეცეს მუშაობის შესაძლებლობა „ლილო მოლოს“, „საბას“ თუ ელიავას ბაზრობას, რომლის ადმინისტრაციები აღნიშავენ, რომ მზად არიან დაიცვან დაწესებული წესები და ნორმების გათვალისწინებით განახორციელონ საქმიანობა. დასახელებული ბაზრობების გახსნა პირადპირ დაკავშირებულია მცირე მეწარმეების შემოსავალთან, არსებული ვალდებულებების შესრულებასთან, მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებასთან. გაუგებარია, რატომ გადაადგილდებიან მოქალაქეები გახსნილ სავაჭრო ცენტრებში უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით და რატომ არ შეუძლიათ მომხმარებლებმა იგივე წესები დაიცვან დასახელებულ ბაზრობებზე საჭირო პროდუქციის შეძენისას. ამიტომ, დაკეტილი ობიექტების გახსნის საკითხზე, დასახელებული ბაზრობების მიმართ დამოკიდებულებები, არც სამართლიანი და არც დაბალანსებული არ გვგონია.

ბერდია ჯაჯანიძის განცხადებით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება კანონთან შესაბამისობაშიც არ მოდის. „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 26-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად,  ბაზრობა არის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განლაგებულია სტაციონარული სავაჭრო ობიექტები და არასტაციონარული სავაჭრო ადგილები ან მხოლოდ არასტაციონარული სავაჭრო ადგილები (არანაკლებ 10 არასტაციონარული სავაჭრო ადგილისა), რომლებიც საქონლის სარეალიზაციოდაა განკუთვნილი. მოცემულ შემთხვევაში, გახსნილი სავაჭრო ცენტრები ექცევა კანონით განსაზღვრულ სტატუსში და მათ აქვთ ბაზრობის ფუნქცია. შესაბამისად, როდესაც საუბარია გადაწყვეტილებაში დისკრიმინაციულ მიდგომაზე, მხედველობაშია მისაღები გახსნილი და გაუხსნელი ობიექტების სამართლებრივო სტატუსი და მათი საქმიანობა. ამდენად, ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობას, მხედველობაში იქნეს მიღებული გადაწყვეტილების პრობლემური მხარე და წინასაახალწლოდ, დასახელებულ ბაზრობებს მუშაობის საშუალება მიეცეს.



კომენტარები