„ახალგაზრდა ადვოკატები” 2020 წლის შემაჯამებელ ღონისძიებას ახალი ფორმატით გამართავს

27 დეკემბერი, 2020

2020 წლის 28 დეკემბერს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საზოგადოებას 2020 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს წარუდგენს. ორგანიზაცია ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული აკრძალვებისა და ცხოვრების განსაკუთრებული რეჟიმის გამო, მთლიანად ცვლის 2020 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიების ფორმატსა და დაჯილდოვების წესებს, რომელიც მოწვეული სტუმრების გარეშე ჩაივლის.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ საქმიანობის ანგარიში საზოგადოებას წარედგინება სპეციალური გადაცემის სახით, რომელიც 2020 წლის 28 დეკემბერს, 19:00 საათიდან განთავსდება ორგანიზაციის ოფიციალურ ელექტრონულ და სოციალურ ქსელ Facebook-ის გვერდებზე. საზოგადოება სწორედ აღნიშნული გადაცემის მეშვეობით გაეცნობა 2020 წლის ნომინაციებსა და ნომინანტებს. ამასთან, ამავე არხების მეშვეობით, მოხდება ორგანიზაციის წლის საქმიანობის ამსახველი კლიპისა და გამოცემის პრეზენტაციაც.

წლის ღონისძიება ორგანიზაციის ტრადიციული და მთავარი ღონისძიებაა, რომელსაც საფუძველი 2014 წელს ჩაეყარა. „ახალგაზრდა ადვოკატები“ 2020 წლის საქმიანობის შეჯამებასთან ერთად, ტრადიციული ნომინაციებით დააჯილდოვებს სასამართლო ინსტანციის, საჯარო და კერძო სფეროს წარმომადგენლებს, მედია-გამოცემებს და ჟურნალისტურ კორპუსს.

ორგანიზაცია წლის ღონისძიებაზე ტრადიციულ დაჯილდოვების ცერემონიალზე აღნიშნავს პროფესიული წრისა და იმ ინსტიტუციების დამსახურებულ როლს, რომლებმაც წლის განმავლობაში, ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროცესში ან საზოგადოებრივი მაღალი ნდობის პირობებში, საკუთარი უფლებამოსილებები და ვალდებულებები კეთილსინდისიერად შეასრულეს.

ორგანიზაციის აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ საპატიო ჯილდოს - „თავისუფალი სიტყვის დამცველი - 2020“ წელს 13 ჟურნალისტი მიიღებს. ამასთან, გამოვლინდებიან ნომინანტები შემდეგ ტრადიციულ დასახელებებში: „ღია სასამართლო ინსტანცია“, „ყველაზე ღია საჯარო უწყება“, „საუკეთესო თანამშრომლობისთვის და ინსტიტუციური დიალოგისთვის“, „ყველაზე კომუნიკაბელური უწყება“, „წლის საუკეთესო მომსახურებისათვის“, „ახალგაზრდული იდეების ქომაგი“, „დაბალანსებული და სანდო ინფორმაციისთვის“, „საზოგადოების ხმა“ და „ღია საზოგადოების მხარდამჭერი“, „ორგანიზაციის მეგობრის“ ნომინაცია კი გადაეცემა ადამიანს, რომელიც ყველაზე ახლოს დგას „ახალგაზრდა ადვოკატების“ ღირებულებებთან და გააჩნია განსაკუთრებული თანამშრომლობის გამოცდილება.



კომენტარები