„ახალგაზრდა ადვოკატები“ - წლის „ღია სასამართლო ინსტანცია“ სიღნაღის რაიონული სასამართლოა

28 დეკემბერი, 2020

„ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, 2020 წელს „ღია სასამართლო ინსტანციის“ ნომინაცია სიღნაღის რაიონულ სასამართლოს გადაეცა. ორგანიზაციის განმარტებით, ორგანიზაციის წარმოებაში არაერთ საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილება დადგა, რამაც სასამართლო ინსტანციაში ინდივიდუალური მოსამართლის როლზე გაუსვა ხაზი. ამასთან, სასამართლო ინსტანციის ღიაობა გამოიხატა ორგანიზაციასთან ინფორმაციის გაცემის კუთხით თანამშრომლობის ხარისხის შეფასებაში, მათ შორის პანდემიის პირობებში დისტანციური კომუნიკაციის დროს.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2014 წლიდან საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, როდესაც წლის საქმიანობის ღონისძიებაზე აღინიშნება პროფესიული წრისა და იმ ინსტიტუციების დამსახურებული როლი, რომლებმაც ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროცესში ან საზოგადოებრივი მაღალი ნდობის პირობებში, საკუთარი უფლებამოსილება და ვალდებულება კეთილსინდისიერად შეასრულეს.

2020 წელს, ორგანიზაციის აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, 1 სასამართლო ინსტანცია, 3 საჯარო უწყება, 2 ინსტიტუცია, 3 მედია-გამოცემა და 13 ჟურნალისტი დაჯილდოვდა.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „ღია სასამართლო ინსტანციის“ ნომინაცია 2019 წელს - თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადასცეს, 2018 წელს - რუსთავის საქალაქო სასამართლოს, 2017 წელს - მცხეთის რაიონულ სასამართლოს, 2016 წელს - ბათუმის საქალაქო სასამართლოს, 2015 წელს - თბილისის საქალაქო სასამართლოს. 2014 წელს, ამავე სასამართლო ინსტანციას ოპერატიული საჯარო ინფორმაციისთვის.  



კომენტარები