„ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, 2020 წელს „საუკეთესო თანამშრომლობისა და ინსტიტუციური დიალოგისთვის“ ჯილდო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გადაეცა. ორგანიზაციასა და დასახელებულ უწყებას „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ’’ 1980 წლის ჰააგის კონვენციის ფარგლებში წარმოებულ საქმეზე გააჩნდა სათანამშრომლო გარემო, მათ შორის საუკეთესოდ გამოიკვეთა არასრულწლოვანის ინტერესების დაცვისკენ მიმართული ქმედებები. საჯარო დაწესებულებამ თანამშრომლობის კარგი მაგალითი აჩვენა კორესპონდენციათა ბრუნვის ელექტრონული წესით უზრუნველყოფაზეც, რაც პანდემიის გამოწვეული შეზღუდვების პირობებში, ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი გარემოება იყო.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2014 წლიდან საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, როდესაც წლის საქმიანობის ღონისძიებაზე აღინიშნება პროფესიული წრისა და იმ ინსტიტუციების დამსახურებული როლი, რომლებმაც ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროცესში ან საზოგადოებრივი მაღალი ნდობის პირობებში, საკუთარი უფლებამოსილება და ვალდებულება კეთილსინდისიერად შეასრულეს.
2020 წელს, ორგანიზაციის აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, 1 სასამართლო ინსტანცია, 3 საჯარო უწყება, 2 ინსტიტუცია, 3 მედია-გამოცემა და 13 ჟურნალისტი დაჯილდოვდა.
ორგანიზაციის ნომინაცია „საუკეთესო თანამშრომლობისა და ინსტიტუციური დიალოგისთვის“ 2019 წელს გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს, 2018 წელს - საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს, 2017 წელს - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, 2016 წელს - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, 2015 წელს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, 2014 წელს - დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს.