„ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, 2020 წელს „ყველაზე კომუნიკაბელური უწყების“ ჯილდო სსიპ „112“-ს გადაეცა. ორგანიზაციის გადაწყვეტილება დაეფუძნა პროფესიულ საქმიანობაში არსებულ გამოცდილებას და უწყების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის გამოხატულებას, რაც პანდემიის პირობებში, კიდევ უფრო მეტად ხელშესახები და დასაფასებელი გახდა.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2014 წლიდან საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, როდესაც წლის საქმიანობის ღონისძიებაზე აღინიშნება პროფესიული წრისა და იმ ინსტიტუციების დამსახურებული როლი, რომლებმაც ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროცესში ან საზოგადოებრივი მაღალი ნდობის პირობებში, საკუთარი უფლებამოსილება და ვალდებულება კეთილსინდისიერად შეასრულეს.
2020 წელს, ორგანიზაციის აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, 1 სასამართლო ინსტანცია, 3 საჯარო უწყება, 2 ინსტიტუცია, 3 მედია-გამოცემა და 13 ჟურნალისტი დაჯილდოვდა.
ორგანიზაციის ნომინაცია „ყველაზე კომუნიკაბელური უწყება“ 2019 წელს გადაეცა სსიპ „აწარმოე საქართველოში“, 2018 წელს - სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, 2017 წელს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, 2016 წელს - სსიპ ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს, 2015 წელს - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს, 2014 წელს - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.