„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ წლის საპატიო ჯილდო - „ორგანიზაციის მეგობარი“ ნიკა სადრაძეს გადასცა

28 დეკემბერი, 2020

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის ყველაზე საპატიო ჯილდო - ნომინაცია „ორგანიზაციის მეგობარი“, 2020 წელს, ცნობილ ადვოკატსა და უფლებადამცველს, ნიკა სადრაძეს გადაეცა. ნიკა სადრაძემ 2020 წელს ორგანიზაციასთან თანამშრომლობისა და პროფესიული ერთგულების მაგალითი აჩვენა. ამასთან, მონაწილეობა მიიღო ქართულ სასამართლოში ორგანიზაციის მხრიდან „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ’’ 1980 წლის ჰააგის კონვენციის ფარგლებში წარმოებულ საქმეზე, როგორც სისხლის სამართლის ადვოკატმა და შეძლო არასრულწლოვანის ინტერესების ღირსეული დაცვა სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის პროცესში.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2014 წლიდან საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, როდესაც წლის საქმიანობის ღონისძიებაზე აღინიშნება პროფესიული წრისა და იმ ინსტიტუციების დამსახურებული როლი, რომლებმაც ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროცესში ან საზოგადოებრივი მაღალი ნდობის პირობებში, საკუთარი უფლებამოსილება და ვალდებულება კეთილსინდისიერად შეასრულეს. 2020 წელს, ორგანიზაციის აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, 1 სასამართლო ინსტანცია, 3 საჯარო უწყება, 2 ინსტიტუცია, 3 მედია-გამოცემა და 13 ჟურნალისტი დაჯილდოვდა. მათთან ერთად, ორგანიზაციის განსაკუთრებულ ჯილდოს „ორგანიზაციის მეგობრის“ სტატუსი წარმოადგენს და ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ აღნიშნული ნომინაცია 2019 წელს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტსა და ბრენდის მენეჯერ ანა ბოკუჩავას გადასცეს. მასთან ერთად, ნომინაცია 2019 წელს გადაეცა საქართველოს უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციის სტუდენტებს - ციცი ჭელიძეს, მარიამი ბარსონიძეს, სოფიო ჯიჭონაიას, ანა გაგუას, მარიამ შათირიშვილს, სოფიო თვალაბეიშვილსა და თამარ სტეფანიშვლს. ორგანიზაციისა და სტუდენტების თანამშრომლობა პროფესიული ინტერესის ფარგლებში დაიწყო და მათ გადაწყვიტეს, 2019 წლის განმავლობაში, საერთო სასამართლოებში, ორგანიზაციის წარმოებაში არსებულ ცნობილი საქმეების განხილვას მუდმივად დასწრებოდნენ. სწორედ ამ თანამშრომლების ფარგლებში, ორგანიზაციამ სტუდენტების მეშვეობით მოამზადა კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც ამჟამად სასამართლოს განხილვაშია, რომლის თანახმადაც, საქართველოში, ერთზე მეტი სასწავლო გრანტის მიღების აკრძალვა, შესაძლოა, გაუქმდეს.



კომენტარები