„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2021 წელი საქმიანობაში შრომითი უფლებების დაცვის წლად გამოაცხადეს. ორგანიზაციის შეფასებით, გადაწყვეტილება ეფუძნება სფეროში არსებულ გამოწვევებს, რომელიც კიდევ უფრო მეტად რთული პანდემიამ და მისმა შედეგებმა გახადა. ამასთან, საქართველოს შრომის კოდექსში განხორციელებული მასშტაბური ცვლილებების იმპლემენტაცია იწვევს ცალკე ყურადღებას. ამ კუთხით, ინტერესს არ კარგავს სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზიც და კიდევ უფრო მეტად აქტუალური ხდება შრომის უსაფრთხოების თემატიკა. 2020 წელს, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ არაერთი დავა აწარმოეს, რომელიც შრომით-სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილ საკითხებს შეეხება და გუნდის გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანია 2021 წელს სფეროს მეტი გამოხმაურება დაეთმოს.
„ახალგაზრდა ადვოკატებს“ აქვს მიდგომა, როდესაც საქმიანობას წლის მანძილზე უკავშირებს რომელიმე ჯგუფის უფლებეზე განსაკუთრებულ მუშაობას. ორგანიზაციისთვის 2020 წელი ბავშვთა უფლებებზე მუშაობის წელი იყო. წლის მანძილზე, ბავშვთა უფლებებზე მუშაობა გახდა პრიორიტეტული.
ორგანიზაციამ შეაფასა ბავშვთა სიღარიბის პრობლემა, იმუშავა არასრუწლოვანთა დასაქმების გამოწვევებზე, პანდემიის პერიოდში, მოზარდების უფლებებზე, არაერთი შეფასება წარმოადგინა ბავშვთა უფლებების კოდექსის ახალ მიდგომებსა და ტენდენციებზე. ქართულ სასამართლოში აწარმოა ბავშვის ინტერესებთან დაკავშირებული არაერთი საქმე, მათ შორის საქმე „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ’’ 1980 წლის ჰააგის კონვენციის ფარგლებში. ქართულ სასამართლოში, ბავშვის ინტერესების უგულვებელყოფის საფუძვლით წარმოებულ საქმეზე, მოიგო პირველი დავა. წარმოადგინა დასკვნები და შეფასებები სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაობის ხარვეზებსა და ინსტიტუციურ პრობლემებზე. ორგანიზაცია გახდა ახალგაზრდა კომპოზიტორ ცოტნე ზედგინიძის ინტერესების დამცველი და უზრუნველყო მასთან ერთად, არაერთი ბავშვის უპირატესი ინტერესების დაცვა სასამართლოში.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2020 წელი მნიშვნელოვანი აღიარებით დაასრულეს. ორგანიზაციას საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის - იუნისეფის კეთილი ნების ელჩის ნიკა რაჭველის მხრიდან გადაეცა სპეციალური ჯილდო, რითაც ორგანიზაცია 2020 წელს ბავშვთა უფლებების ადვოკატირებისთვის საუკეთესო ორგანიზაციად დასახელდა.
„ახალგაზრდა ადვოკატებისთვის“ 2019 წელი სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების წლად იქნა გამოცხადებული, 2018 - კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობის წლად, 2017 - სასამართლოს პრობლემატიკის კვლევის წლად, 2016 - ბანკების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის საქმეებზე მუშაობის წლად, 2015 - სამართლიანობის აღდგენის პრობლემებზე მუშაობის წლად, 2014 - ბავშვთა უფლებების დაცვის წლად.