„ახალგაზრდა ადვოკატები“ – მადლობა ჩვენს გმირ ექიმებს გადარჩენილი ბევრი სიცოცხლისთვის!

28 დეკემბერი, 2020

2020 წელი სრულდება და მასთან ერთად, ჩვენი ცხოვრების ყველაზე რთული წელიწადი. მსოფლიო პანდემიის შედეგებმა, მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც, არაერთი ადამიანი ფიზიკური გადარჩენის წინაშე დააყენა. პანდემიამ აჩვენა ადამიანის სახე, გამოსცადა ემპათია, შექმნა ურთიერთობებისა და დამოკიდებულებების ახლებური მოდელი. ჩვენს ირგვლივ დატრიალებულმა მოვლენებმა, ერთნაირად წარმოაჩინა ყველას პასუხისმგებლობა და როლი: ხელისუფლება, რომელიც მართავს, საზოგადოება, რომელიც განსაზღვრავს, ეკლესია, რომელსაც ჩვენი სულიერების სიმძიმე აწევს, მოქალაქე, რომლის ქცევის კოდექსმა მეტწილად განსაზღვრა ჩემი, შენი, სხვისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის, წარმატების და წარუმატებლობის, გადარჩენისა თუ განვითარების გზა - აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ 2020 წლის საქმიანობის ჟურნალის შესავალში მსჯელობს.

ჩვენ ვართ სოლიდარული საზოგადოება, მაგრამ ჩვენ არ ვართ სათანადო პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოება, რომელსაც შეუძლია სწორი განსჯა და შეფასება გააჩნდეს არამხოლოდ პანდემიის პროცესში ჩვენი ექიმების, ჩვენი ჯარისკაცების, ჩვენი პოლიციელების თუ ჩვენი პარტნიორების მიმართ. ჩვენს ყოველდღიურობაში მძვინვარებს კატეგორიული აზროვნება. ყოველდღიური ეთერებიდან განდევნილია ანალიტიკური აზრი. ყველგან დაპირისპირებაა - ყველა სფეროში. ადამიანების დიდი ნაწილი სამართლიანობის განცდის გარეშე ცხოვრობს. მშვიდობა და განვითარება პრობლემა აღმოჩნდა არამხოლოდ დღეს, არამედ ჩვენი ცხოვრების მრავალი წლის განმავლობაში. მიზეზების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. სარბიელზე, ნაცვლად განსწავლული, თანამედროვე აზროვნებისა და ეროვნული ღირებულებების დამცველი თაობისა, უცვლელი ქიმერები დგანან, არადა, სარბიელზე ახალი დროა - ნათქვამია სეფე-სიტყვაში.

ჩვენ შრომა და ჩვენი ემოცია ახლაც და ხვალაც, მთლიანად ადამიანების ბედს და მათ უფლებას ეხება. ჩვენ ყველაზე კარგად ვხედავთ, სად არის გამოწვევა და სად არის დახმარება საჭირო, როგორ გამოვასწოროთ სისტემური ჩავარდნები და როგორ მოვახდინოთ აღდგენილი უფლებების ინსტიტუციონალიზაცია. ჩვენ ვხედავთ, ჩვენ ვშრომობთ, ჩვენ საუბრობთ, მაგრამ ნაკლებად გვისმენენ ან საერთოდ არ გვისმენენ. დროა, აღდგეს დიალოგი, თანამშრომლობა, დისკუსია. დასრულდეს სამოქალაქო ორგანიზაციების პრივატიზება, თავად ამ სფეროში - იდეების კრიზისი. დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, სამართლებრივ სახელმწიფოს და კანონის უზენაესობას სჭირდება გაბედული, პატიოსანი, მოუსყიდავი, პრინციპების მქონე ადამიანების ერთობა. ვფიქრობ, ჩვენ შედეგებით უნდა ვიმსჯელოთ.



კომენტარები