„ახალგაზრდა ადვოკატები“ იქნება ყველა ახალგაზრდის ორგანიზაცია, რომელიც შეძლებს და რთული კონკურსის შედეგად, ჩვენს ნდობას მოიპოვებს. ჩვენ კვლავაც შევქმნით ბევრი საინტერესო ადამიანის პროფესიულ ბიოგრაფიას, იმის მიუხედავად, “ახალგაზრდა ადვოკატების” დამსახურებებს მომავალში მიექცევა თუ არა ყურადღება ან დაიმკვიდრებს თუ არა ორგანიზაცია თუნდაც რომელიმე ჩვენგანის პროფილის სამუშაო გამოცდილების ჩამონათვალში საჭირო ადგილს. აღნიშნულის შესახებ 2020 წლის საქმიანობის შეჯამებისას ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა.
ჩვენი ფასეულობები იყო არის და იქნება - ღირსება, თანასწორობა და თავისუფლება, ხოლო ურთიერთობის წესი - პირუთვნელი და სამართლიანი, როგორც ამას ყველაზე კარგად გადმოსცემს ჩვენი მთავარი სიმბოლო - ლოგო.
ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ატარებდე მას და ყოველთვის გახსოვდეს, რომ ჯერ ჩვენ ერთმანეთის მიმართ უნდა ვიყოთ სამართლიანები, იმისთვის, რომ ხვალ და მომავალში სხვისი სამართალი დავადგინოთ.
ისევე, როგორც ჩვენი ფასეულობები, ჩვენი ორგანიზაციის ყველა ატრიბუტიკა ხელშეუხებელია, ვინაიდან ის დიდი ფიქრისა და განსჯის შედეგად შევქმენით და იგი უკვე ჩვენი საკუთრებაც აღარ არის. ის უკვე საზოგადოების, ჩვენი გულშემატკივრების და იმ ადამიანების სიმბოლოა, რომელსაც ასე გულით და თავდადებით ვემსახურებით - განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.
წლის ბოლოს, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ განცხადება გააკეთა ორ ინიციატივაზეც, რომლის თანახმადაც, 2021 წელს, გამჭვირვალე კონკურსის საფუძველზე, განახლდება აღმასრულებელი გუნდი და ორგანიზაცია ახალი ფორმატით, ასევე განახლებული სარედაქციო კოლეგიითა და ახალი პერიოდიკით, პროფესიულ საზოგადოებისთვის განაახლებს სამეცნიერო ჟურნალის გამოცემას.