ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ 2020 წელს ბავშვთა უფლებების ადვოკატირებისთვის საუკეთესო ორგანიზაციად დასახელდა. აღიარება და შესაბამისი ჯილდო „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის - იუნისეფის კეთილი ნების ელჩის ნიკა რაჭველის მხრიდან მიიღო. 2020 წელი გუნდმა არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობის წლად გამოაცხადა და წლის მანძილზე, ბავშვთა უფლებებზე მუშაობა გახდა პრიორიტეტული.
ორგანიზაციამ შეაფასა ბავშვთა სიღარიბის პრობლემა, იმუშავა არასრუწლოვანთა დასაქმების გამოწვევებზე, პანდემიის პერიოდში, მოზარდების უფლებებზე, არაერთი შეფასება წარმოადგინა ბავშვთა უფლებების კოდექსის ახალ მიდგომებსა და ტენდენციებზე. ქართულ სასამართლოში აწარმოა ბავშვის ინტერესებთან დაკავშირებული არაერთი საქმე, მათ შორის საქმე „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ’’ 1980 წლის ჰააგის კონვენციის ფარგლებში. ქართულ სასამართლოში, ბავშვის ინტერესების უგულვებელყოფის საფუძვლით წარმოებულ საქმეზე, მოიგო პირველი დავა. წარმოადგინა დასკვნები და შეფასებები სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაობის ხარვეზებსა და ინსტიტუციურ პრობლემებზე. ორგანიზაცია გახდა ახალგაზრდა კომპოზიტორ ცოტნე ზედგინიძის ინტერესების დამცველი და უზრუნველყო მასთან ერთად, არაერთი ბავშვის უპირატესი ინტერესების დაცვა სასამართლოში.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ წლის აღიარებას მაღალ პროფესიულ პასუხისმგებლობად განიხილავს, მადლობას უხდის ბატონ ნიკა რაჭველს 2020 წლის მანძილზე ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და კვლავაც გააგრძელებს არასრუწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვას. ჩვენთვის მიღებული ჯილდო დიდი პროფესიული ვალდებულებაა და წარმოადგენს ორგანიზაციის ბიოგრაფიის ნაწილს. ჩვენი გუნდი ამაყობს იმით, რომ „ახალგაზრდა ადვოკატები“ რჩება მაღალი სტანდარტის არასამთავრობო ორგანიზაციად. 2017 წელს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ორგანიზაცია ადამიანის უფლებების დაცვისა და პროფესიული ერთგულებისთვის, სპეციალური სიგელით დააჯილდოვა. 2014 წელს, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ გადაწყვეტილებით, ორგანიზაცია საქართველოში დასახელდა „2014 წლის ყველაზე აქტიურ უფლებადაცვით ორგანიზაციად“.