ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში, ომის დანაშაულზე, რუსეთის ფედერაციის მიმართ საქართველოს საჩივრის დაკმაყოფილება არამხოლოდ სამართლიანობის აღდგენაა, არამედ დეოკუპაციისა და არაღიარების პოლიტიკისთვის ახალი რეალობა, რაც სათანადოდ უნდა იქნეს განხილული და გამოყენებული შემდგომ პოლიტიკურ, სამართლებრივ და საზოგადოებრივ საწყისებზე დიალოგისთვის. აღნიშნულის შესახებ განცხადება ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა გააკეთა.
არჩილ კაიკაციშვილის თქმით, ომის დანაშაულებებზე საქართველოს არ აქვს სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცდილება. 1990-იანი წლების სამოქალაქო ომის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის სამართლებრივი შეფასების გარეშე დატოვება ჩვენი უახლესი ისტორიის გამოწვევაა. ამ თვალსაზრისით, 2008 წლის აგვისტოს ომის სამართლებრივი შეფასება უდიდესი პოლიტიკური, სამართლებრივი და საზოგადოებრივი მოვლენაა, რაც უდავოდ ისტორიული ფაქტია.
ომის დანაშაული, სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ერთად, პოლიტიკური პასუხისმგებლობაა. ჩვენ განსაკუთრებული ინტერესით ველოდებით სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების შინაარს, რაც საფუძველს გააჩენს სწორი ანალიზისთვის. საქართველო, მისი თითოეული მოქალაქე, თითოეული ჯარისკაცი და მსხვერპლი ოჯახი დღეს ამაყია, რადგანაც საქმე ეხება ღირსების აღდგენას, პიროვნული და საქვეყნო ღირსების დაცვას - ნათქვამია განცხადებაში.
„ამ შედეგში, ნამდვილად დიდია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, როგორც ცენტრალური ორგანოს როლი. ასევე, მადლობას იმსახურებს მინისტრი თეა წულუკიანი, რომლის ძალისხმევითაც სასამართლოს მიეწოდა ახალი, ვარგისი მტკიცებულებები, რათა საქართველოს დასაბუთებია და დამტკიცებინა საკუთარი სიმართლე“ - აღნიშნავს არჩილ კაიკაციშვილი.