ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, საჯარო ინტერესის უზრუნველყოფის მიზნით, განცხადებას ავრცელებს, რომელიც პოლიტიკოსს ზურაბ გირჩი ჯაფარიძესთან სამართლებრივ დავას შეეხება.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს შემდეგს: ზურაბ გირჩი ჯაფარიძესთან ორგანიზაციის მხრიდან წარმოებული იქნა ორი სამოქალაქო დავა. პირველი საქმე შეეხებოდა საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებას (2019-2015 წლები), მეორე დავა შეეხება ცილისწამების შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას/თანხის დაკისრებას (2019 - დღემდე).
1 2019 წლის 23 იანვრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ პალატის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ორგანიზაციასთან სამართლებრივი დავა წააგო. დადასტურდა, რომ პოლიტიკოსის სადავო განცხადება ორგანიზაციის მიმართ წარმოადგენდა ცილისწამებას. კერძოდ, პოლიტიკოსმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად ნინო გვენეტაძის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ეს არის წარდგენილი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ, რომელიც ყველა ინფორმაციით დასტურდება, რომ არის პირადად ღარიბაშვილის მიერ მართული“. სასამართლომ საქმის მტკიცებულებების კვლევის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ გაავრცელა არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადება, რამაც ორგანიზაციას მიაყენა მატერიალური ზიანი. კერძოდ, შედეგად ორგანიზაციას შეუწყდა საგრანტო ხელშეკრულება, სადაც უნდა მოეხდინა პროექტის სალექციო კურსის პროგრამის მომზადება და მონაწილეების გადამზადება, მომსახურებაში მიეღო 5050 ლარი.
2. 2019 წლის 11 სექტემბერს, ორგანიზაციამ ახალი სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და 2019 წლის 23 იანვრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ პალატის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელსაც ახალ სარჩელთან მიმართებით პრეიუდიციული მნიშვნელობა გააჩნია, მოითხოვა ცილისწამების შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება. კერძოდ, 5050 ლარის დაკისრება ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ.
2020 წლის 18 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, „ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 5050 ლარის ოდენობით, რაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
პირველი ინსტანციის სასამართლო მიიჩნევს, რომ ორგანიზაციამ შეძლო დაედასტურებინა ის გარემოება, რომ მას ქონებრივი ზიანი მიადგა სწორედ იმის გამო, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადების შედეგად, მემორანდუმის მხარემ გადაწყვიტა, სახელშეკრულებო ურთიერთობა შეეწყვიტა ორგანიზაციასთან. სასამართლო ასკვნის, რომ ზიანი გამოიწვია ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გაუფრთხილებელმა ქმედებამ. სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო დებატებში ჩართვისას პოლიტიკოსი უნდა მოქმედებდეს იმგვარი პასუხისმგებლობით, რომ განზრახ არ ავრცელებდეს ცილისმწამებლურ ინფორმაციას. მან უნდა გამოიჩინოს იმგვარი წინდახედულება, რომ გაითვალისწინოს, რა შეიძლება მოჰყვეს მის მიერ განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას. იმ შემთხვევაში, თუ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას შედეგად მოჰყვება ცილისწამების მსხვერპლის მიმართ მატერიალური ზიანის მიყენება, ვალდებულ პირს ეკისრება ამ ზიანის ანაზღაურება.
2020 წლის 16 დეკემბერს საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში შედგა სხდომა, სადაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დეტალური პასუხი გასცა ყველა სადავო საკითხზე. ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განმარტა, რომ მას ვერც ერთი სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ აუკრძალავს გამოხატვის თავისუფლებას. ზურაბ გირჩი ჯაფარიძის წარმომადგენელი გამოვიდა მორიგების წინადადებით, თუმცა მორიგების პირობა არ იქნა დასახელებული. მორიგების შესაძლებლობა გამორიცხა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და საქმეს სტრატეგიული სამართალწარმოებისთვის პრინციპული და პრაქტიკისთვის არსებითი უწოდა.
2021 წლის 18 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა 2020 წლის 18 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება და შეცვლილი გაადწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ორგანიზაციის სარჩელი ცილისწამებით დამდგარი ზიანის ანაზღაურების შესახებ. მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება საქართველოს უზენაესს სასამართლოში.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს საკასაციო წესით. ამასთან, პროფესიული საზოგადოების - იურისტების, მოსამართლეების, ანალიტიკოსების მსჯელობის საგანია მიღებული გადაწყვეტილება, ვინაიდან შეუძლებელია არსებობდეს ვარგისი არგუმენტი - ცილისწამებით დამდგარი ზიანის ანაზღაურება მოთხოვნილია 2019 წლის 23 იანვრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ პალატის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელსაც ახალ სარჩელთან მიმართებით პრეიუდიციული მნიშვნელობა გააჩნია. ორგანიზაცია სასამართლოდან მიიღებს გადაწყვეტილებას და დამატებით განცხადებას გააკეთებს საფუძვლებზე. ამასთან, მოცემულ ეტაპზე არავითარ შეფასებას არ მისცემს შედეგთან დაკავშირებულ ვარაუდებს და მოარულ ინფორმაციას.
ორგანიზაცია, დამატებით განმარტავს, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძესთან ცილისწამებით დამდგარი ზიანის ანაზღაურების დავაზე არ მოახდინა საზოგადოების ინფორმირება არც მას შემდეგ, რაც წარმატებული შედეგი დადგა თბილისის საქალაქო სასამართლოში. გვსურდა რაიმე ფორმით ზიანი არ მიდგომოდა წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში პოლიტიკოსს და მართლმსაჯლება არ აღმოჩენილიყო დაუსაბუთებელი კრიტიკის ქვეშ. ორგანიზაცია ამ შეხედულებით გააგრძელებს საქმეზე სამართალწარმოების პროცესს და კვლავ იქნება პასუხისმგებლიანი, თანმიმდევრული და მიუკერძოებელი, მათ შორის ზურაბ გირჩი ჯაფარიძესთან მიმართებითაც.