დღეს ისევ სასამართლოს შეუძლია, მიიღოს საჯარო წესრიგისა და უსაფრთხოების შესაბამისი გადაწყვეტილება

20 თებერვალი, 2021

დღეს ისევ სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს საჯარო წესრიგისა და უსაფრთხოების შესაბამისი გადაწყვეტილება, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილება ნიკა მელიას პატიმრობის შესახებ და შექმნას პოლიტიკური, საზოგადოებრივი თანხმობისთვის შესაბამისი გარემო, განმუხტოს პოლარიზაცია და გააჩინოს საშუალება ცხოვრების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება სამართლებრივ კონფლიქტში არ მოდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ იმ ნორმებთან, რომელიც გირაოს ინსტიტუტის თავისებურებებს განმარტავს და თუ ეს გადაწყვეტილება შეიცვლება, სასამართლოს არც ეს გადაწყვეტილება იქნება სამართლებრივ კონფლიქტში ქვეყნის მოქმედ კანონმდებლობასთან. პოლიტიკური დისკუსიის მიღმა, არსებობს სამართლებრივი სივრცე, რომლის გამოყენებაც, ყოველთვის აჩენს შესაძლებლობის ფარგლებს და არ არღვევს კანონის უზენაესობის პრინციპს. ერთადერთი, მხოლოდ მოსამართლეა, რომელსაც აქვს ნორმის განმარტებისა და ნორმის შეფარდების კონსტიტუციური უფლებამოსილება. თბილისის საქალაქო სასამართლოში დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, ჩანს, რომ ნაკლებად მოხდა ნორმის განმარტებით ხელმძღვანელობა და დასაბუთება დაეფუძნა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-5, მე-7 მუხლის მოთხოვნის შეფარდებას. კერძოდ, თუ ბრალდებულმა დადგენილ ვადაში არ უზრუნველყო სასამართლოს მიერ გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანა ან უძრავი ქონების შეტანა, პროკურორი სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. თუ ბრალდებულმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, დაარღვია ამ ღონისძიების გამოყენების პირობა ან კანონი, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.

ამჟამად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შეუძლია განსხვავებულად მიუდგეს სამართლებრივი საკითხის გადაჭრას და განმარტოს ნორმა ევროკონვენციისა და ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა საუკეთესო პრაქტიკით, რომლის ამოსავალიც, შეიძლება გახდეს, როგორც საჯარო ინტერესი, ასევე საჯარო წესრიგი. მაგალითად, ევროსასამართლომ 2006 წლის ივლისში მიღებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ აღკვეთის ღონისძიება გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ მკაცრად გაწერილი საფუძვლების არსებობისას, ხოლო პატიმრობა, როგორც უკიდურესი ღონისძიება (Boicenko v. Moldova). სასამართლო განმარტავს, რომ გირაოს პირობების დარღვევა ავტომატურად არ ნიშნავს უფრო მძიმე აღკვეთის ღონისძიების  - პატიმრობის გამოყენების წინაპირობას. ამ გადაწყვეტილებაში სასამართლო საუბრობს საფრთხეების არა აბსტრაქტულ შეფასებაზე, არამედ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დასაბუთების სტანდარტზე და მსჯელობს შემოწმდეს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე ხელშეშლის საფრთხეები.

აღსანიშნავია, რომ ევროკონვენციის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ცალსახად მსჯელობს შემდეგზე: ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, თუ არა კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად და გარდა შემდეგი შემთხვევებისა: პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება, უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს ამ პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი, ან საფუძვლიანად არის მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის თუ მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა. ამდენად, სასამართლოს, დასახელებული წინაპირობების გათვალისწინებით, აქვს სრული შესაძლებლობა თავისი მომავალი გადაწყვეტილება დააფუძნოს ნორმის განმარტებას, კონტექსტს, სადაც დემოკრატიულ საზოგადოებაში საჯარო წესრიგი და საჯარო ინტერესი მართებულს ხდის ასეთი გადაწყვეტილების მართლზომიერებას. „არ ვფიქრობ, რომ ასეთი გადაწყვეტილებით სასამართლო პოლიტიკურ მართლმსაჯულებას განახორციელებდა. ეს, უფრო სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა“ - განმარტავს არჩილ კაიკაციშვილი.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საჭიროა სწრაფი ცვლილებები, ნორმალური ცხოვრების აღდგენა და სამართლიანობის განცდის დაბრუნება თითოეული ადამიანისთვის. „საზოგადოება დაღალა პოლიტიკურმა პროცესმა, რომელიც ყოველდღიურად ემსგავსება სანახაობას და ქარის წისქვილებთან ბრძოლას. ხელისუფლებას მართებს შექმნილ ვითარებაში სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, პოლიტიკური ოპოზიცია კი საპარლამენტო ცხოვრებას უნდა დაუბრუნდეს. ქვეყანაში, სრულფასოვანი პოლიტიკური ცხოვრების წარმართვა პირდაპირ კავშირშია სახელმწიფო ინსტიტუციების, მათ შორის მართლმსაჯულების ნორმალურ ფუნქციონირებასთან. სტრატეგიული მოკავშირეებისა და პარტნიორების დასკვნები ცხადყოფს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დელეგიტიმაცია, არ მოხდება. ასეთია საქართველოსთან მიმართებით, მის წინაშე მდგარი საფრთხეების გათვალისწინებით, აშშ-ის, ევროკავშირისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულება და კონტექსტი. ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გარეშე ხალხის მხარდაჭერით არ სარგებლობს, ვადამდელი ან რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კი, თუნდაც კონსესუსის გზით დაკომპლექტებული ცსკო-ს და საარჩევნო ადმინისტრაციების პირობებში, არც ხელისუფლების შანსებს ზრდიდეს და არც პოლიტიკური ოპოზიციის მხარდამჭერებს“ - ამბობს არჩილ კაიკაციშვილი.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ საზოგადოებასთან დიალოგის ფორმებს მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს. ახალ პოლიტიკურ რეალობაში, საზოგადოებასთან კავშირების აღდგენა, მომავალი მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. „ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად საქმიანობის დროს, ვისურვებდი, რომ მთავარი ყურადღება დაეთმოს სამართლიანობის აღდგენის საკითხებს. სწორედ მისი მთავრობის მეთაურად საქმიანობის დროს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შეიქმნა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, სადაც წინა ხელისუფლების დროს, არაერთი გაუბედურებული ადამიანის საქმე და საჩივარი, ამ დრომდე, უძრავად დევს. მაქვს მოლოდინი, რომ მთავრობა პრიორიტეტულ მიმართულებად ამ საქმეების ბოლომდე დასრულებას გაიხდის. ამასთან, გაუმკლავდება იმ გამოწვევებს, რომელიც არსებობს პანდემიის დაძლევის სახით, არსებობს ეკონომიკაში და არსებობს სოციალური მიმართულებებით. ირაკლი ღარიბაშვილს, როგორც მენეჯერს და პოლიტიკოსს, აქვს გამოცდილება გაუმკლავდეს გამოწვევებს და მიიღოს შედეგი. ამასთან, როგორც მოქალაქეს, მაქვს სურვილი, გიორგი გახარია დარჩეს ქართულ პოლიტიკაში, რაც  ხალხის მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესში და პოლიტიკის ანგარიშვალდებულებას თითოეული მოქალაქის წინაშე, გახდის გაცილებით საინტერესოს, გარემოს კონკურენტუნარიანს, რეალურს, სადაც დემაგოგიის ნაცვლად, ხედვებს ექნება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობა“ - ამბობს არჩილ კაიკაციშვილი.



კომენტარები