სამედიცინო მომსახურებიდან წარმოშობილ დავაზე მხარეებმა სასამართლო მორიგებით დაასრულეს - „ახალგაზრდა ადვოკატები“

27 თებერვალი, 2021

ხობის მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით, მხარეთა შორის წარმოებული დავა მორიგების აქტის საფუძველზე დასრულდა. მოსარჩელე ფიზიკური პირის  ინტერესების დაცვას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ სამართლის ჯგუფი უზრუნველყოფდა.

საქმის მასალებით მიხედვით, ფიზიკურ პირსა და კომპანიას შორის 2019 წლის 24 დეკემბერს, მოსარჩელის მეუღლის, სასარგებლოდ, დაიდო მომსახურების ხელშეკრულება. ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანია უზრუნველყოფდა პაციენტის დამხმარე მედპერსონალით მომსახურებას, რომლის ღირებულება განისაზღვრა 24 საათში 120 (ას ოცი) ლარის ოდენობით. მოსარჩელემ კომპანიის სასარგებლოდ გადაიხადა აღნიშნული მომსახურების ერთი თვის  ღირებულება - 3600 ლარის ოდენობით. პროცესში აღმოჩნდა, რომ კომპანიამ არ უზრუნველყო მედპერსონალის მიერ გაწეული შრომის ანაზღაურება.

მოსარჩელემ, ხელშეკრულების წესების დაცვით, მოპასუხე კომპანიას აცნობა, რომ დაქირავებული, საკუთარი თანამშრომლების მიმართ ასეთი მოპყრობის გამო, წყვეტდა მასთან სამართლებრივ ურთიერთობას და აღარ აგრძელებდა მომდევნო თვეებისთვის კომპანიისგან სამედიცინო მომსახურების მიღებას. მოსარჩელე ფიზიკური პირი არ ყოფილა მედპერსონალთან რაიმე სახის სახელშეკრულებო ურთიერთობაში და შესაბამისად, არ ჰქონია მათ მიერ გაწეული შრომის ანაზღაურების ვალდებულება, თუმცა კომპანიის არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო, მისი მორალური ხასიათიდან გამომდინარე, პირადად აანაზღაურა მედპერსონალის გაწეული სამუშაო, სულ - 2655 ლარის ოდენობით. მოგვიანებით, მედპერსონალის წევრებმა მოსარჩელე ფიზიკური პირის სასარგებლოდ, თანხის მოთხოვნის ნაწილში, დათმო ყოველგვარი მოთხოვნა, რის შემდგომაც, მხარემ მიმართა სასამართლოს.

მოსარჩელე ფიზიკურმა პირმა 2020 წლის თებერვალში სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე კომპანიის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით, თუმცა სასამართლომ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე კომპანიის იურიდიულ მისამართს წარმოადგენდა ხობის მუნიციპალიტეტი და სადავო საკითხი უნდა განხილულიყო ხობის მაგისტრატ სასამართლოში. მხარემ განჩინება გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მიუთითებდა, რომ მომსახურების ხელშეკრულება, კომპანიის იურიდიული მისამართლის მიუხედავად, შეეხებოდა ქ. თბილისში მომსახურების გაწევას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 6 ივლისის განჩინებით, საქმის განმხილველ სასამართლო ინსტანციად მიჩნეული იქნა ხობის მაგისტრატი სასამართლო, რის შემდგომაც დავა გაგრძელდა დასახელებულ ინსტანციაში.

ხობის მაგისტრატი სასამართლოს 2020 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით, მოთხოვნილი თანხის პოპორციულად, დაყადაღდა მოპასუხე კომპანიის საბანკო ანგარიშები. კომპანიამ სარჩელი საპოლიციო ღონისძიების გამოყენებით ჩაიბარა, მოგვიანებით კი სასარჩელო მოთხოვნები - არ ცნო. მხარებმა მოსამზადებელ სხდომაზე დავის მორიგებით დასრულების ინტერესი გამოთქვეს. შესაბამისად, წარმოდგენილი იქნა მორიგების აქტის და კომპანიამ მომდევნო 4 თვის განმავლობაში, ყოველთვიური ანაზღაურების პირობით, იკისრა ვალდებულება მოსარჩელე ფიზიკურ პირს აუნაზღაუროს 2500 ლარი. მორიგების აქტის შედეგად, დავის საგანზე საქმისწარმოება შეწყდა. განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში. საქმე მოსამართლე დავით გელაშვილმა განიხილა.



კომენტარები