ჩვენ დღეს დავიბრუნეთ სამართლიანი სასამართლოს უფლება, ჩვენ დავბრუნდებით უნივერსიტეტშიც

12 მარტი, 2021

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მოსამართლე მარიამ ცისკაძის თავმჯდომარეობით, თსუ მეცნიერების საქმეზე მიიღო ისტორიული, ღირსეული და საეტაპო გადაწყვეტილება, რითაც საქმეზე მასშტაბური დარღვევის ფაქტები ობიექტურად დადგენილად ცნო. საქმეზე არსებული სამართალწარმოება მიჩნეული იქნა უკანონოდ და სწორი განსჯადობის თვალსაზრისით, საქმე ადმინისტრაციული სამართალწარმოებიდან დაუბრუნდა სამოქალაქო სამართალწარმოებას. 2018 წლიდან, შეგნებულად მოხდა საქმის გადატანა სამოქალაქო კოლეგიიდან ადმინისტრაციულ კოლეგიაში, რითაც უნივერსიტეტის მფარველებმა ხელსაყრელი შედეგის დადგომა განიზრახეს. დღეს პალატამ ეს მოქმედებები მიიჩნია ცალსახად უკანონოდ, გააუქმა ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით იქნა მიღებული, სასამართლომ აღადგინა სამართლიანობა და მომჩივან მხარეს მისცა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობით შესაძლებლობა. შესაბამისად, საქმე განახლდება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ეტაპიდან. სასამართლოს მიერ მიღებულია თამამი გადაწყვეტილება, რომელიც საქმეზე ცვლის მხარეთა მტკიცებას და პოზიციებს, იურიდიულ საფუძვლებს აცლის თსუ-ის რექტორ გიორგი შარვაშიძის უკანონო გადაწყვეტილებებს, რითაც ოთხი მეცნიერი გამოცხადებულ კონკურსში უსაფუძვლოდ დაჩაგრეს. დღევანდელი გადაწყვეტილებით ღირსება დაიბრუნა უნივერსიტეტმა, რომელიც მხოლოდ ერთი ჯგუფის არ არის. დღეს დამარცხდა სიცრუე, დამარცხდნენ ბოროტი ადამიანები, დამარცხდა უსამართლობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამის ავანგარდში არის სასამართლო, რომელიც იღებს პოლიტიკური ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს. რომ არა პოლიტიკა და რომ არა პოლიტიკისგან გულგამაგრებული რექტორი, მთელი 2 წლის განმავლობაში, საქმის განხილვა არაგანსჯად სასამართლოში, არ მოხდებოდა. დაბრუნდა იმედი, გაჩნდა რწმენა, რომ საქმეზე ახალი სამართალწარმოების პროცესში მიიღწევა ობიექტური შედეგიც - აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების შემდგომი შეფასებისას განაცხადა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული კონკურსების შედეგად თანამდებობებიდან გაშვებული მეცნიერების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოებული სრული საქმისწარმოება, მისგან გამომდინარე გადაწყვეტილებები და შედეგები - უკანონოდ ცნო, დაადგინა სამართლიანი სასამართლოს უფლების არსებითი დარღვევა და დააკმაყოფილა ნინო ღამბაშიძის, ლოლა სარალიძის, რუსუდან ლაბაძისა და მანანა ხვედელიძის სააპელაციო საჩივარი, რითაც საქმე არაგანსჯადი ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიიდან დაბრუნდა განსჯად  - სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. შედეგად, საქმის განხილვას შეუდგება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია. სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 მარტის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ცალსახად დაინახა მასშტაბური დარღვევებით წარმოებული საქმის შედეგები და ჭეშმარიტად დადგა დაზარალებული მეცნიერების ინტერესების მხარეს. მოსამართლე მარიამ ცისკაძემ აჩვენა პრინციპულობა და შეუვალობა, რომელმაც თვალი არ დახუჭა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან გამოვლენილ მავნებლურ და მიზანმიმართულ ქმედებებზე. სააპელაციო ეტაპმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რა მიზანს ემსახურებოდა არაგანსჯადი წესით საქმის განხილვა, რა მოტივები გააჩნდა რექტორს და მასთან პირდაპირ დაკავშირებულ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე დავით წერეთელს. წარმოებული დავის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს განჩინების შინაარსიდან გამომდინარე, უნივერსიტეტმა ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის დაძლევა, მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების დაცვა და რექტორ გიორგი შარვაშიძის რეპუტაციის გადარჩენა. მოსამართლის გადაწყვეტილება არამხოლოდ სამართლიანობის აღდგენისკენ მიმართული აქტია, არამედ საზოგადოებას ეუბნება - უნივერსიტეტი კერძო საკუთრება არ არის. უნივერსიტეტი, მათ შორის დაუმსახურებლად გაშვებული მეცნიერების სამსახურშია. ჩვენ დავიბრუნეთ სამართლიანი სასამართლოს უფლება. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით უნივერსიტეტშიც.

ცნობისთვის: მხარემ სააპელაციო საჩივარი სასამართლოს 2019 წლის 8 ოქტომბერს წარუდგინა. საქმე ერთპიროვნულად მოსამართლე: მარიამ ცისკაძემ განიხილა. ნინო ღამბაშიძის, ლოლა სარალიძის, რუსუდან ლაბაძისა და მანანა ხვედელიძის ინტერესებს არჩილ კაიკაციშვილი, ირმა მახათაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერესებს სერგი ჯორბენაძე და ფიქრია ჩხაიძე, მესამე პირის ინტერესებს კი ლევან ხირჩილაშვილი და ანი მჭედლიძე წარმოადგენდნენ. ორგანიზაცია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლსი 12 მარტის განჩინებას მიღებისთანავე გამოაქვეყნებს.



კომენტარები