Geosilkroad-ის კომერციული დირექტორი გადაუხდელი ხელფასის გამო, სასამართლოს მიმართავს - „ახალგაზრდა ადვოკატები“

17 აპრილი, 2021

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია კომპანია Geosilkroad-ის (www.gsr.ge) 2020 წლის აპრილამდე კომერციული დირექტორის სარჩელს განიხილავს, რომელიც დამსაქმებელი ორგანიზაციისგან გადაუხდელი ხელფასის ანაზღაურებას მოითხოვს. საქმეზე კომპანიის ყოფილი კომერციული დირექტორის ინტერესებს ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“  წარმოადგენს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის არსებობდა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა. მოსარჩელე დასაქმებული გახლდათ მოპასუხე კომპანიის კომერციული დირექტორის თანამდებობაზე. მხარეთა შორის შრომით-სამართლებრივი ურთიერთობები დასრულდა 2020 წლის აპრილში. კომერციული დირექტორი სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა, რაც გამოწვეული გახდა Geosilkroad-ის წინაშე ახალი კორონავირუსის შედეგებიდან გამოწვეული ფინანსური სირთულების გამო. მისი ყოველთვიური, ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა 1 500 (ათასს ხუთასი) ლარს.  კომპანიამ დირექტორთა საბჭოს ყოფილ წევრს მოთხოვნილი შრომითი ანაზღაურება არ აუნაზღაურა. Geosilkroad-მა გამოხამურების გარეშე დატოვა ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ 2020 წლის 5 ოქტომბრის წერილიც, რომელიც ფინანსური ვალდებულებების შესრულებას შეეხებოდა. მოგვიანებით, სასამართლოში წარმოდგენილი კომპანიის პოზიციით ცნობილი გახდა, რომ ყოველთვიური ხელფასის ანაზღაურებაზე უარი განმარტებულია შემდეგნაირად - მოსარჩელე კომპანიაში ასრულებდა ფინანსური დირექტორის უფლებამოსილებას და მას ჰქონდა გასამსჯელო (ანაზღაურება) და არა - ხელფასი. ამასთან, მოსარჩელის მხრიდან, თითქოსდა დარღვეული იქნა კომპანიის დინანსური დირექტორისთვის დადგენილი ზრუნვის ვალდებულების სტანდარტი და საფრთხე შუქმნა კომპანიას. კერძოდ, გააფორმა ხელშეკრულება გარე ფინანსური მომსახურების თაობაზე.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, Geosilkroad-ის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები სრულიად დაუსაბუთებელია და ბუნდოვანია. კერძოდ, რა განსხვავება არსებობს „გასამრჯელოსა“ და „ხელფასს“ შორის, რას ნიშნავს კომპანიის დინანსური დირექტორისთვის დადგენილი ზრუნვის ვალდებულების სტანდარტი და საფრთხის შექმნა კომპანიისთვის, თუკი ფინანსურმა დირექტორმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, გააფორმა კონკრეტული ხელშეკრულება მომსახურების მიღებაზე. ორგანიზაცია განმარტავს, რომ დასახელებულ არგუმენტებს სამართლებრივი წონა არ გააჩნია ნამსახურევი შრომითი ანაზღაურების მიღების მოთხოვნის გამომრიცხველ გარემოებებთან. Geosilkroad არღვევს საქართველოს შრომის სამართლის კოდექსს და კომპანიის დირექტორთა საბჭოს ყოფილი წევრის მიმართ იქცევა არაკეთილსინდისიერად.

ცნობისთვის: კომპანია Geosilkroad-ის მიზანია კონსულტირება გაუწიოს კომპანიებს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისთვის, რაც გულისხმობს მეწარმეთა ხელშეწყობას სხვადასხვა საჭირო ნებართვის მისაღებად, სამთავრობო და კერძო პროექტების მოზიდვას, საჯარო და კერძო ორგანიზაციებთან ურთიერთობასა და კანონიერი და ჯანსაღი კონკურენციის გზით ადგილობრივ ბაზარზე წარმატების მიღწევას. ჰოლდინგი აერთიანებს ოთხ შვილობილ კომპანიას: „ჯეოსილქ თრანსლეიშენს“ (GEOSILK Translations), „ჯეოდიზაინ & ქონსთრაქშენს“ (GEODESIGN & Constructions), „ჯეოვიზიტ“ (GEOVISIT) და „ჯეორეიტინგ“-ს (GEORATING). კომპანიის კომერციულმა დირექტორმა სასამართლოს სარჩელით 2020 წლის 22 ოქტომბერს მიმართა. საქმეს მოსამართლე ია ლაბაძე განიხილავს.



კომენტარები