ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოს გენერალურ პროკურატურას მისო „ბერმელის“ საქმიანობის კანონიერების შესწვლის მოთხოვნით მიმართავს და აღნიშნავს, რომ მსესხებლებთან და მომხმარებლებთან სამართლებრივი ურთიერთობის პროცესში, იკვეთება არაკეთილსინდისიერი და სავარაუდო დანაშაულის ნიშნები, რაც თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების შემთხვევებს გამოხატავს. ორგანიზაცია აღნიშნულზე განცხადებას ცალკეული დაზარალებული მოქალაქეების საქმეების შესწავლის შედეგად აკეთებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ კობა ბურკაძის განცხადებით, ორგანიზაციას უკანასკნელი თვეების განმავლობაში სხვადასხვა დაზარალებულმა მოქალაქემ მომართა და მათ წინაშე მდგარი პრობლემები დეტალურად იქნა შესწავლი. ვინაიდან შესწავლილი დოკუმენტაციით იკვეთება მასშტაბური ხასიათის შესაძლო კანონდარღვევა და ადგილი შეიძლება ჰქონდეს მომხმარებელთა უფლებების დარღვევის სისტემურ ხასიათს, ორგანიზაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს გარემოებების თაობაზე საქმის კურსში საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს გენერალური პროკურატურა ჩააყენოს.
კობა ბურკაძის განმარტებით, შესწავლილი მასალების მიხედვით დგინდება, რომ მისო „ბერმელის“ ჩვეულებრივ საქმიანობას წარმოადგენს შემდეგი სახის ოპერაციების განხორციელება:
1. კომპანია სესხსს გასცემს აშშ დოლარში და გაცემულ სესხსს იბრუნებს აშშ დოლარის ვალუტაში;
2. კომპანია სესხის მომსახურე თანახას იბრუნებს სალარო მომსახურებით და არა - საბანკო ანგარიშზე შენატანის სახით;
3. კომპანია სესხის ხელშეკრულებებში არ უთითებს საბანკო რეკვიზტებს და არ ცნობს მათ გამოყებას;
4. კომპანია არ აძლევს მომხმარებელს შესაძლებლობას თანხის შენატანის ჩეკში დააფიქსიროს თანხის შენატანის დანიშნულება, რაც მსესხებელს ართმევს უფლებამოსილებას მიუთითოს სწორი დანიშნულება, ხოლო გამსესხებელს აძლევს საშუალებას - შეცვალოს დანიშნულების შინაარსი;
5. კომპანია მომხმარებლებს მიზანმიმართულად უძვირებს სესხსს და აღნიშნულს უკავშირებს პროგრამულ ხარვეზებსა და ე.წ. ყალბი სესხების საქმეს, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაშია;
6. კომპანია, მიუხედავად სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებისა, მოქალაქეების მიმართ არ გასცემს ვალდებულების დასრულების შესახებ ცნობებს და არ ახდენს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებები იპოთეკისგან გათავისუფლებას;
7. კომპანია ცალკეული მომხმარებლების მიმართ გაცემულ შემოსავლის ორდერებთან მიმართებით განმარტავს, რომ ეს დოკუმენტები ყალბია და არ გასცემს ინფორმაციას დასახელებული შემოსავლის ორდერების ყალბად მიჩნევის საკითხებზე;
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, ზემოდასახელებულ მიდგომებსა და ტენდენციებში მისო „ბერმელის“ საქმიანობის კანონიერება უნდა შემოწმდეს. ორგანიზაცია ფიქრობს, რომ კომპანია არღვევს მომხმარებელთა უფლებებს და საქართველოს ეროვნული ბანკის იმ რეგულაციებს, რომელიც მოხმარებელთა უფლებების დაცვის პრინციპებს შეეხება. მთლიანობაში, საკითხი საჭიროებს შესწავლას და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, სამართლებრივი დასკვნების წარმოდგენას. ორგანიზაცია განმარატვს, რომ ასეთი დაზარალებული მოქალაქეების საქმეებს უკვე წარმართავს სასამართლოში და საზოგადოებას პრობლემის მიმართ აქტიურობისა და მეტი წინდახედულობისკენ მოუწოდებს.