თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით, ცნობილი სარესტორნო ქსელიდან გათავისუფლებული მენეჯერი, სამსახურში აღდგენასთან ერთად, დამსაქმებელი კომპანიისგან იძულებითი შრომის განაცდურის სახით 48 000 ათასს ლარს მიიღებს (კომპანია იძულებით განაცდურს მუშაკს სამსახურში აღდგენამდე პერიოდზე გადაუხდის) აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცახდებაშია ნათქვამი, რომელიც დასაქმებულის ინტერესებს წარმოადგენდა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ ბიზნესის ინტერესებიდან და რეპუტაციული რისკის გათვალისწინებით, თვითმიზანი არ არის დასახელდეს კომპანიის სახელწოდება. საქმის მასალების მიხედვით, მენეჯერი კომპანიაში საქმიანობდა 2016 წლის აპრილიდან. მხარეთა შორის ურთიერთობები გართულდა 2016 წლის დეკემბრის თვეში. რომელიც მთლიანად დაკავშირებული აღმოჩნდა მენეჯერსა და კომპანიის დირექტორის პირად საკითხთან. მას შემდეგ, რაც მენეჯერი 2017 წლის 9 იანვარს გამოცხადდა სამსახურში, ამ დღეს მასთან შეხვედრა ითხოვა კომპანიის დირექტორის ნდობით აღჭურვილმა პირმა. მისი პოზიციით, ვინაიდან თითქოსდა მენეჯერს შეთანხმებული არ გააჩნდა ხელფასის სახით ბოლოს დარიცხული თანხის ოდენობა, მენეჯერი ამის გამო მოიქცა „უპასუხისმგებლოდ". მენეჯერს განუცხადეს, რომ სამუშაო სივრცე დაეტოვებინა. კითხვაზე, თუ როდის უნდა დაბრუნებულიყო სამუშაო სივრცეში, დამსაქმებელმა პასუხად მიიღო, რომ „გადაწყვეტდნენ“. მენეჯერმა, მომდევნო თვეებში, 3-ჯერ განახორციელა კომუნიკაცია კომპანისთან და მოითხოვდა ვითარებაში გარკვევას: ან დაბრუნდებოდა სამსახურეობრივ უფლებამოსილებაში და გამოთქვამდა ნებას, რომ გაეგრძელებინა საქმიანობა, ან კომპანიას მოეხდინა არსებული სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. ყველა ჯერზე, კომპანია მენეჯერს პასუხობდა, რომ "სამსახურში დაბრუნების გადაწყვეტილება მიღებული არ იყო" და რომ "ფინანსური ვალდებულებები არ გააჩნდათ".
მხარეთა შორის ბოლოს კომუნიკაცია შედგა 2017 წლის 25 მაისს მაისს, სადაც მენეჯერმა მკაფიოდ მოსთხოვა კომპანიას საბოლოო პოზიციის დაფიქსირება შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. სწორედ ამ კომუნიკაციის დროს, მენეჯერისთვის ერთმნიშვნელოვანი გახდა, რომ კომპანიას აღარ სურდა მასთან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელება.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმეში 2020 წლის მარტიდან ჩაერთო. საქმეში რამდენიმე ტიპის გამოწვევა გამოიკვეთა, მათ შორის შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის დასრულების თარიღის განსაზღვრა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა შეწყდა 2017 წლის 9 იანვარს და არა - 2017 წლის 25 მაისს. აღნიშნულ საკითხს არსებითი მნიშვნელობა გააჩნდა, ვინაიდან მენეჯერმა სასამართლოს სარჩელით მიმართა 2017 წლის 23 ივნისს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი წარდგენილი არ ყოფილა მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების თარიღიდან - 9 იანვრიდან კანონით დადგენილ 1 თვის ვადაში. შესაბამისად, მენეჯერის მოთხოვნა მიიჩნია ხანდაზმულად და სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა. შესაბამისად, საქმეზე გაუქმდა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და შეცვლილი გადაწყვეტილებით, სრულად დაკმაყოფილდა მენეჯერის მოთხოვნა - სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების გაუქმება, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის დაკისრება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმე გენადი მაკარიძემ განიხილა. საქმეზე მენეჯერის ინტერესები ორგანიზაციის ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა და იურისტმა ანა ფუტკარაძემ განახორციელეს.