გილოცავთ, პარლამენტში ქონებების წამრთმევ წინა ხელისუფლებასთან ერთად, მამუკა ხაზარაძის გამოჩენას - არჩილ კაიკაციშვილი

27 აპრილი, 2021

მივესალმები საქართველოს პარლამენტში მამუკა ხაზარაძის გამოჩენას, ვინაიდან კანონის უზენაესობასა და სამართლიანობაზე მის მიმართ არსებული ყველა შეკითხვა კიდევ უფრო მეტად აქტუალური და საჭირო ხდება. მთელმა საზოგადოებამ იცის, რომ მამუკა ხაზარაძე მხილებულია ლისის ტბის წართმევის საქმეში,  როდესაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან გარიგებების შედეგად, ბიზნეს-პარტნიორ რამაზ ახვლედიანს საკუთრების უფლებით გადაცემული ქონება ჩამოართვეს და დღემდე მამუკა ხაზარაძის კომპანიების ხელში აღმოჩნდა. ჩვენ, წინასაარჩევნო პერიოდში, საზოგადოების წინაშე, შეგნებულად არ დავსვით ლისის ტბის წართმევის საქმეზე აქცენტები, რადგანაც მამუკა ხაზარაძეს ისევ არ მისცემოდა სპეკულაციის საშუალება და ჩვენი სამართლიანი მოთხოვნები ე.წ. „ორკესტრირებულ შეტევად“ არ მოენათლა, როგორც ამას ოსტატურად წარსულში აკეთებდა. მამუკა ხაზარაძის რეპუტაცია და კეთილსინდისიერება მხოლოდ და მხოლოდ ლისის ტბის წართმევის ფაქტითაც არ შემოიფარგლება. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხალხის მიერ დაქირავებულ მამუკა ხაზარაძეს, რომელსაც დღეს პარლამენტის ტრიბუნასთან ადამიანის ბედი აწუხებდა, მეტი გამჭვირვალობისა და სიმართლის გარკვევისთვის, პასუხი მოვთხოვოთ წარსულში ჩადენილ დანაშაულებებზე. გილოცავთ, საქართველოს პარლამენტში ქონებების წამრთმევ წინა ხელისუფლებასთან ერთად, მამუკა ხაზარაძის გამოჩენას - აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, მამუკა ხაზარაძის ბიზნეს-პარტნიორ, ლისის ტბის 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ყოფილი მფლობელის, რამაზ ახვლედიანის ადვოკატი, არჩილ კაიკაციშვილი აცხადებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, 2015 წლიდან მოითხოვს, საგამოძიებო უწყებამ დაკითხოს რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორი, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, რომელიც ქონების დათმობის პროცესში, წარმოადგენდა რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორს. მან ამ პროცესში დუმილი ამჯობინა და გაურიგდა მიხეილ სააკაშვილს და მაშინდელ ხელისუფლებას და რამაზ ახვლედიანს განუცხადა, რომ თავი სამართლებრივი საშუალებებით დაეცვა - „კონსტიტუცია დაიცავდა“. მამუკა ხაზარაძის მოწმის სახით დაკითხვით უნდა დადგინდეს, თუ რა ინფორმაციას ფლობდა ბიზნეს-მოწილე და პარტნიორი იმ პროცესის შესახებ, რომელიც ქონების დათმობის პერიოდს უკავშირდება. მამუკა ხაზარაძის დაკითხვა ემსახურება მნიშვნელოვან იურიდიულ ინტერესს, ვინაიდან რამაზ ახვლედიანის მიმართ ქონების დათმობის შემდეგ, პრეზიდენტის განკარგულებით, იგივე საპროექტო პირობებით, დათმობილი ქონების მესაკუთრე სწორედ მამუკა ხაზარაძე და მისი კომპანიები აღმოჩდნენ. შესაბამისად, მამუკა ხაზარაძის დაკითხვა საქმის ყოველმხრივ შესწავლისა და გამოძიებისთვის, არსებითად მნიშვნელოვანია.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოითხოვს, სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცეს 2006 წლის 4 ნოემბერს, რამაზ ახვლედიანის ფინანსურ პოლიციაში დაბარების ფაქტს, სადაც ბიზნესმენს დააწერინეს განცხადება ლისის ტბის სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობის თაობაზე. საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ რამაზ ახლედიანი იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ცალსახად აცხადებს, რომ უფლებას არ მისცემს არც ერთ პარტიას, პოლიტიკოსს, სამოქალაქო ორგანიზაციას, ექსპერტს თუ ჟურნალისტს, ლისის ტბის წართმევის საქმეზე საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და რამაზ ახვლედიანის სამართლიანი ბრძოლა წინა ხელისუფლების მიერ წართმეული საკუთრების დაბრუნებისთვის, მამუკა ხაზარაძის მიმართ, ხელისუფლებიდან მომდინარე დავალების ნაწილად წარმოაჩინონ. ორგანიზაცია, რომელიც 2015 წლიდან არაერთი საჯარო განცხადებით ცდილობს ლისის ტბის წართმევის საქმეზე საზოგადოების ინფორმირებას, მოქმედებს რამაზ ახვლედიანის საუკეთესო ინტერესების დაცვის უფლებით.



კომენტარები