„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღსრულების ახალი კანონმდებლობის სამართლებრივ ანალიზსს აქვეყნებს

11 მაისი, 2021

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საქართველოს ავალდებულებს განახორციელოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, განავითაროს ბიზნესი და მასთან დაკავშირებული რეგულაციები, მათ შორის, ხელი შეუწყოს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნას, რომელიც მიმართული იქნება კომერციული დავების უფრო მეტად ეფექტურად გადაჭრისკენ. მათ შორის, ყურადღება ექცევა საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში მიღებული გადაწყვეტილებების სწრაფ და ჯეროვან აღსრულებას. ამ მიზნით, ორგანიზაცია შეისწავლის „აღსრულების კოდექსის“ პროექტს და აქცენტს გააკეთებს მნიშვნელოვან გარემოებებზე.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მთავარი იურისტ ნიკა მენოგნიშვილის განმარტებით, წარმოდგენილი კანონპროექტი არსებითად ცვლის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონს, სახელმწიფოში მიმდინარე აღსრულების პროცესსა და აღსრულების განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანოს მოწესრიგებას, რაც მისასალმებელია. მოქმედი რედაქცია ვეღარ პასუხობს თანამედროვეობის გამოწვევებს, მიუხედავად მასში შესული არაერთი ცვლილებისა, იგი კვლავ ბუნდოვანი შინაარსით არის წარმოდგენილი, რაც მრავალ პრობლემას ქმნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების თვალსაზრისით. შესაბამისად, აუცილებელი იყო სააღსრულებო წარმოებაში მოქმედი საბაზისო დოკუმენტის განვითარება, მისი ევროპის საუკეთესო მაგალითებზე დაფუძნება, რაც, გარკვეულწილად, განხორციელდა კიდეც.

ახალი კანონმდებლობით უქმდება აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლისა და კერძო აღმასრულებლის ინსტიტუტი და მის ნაცვლად, იქმნება აღსრულების ახალი სისტემა, რომელიც დაეფუძნება აღმასრულებელთა პალატას. პალატა გააერთიანებს ყველა აღმასრულებელს, რომელსაც დაეკისრება აღსრულების უფლებამოსილება და ვალდებულება. კოდექსი ითვალისწინებს პროპორციულობის პრინციპის გამტკიცებას, რაც გულისხმობს განხორციელებული სააღსრულებო მოქმედებისა და მათი მოცულობის პროპორციულობას. იქმნება საერთო სისტემა, რომლის მიხედვითაც, აღმასრულებლებზე საქმეთა განაწილება მოხდება ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

აღმასრულებლის ინსტიტუტის გაუქმება არ გულისხმობს აღსრულების ეროვნული ბიუროს გაქუმებას. ბიურო ინარჩუნებს სსიპ-ის სტატუსს, რომელიც კვლავ იქნება იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში, მაგრამ მისი ფუნქცია/მოვალეობები იქნება მკვეთრად განსხვავებული. კერძოდ, აებ-ი განახორციელებს აღმასრულებელთა პალატის აღმასრულებლების საქმიანობაზე კონტროლს, რაც მიმართული იქნება მათ მიმართ დისციპლინური, ეკონომიკური და სამართლებრივი მოქმედებების განხორციელებაში. აგრეთვე, აებ-ი კვლავ განახორციელებს სააუქციონო მომსახურებას, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დროს წარმოდგენილი იქნება მეურვისა და გაკოტრების მმართველის ფუნქციებით და განახორციელებს „აღსრულების კოდექსით“ გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. კერძოდ, აებ-ში დასაქმებული პირი, რომელსაც კანონპროექტით „ინსპექტორი“ ეწოდება, უფლებამოსილი იქნება, გაუძღვეს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბილიკის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საწინააღმდეგოდ წარმოებულ საქმეებს და სხვ.

როგორც ცნობილია, დღეს მოქმედი რედაქციით, სხვისი მფლობელობიდან/სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის, ასევე მშენებლობის, უნებართვო დემონტაჟის შეჩერების, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონატაჟის და მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების და დემონტაჟის შესახებ სააღსრულებო საქმეების აღსრულებას ახორციელებს აღსრულების პოლიცია, მაგრამ აებ-ის თავმჯდომარის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე. „აღსრულების კოდექსით“ კი აღნიშნული წარმოადგენს თავად აღსრულების პოლიციის უფლებამოსილებას, თუმცა, ეს საკმარისი არ არის.

სასურველია, აღნიშნულ ჩამონათვალს დაემატოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვასთან ერთად დაემატოს ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნაც, რადგანაც აღნიშნული საქმეები საქმისწარმოების პრაქტიკიდან გამომდინარე საკმაოდ პრობლემატურია - აუცილებელია, რომ ნეგატორული სარჩელი ეფექტურად აღსრულდეს აღსრულებაზე ვალდებული პირების მხრიდან და აღნიშნული არ გამოიხატოს მხოლოდ წერილობითი ფორმის კომუნიკაციაში.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი დაუშვებლად მიიჩნევს აუქციონის შეჩერებასა და შეწყვეტას (გარდა, კანონის 70-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა). აღსანიშნავია, რომ „აღსრულების კოდექსით“ აუქციონის შეწყვეტის წინაპირობები კონკრეტულად და მკაფიოდ არის წარმოდგენილი.

აგრეთვე, მნიშვნელოვანია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების წესი. აღნიშნული რეგულაცია ეფუძნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის N1/2/596 გადაწყვეტილებას, სადაც სასამართლომ ძალადაკარგულაც ცნო აუქციონის შეჩერებისა და შეწყვეტის დაუშვებლობის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესაძლებლობას სასამართლო კონტროლის გარეშე.

ამ მხრივ, „აღსრულების კოდექსით“ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სასამართლოს მიერ, აებ-ს შუამდგომლობის საფუძველზე, რაც განხორციელდება ადმინისტრაციული ორგანოს მომართვით ან აებ-ის თავმჯდომარის ინიციატივით. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ აუქციონის შეჩერებისთვის სასამართლოსადმი შუამდგომლობით მიმართვით უფლებამოსილი უნდა იყოს ნებისმიერი სხვა პირიც, რა შემთხვევაშიც, წარმოდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილება უნდა იქცეს აუქციონის შეჩერების წინაპირობად.

გარდა ამისა, ნოვატორულია სააღსრულებო შეთანხმების საკითხიც, რა დროსაც, კრედიტორი და მოვალე ხდებიან უფლებამოსილნი, აირჩიონ ვალდებულებების შესრულების ალტერნატიული საშუალება, რომელიც ვადაც მაქსიმურ 12 თვეა. აღნიშნული ემსგავსება მორიგების პროექტს იმ განსხვავებით, რომ სააღსრულებო შეთანხმება დამტკიცდება სასამართლოს გარეშე, აღმასრულებლის მეშვეობით. თუმცა, შეთანხმების 12 თვით შეზღუდვა ბუნდოვანია. საინტერესოა ტერიტორიულობის პრინციპი, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია განსაკუთრებით საბანკო დაწესებულებებში.

ახალი „აღსრულების კოდექსის“ მიზანია შეიქმნას ისეთი საკანონმდებლობა ბაზა, რომელიც იქნება კონკურენტული, ეფექტური, თანამედროვე საჭიროებების ამსახველი, მხარეთა ინტერესებისა და უფლებების დამცველი. კანონმდებლობით საკითხების მკაფიოდ მოწესრიგება დაეხმარება მხარეებს შეექმნათ რეალური წარმოდგენა მათ შორის წარმოშობილ უთანხმოებასა და მისი გადაჭრის გზებზე, ისევე, როგორც აებ-ის მიერ დამოუკიდებლად ზედამხედველობის შესაძლებლობა აღკვეთს რიგი აღმასრულებლების თვითნებობას, რაც სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებისთვის მნიშვნელოვანია.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ გააგრძელებს აღსრულების ახალ კანონმდებლობის იმპლემენტაციაზე დაკვირვებას და გამოხმაურებას.



კომენტარები