ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მსოფლიო კულტურული მნიშვნელობის ძეგლის - გელათის ტაძრის რეაბილიტაციის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებრივ დისკუსიაში ერთვება და სამართლებრივი კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, გელათის ტაძრის ირგვლივ განვითარებული მოვლენები მაღალი საჯარო ინტერესის საგანია, ხშირ შემთხვევაში კი, საზოგადოებას მიეწოდება მხოლოდ ზედაპირული ხასიათის ინფორმაცია და არ ხდება შექმნილი ვითარების გამომწვევი მიზეზების, მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე ფართო დისკუსია. ორგანიზაციამ არსებითად შეისწავლა ძეგლის გარშემო მიღებული გადაწყვეტილებები, მოამზადა სამართლებრივი ანალიზი და სარეკომენდაციო წინადადებები, რომელიც რამდენიმე საჯარო უწყებიდან დამაზუსტებელი პასუხის მიღების შემდგომ გამოქვეყნდება.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“, განხორციელებული შესწავლის ფარგლებში, ყურადღება დაუთმეს გელათის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმართ შემდეგი საკითხების ანალიზსს, ხოლო თავად კვლევა გახდება სახელმძღვანელო, ინფორმაციული და რეალური ფაქტების ამღწერი, როგორც მედიისთვის, ისე ფართო საზოგადოებისთვის.
- რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული სახელმწიფოს კომპეტენტური უწყებების მხრიდან გელათის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციისა და სამშენებლო სამუშაოების უზრუნველსაყოფად. როგორია სახელმწიფოს გადაწყვეტილებების პოლიტიკა და მართლზომიერება;
- რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული გელათის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციისა და სამშენებლო სამუშაოების უზრუნველყოფაში მონაწილე კერძო შემსრულებელი ორგანიზაციების მხრიდან. როგორია ორგანიზაციების მოქმედების სამართლებრივი ფარგლები და სტატუსი, მიღებული გადაწყვეტილებების შინაარსი და მართლზომიერება;
- რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული გელათის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე გამოვლენილი ხარვეზების შემდგომ სასამართლოში, რამდენად შესაბამისობაშია სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები დოკუმენტებით წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან და კანონის უზენაესობის პრინციპთან.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, დღეს ორი ამოცანა იკვეთება: გადარჩეს გელათი და ყველა ღონისძიება გატარდეს არსებული დაზიანებებისა და ხარვეზების გამოსწორებისთვის. ასევე, სწორი სამართლებრივი დასკვნები გაჩნდეს, მათ შორის სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებებში, რომელიც საზოგადოებას ობიექტურ წარმოდგენას შეუქმნის გელათის ძეგლზე, სახელმწიფოსთან ერთად, პასუხისმგებელი სუბიექტების მოვალეობებთან დაკავშირებით.
ორგანიზაცია ფიქრობს, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ არაჯეროვანი და არასაკმარისი ყურადღება დაუთმო გელათის ძეგლის/ტაძრის ირგვლივ სამუშაოების შემოწმებას, საპროექტო წინადადებების მიღება და დამტკიცება ხდებოდა ადგილზე განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, სათანადო განხილვისა და შემოწმების გარეშე.
საქმის მასალებიდან ჩანს, რომ ობიექტზე დროებითი გადახურვის სამუშაოები ხორციელდებოდა ა(ა)იპ ,,საქართველოს მემკვიდრეობის’’ მიერ შედგენილი, არაერთხელ კორექტირებული, სააგენტოს მიერ დამტკიცებული პროექტის მიხედვით და თითოეული ცვლილება, ასევე შეთანხმებული იყო სააგენტოსთან. ნაცვლად იმისა, რომ სააგენტოს დაუყონებლივ შეემოწმებინა სამუშაოები და წამოეყენებინა პრეტენზია, თითქმის ორი თვე არ გადაამოწმა ტაძრის მდგომარეობა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ადგილზე ვიზიტის შემდეგ გამოითქვა პრეტენზიები, 2021 წლის 18 იანვარს შემოწმდა ძეგლის მდგომარეობა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ კვლევის ერთი დეტალის თანახმად, შპს „ოკორთა 2007“-ის შემდეგ, გელათის ტაძრის დროებით გადახურვას ამჟამად ახორციელებს კომპანია ,,ბაგინეთი+“, სამუშაოები ხორციელდება ახალი პროექტით, რაც ადასტურებს, რომ ის პროექტი, რომლის მიხედვითაც შესრულდა სამუშაო, არ შეესაბამებოდა სტანდარტებს. მეტიც, სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით, არ გამოცხადებულა ტენდერი, არ გამოყოფილა ხარჯები, რეალურად სამუშაო შეასრულეს სააგენტოს თხოვნის საფუძველზე, ნებართვის გაცემა კი იყო ფორმალური საკითხი. თვით პროექტის არაერთგზის ცვლილებაც მიანიშნებს, რომ სააგენტო გადაწყვეტილებას იღებდა ნაჩქარევად.
ორგანიზაცია სრულად იზიარებს საქართველოს კულტურის მინისტრ ქალბატონ თეა წულუკიანის 2021 წლის 22 მარტს გაკეთებულ საჯარო განცხადებას, რითაც გელათთან დაკავშირებულ მოვლენებთან მიმართებით, ცალსახად გამოკვეთა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პასუხისმგებლობა. ორგანიზაციას დაშვებული შეცდომების გასწორებად მიაჩნია სამინისტროს მხრიდან მიღებული უახლესი გადაწყვეტილებებიც - საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სათანადო ხარისხით დაცვის მიზნით, შეიქმნას ოსტატთა რეესტრი, 2022 წლიდან მოხდეს მათი სერტიფიცირების სისტემის ამუშავება, გელათის წინაშე არსებული საკითხების შესწავლის მიზნით მოწვეული იქნეს საერთაშორისო ექსპერტები, ამ პროცესში კი წარსულში მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობა და მათი სამართლებრივი ანალიზი კიდევ უფრო მეტად საყურადღებოა, რაც კვლევის მიზანს წარმოადგენს.
ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ კვლევას: „გელათი - მსოფლიო კულტურული ძეგლის ირგვლივ გადაწყვეტილებების გამჭვირვალობა და სამართლებრივი ანალიზი“ მაისის ბოლოს გამოაქვეყნებს. ორგანიზაციამ კომუნიკაცია აწარმოა საჯარო და კერძო სუბიექტებთან, რომლებიც მონაწილეობდნენ გელათის ძეგლის რეაბილიტაცისა და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაში. ამასთან, კვლევაზე მუშაობის პროცესში, გაეცნო პერიოდულ პრესაში საკითხზე გამოქვეყნებულ სტატიებს, მასალებს, ინტერვიუებსა და სპეცილისტების, საექსპერტო საზოგადოების მოსაზრებებს. ორგანიზაციამ საკითხზე ანალიზი მოამზადა სხვადასხვა საჯარო უწყებიდან გამოთხოვილი და პროცესის მონაწილე ორგანიზაციების მხრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. კვლევა ორგანიზაციის დამოუკიდებელი ინიციატივის ფარგლებში მზადდება და მიზანია, წინასწარი განწყობების ნაცვლად, დემოკრატიულ საზოგადოებაში, საკითხთან მიმართებით, ხელი შეუწყოს ობიექტური შეხედულებების გაჩენას და განვითარებას.