ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მსოფლიო კულტურული მნიშვნელობის ძეგლის - გელათის ტაძრის რეაბილიტაციის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამართლებრივი კვლევას გამოაქვეყნებს. ამასთან, საზოგადოების წინაშე ცნობილი გახდება სარეკომენდაციო წინადადებები, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს სახალხო დამცველის, სასამართლოს, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისა და პროცესის მონაწილე კერძო იურიდიული პირების მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებების ერთობლიობას და საჭიროებას შეეხება.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, როგორც მედიისთვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვის პირველად აქვეყნებს ფაქტებსა და გარემოებებს, რომელიც ტაძრის ირგვლივ მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზს შეეხება. შესაბამისად, დოკუმენტი პირველი მცდელობაა დეტალურად ასახოს და წარმოადგინოს არსებული რეალობა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ გელათის ტაძრის ირგვლივ განვითარებული მოვლენები მაღალი საჯარო ინტერესის საგანია, ხშირ შემთხვევაში კი, საზოგადოებას მიეწოდება მხოლოდ ზედაპირული ხასიათის ინფორმაცია და არ ხდება შექმნილი ვითარების გამომწვევი მიზეზების, მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე ფართო დისკუსია. განხორციელებული შესწავლის ფარგლებში, ყურადღება დაეთმობა გელათის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმართ შემდეგი საკითხების ანალიზსს:
- რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული სახელმწიფოს კომპეტენტური უწყებების მხრიდან გელათის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციისა და სამშენებლო სამუშაოების უზრუნველსაყოფად. როგორია სახელმწიფოს გადაწყვეტილებების პოლიტიკა და მართლზომიერება;
- რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული გელათის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციისა და სამშენებლო სამუშაოების უზრუნველყოფაში მონაწილე კერძო შემსრულებელი ორგანიზაციების მხრიდან. როგორია ორგანიზაციების მოქმედების სამართლებრივი ფარგლები და სტატუსი, მიღებული გადაწყვეტილებების შინაარსი და მართლზომიერება;
- რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული გელათის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე გამოვლენილი ხარვეზების შემდგომ სასამართლოში, რამდენად შესაბამისობაშია სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები დოკუმენტებით წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან და კანონის უზენაესობის პრინციპთან.
ორგანიზაციის კვლევის პრეზენტაცია სასტუმრო „City Avenue“-ში ( www.cityhotels.ge ) გაიმართება და მასზე დასწრება მხოლოდ შეზღუდული წესით იწარმოებს - ღონისძიებას მხოლოდ მოწვეული სტუმრები დაესწრება. მედიისთვის ღონისძიება ღიაა. შეხვედრა 11:00 საათზე დაიწყება.