არჩილ კაიკაციშვილი, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი
ჩვენ ვაქვეყნებთ კვლევას, რომელიც დეტალურად წარმოაჩენს გელათის ირგვლივ მიღებული გადაწყვეტილებების შინაარს და სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფარგლებს.
ეს დოკუმენტი პირველი მცდელობაა იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ზუსტი და სწორი წარმოდგენა მოვლენებზე და არ მოხდეს ფაქტების ზედაპირული შეფასება
მიგვაჩნია, რომ საქმიანი მუშაობა დაწყებულია და გელათზე საერთაშორისო სპეციალისტების მოწვევა ერთადერთი და სწორი გამოსავალია, მაგრამ მინისტრის ამ გადაწყვეტილებამდე არსებობდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაგვიანებული, შეუთანხმებელი, ნაჩქარევი და გაუმართლებელი გადაწვეტილებები, რამაც გელათის დღევანდელი მდგომარეობა შექმნა და გამოიწვია.
ამიტომაც, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჭიროა ძეგლის რეაბილიტაციისა და სამშენებლო სამუშაოების შესახებ აქამდე არსებული ყველა პროექტის ექსპერტიზა და მათი მეთოდოლოგიის ანალიზი უნდა მოხდეს, რათა ქვეყანამ აღარ დაუშვას განმეორებითი შეცდომები.
შესწავლამ აჩვენა, რომ სააგენტოსთან ერთად, პროცესის მონაწილე ორგანიზაციებია "იკორთა 2007", რომელმაც უშუალოდ აწარმოა სამუშაოები ძეგლზე, "საქართველოს მემკვიდრეობა", რომელის პროექტით მოხდა ყველა სამუშაოს განხორციელება და "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი", რომელის მოვალეობაც ძეგლის რეაბილიტაციისა და სამშენებლო სამუშაოებისთვის საერთაშორისო დონორებიდან თანხის მობილიზება გახლდათ.
მას შემდეგ, რაც გელათის საკითხის განხილვაში მთავრობა და პარლამენტი აქტიურად ჩაერთო, სააგენტოს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ პირადი პასუხისმგებლობა პარტნიორი კომპანიების მიმართ გადაეტანა. შედეგად, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და "იკორთა 2007" და "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი" დააჯარიმა.
ჩვენ შევისწავლეთ საქმის მასალები და ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ სააგენტოს მოქმედება კანონსაწინააღმდეგო და დაუსაბუთებელია, მით უფრო ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიმართ, რომელსაც არც პროექტი შეუდგენია და არც სამშენებლო საქმიანობა უწარმოებია ადგილზე.
კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელი აღმოჩნდა საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა "იკორთა 2007" მიმართ და პასუხისმგებელ პირად დატოვა "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი". შესაბამისად, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, თუ რა საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო ინსტანცია და მოვუწოდებთ სასამართლოს, არ მოხდეს უკანონო გადაწყვეტილებების მიღება, არ განხორციელდეს შერჩევითი სამართალი.
შესწავლამ აჩვენა, რომ მიღებული გადაწყვეტილებები ინტერესთა კონფლიქტიდან გამომდინარეობს. დგინდება, რომ წლების მანძილზე, სააგენტოსთან ორგანულად დაკავშირებულია ის ორგანიზაციები, რომლებმაც გელათის რესტავრაცია-კონსერვაციის პროექტი მოამზადეს და ძეგლზე სამუშაოები აწარმოეს, საუბარია შპს „იკორთა 2007“, ა(ა)იპ „საქართველოს მემკვიდრეობასა“ და შპს „ბაგინეთი +“-ის შესახებ. შპს „იკორთა 2007“-მა არაერთი მსხვილი ტენდერი მოიგო, რომელსაც სააგენტო აცხადებდა, ა(ა)იპ „საქართველოს მემკვიდრეობისა“ და შპს „ბაგინეთი +“-ის უფლებამოსილებაზე პასუხისმგებელი პირები კი კულტურის სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ების ყოფილი ხელმძღვანელები არიან. ეს კიდევ ერთხელ ააშკარავებს, რომ ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიმართ მოპყრობა შეგნებული ნაბიჯი, დისკრიმინაციული და უკანონოა.
ამდენად, ჩვენ ვერთვებით გელათის ირგვლივ საზოგადოებრივ დისკუსიაში და ვაგრძელებთ ამ საკითხებზე შემდგომ მუშაობას.