ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მსოფლიო კულტურული მნიშვნელობის ძეგლის - გელათის ტაძრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე კვლევას აქვეყნებს. ორგანიზაციამ არსებითად შეისწავლა ძეგლის გარშემო მიღებული გადაწყვეტილებები, მოამზადა სამართლებრივი ანალიზი და სარეკომენდაციო წინადადებები, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს სახალხო დამცველის, სასამართლოს, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისა და პროცესის მონაწილე კერძო იურიდიული პირების მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებების ერთობლიობას და საჭიროებას შეეხება.
რეკომენდაციები
1 საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიმართ
მოხდეს გელათის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე წარმოებული სამუშაოების ჩატარების ყველა პროექტის შესწავლა და შეფასება, დადგინდეს გამოყენებული მეთოდოლოგიის შესაბამისობები და დადგინდეს რეალური გამომწვევი მიზეზები, რომლის შედეგადაც, ტაძარში წყალი ჩავიდა და დააზიანა ფრესკები;
მოხდეს გელათის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე წარმოებული სამუშაოების ჩატარების პროექტით გათვალისწინებულ ყველა ეტაპზე პასუხისმგებელი საჯარო და კერძო პირების გადაწყვეტილებების მიუკერძოებელი შეფასება და მათი პასუხისმგებლობის შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
მოხდეს გელათის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან დაკავშირებით მიღბული ახალი გადაწყვეტილებების ხელმისწავდომობა, პროაქტიულად გამოქვეყნება, საჯარო დისკუსიების ორგანიზება და ხელშეწყობა, ძეგლის გადარჩენის კუთხით საერთაშორისო სპეციალისტების შემჭიდროვებულ ვადებში საქართველოში მოწვევა და ახალი დასკვნების წარმოდგენა.
2 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიმართ
გაუქმდეს სააგენტოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი #000095, როგორც კანონსაწინააღმდეგო და დისკრიმინაციული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
სააგენტომ საკითხზე დაიწყოს ახალი ადმინისტრაციული წარმოება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, წარმოება იყოს სრულყოფილი და ყოვლისმომცველი;
3 საქართველოს პარლამენტის მიმართ
პარლამენტმა უზრუნველოს შესაბამისი საკომიტეტო მოსმენების ჩატარება, გელათის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან დაკავშირებით ჩართული და დაინტერესებული პირების მოწვევა და მათი შეხედულებების მოსმენა, გაცემულ რეკომენდაციებზე კონტროლი და საზედამხედველო ფუნციის შესრულება პროცესზე.
4 საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ
საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტი, „სასამართლო მეგობრის“ ფუნქციით, ჩაერთოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის პროცესში და წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნები აქტის კანონიერებასა და თანასწორუფლებიანობის თაობაზე;
საქართველოს სახალხო დამცველის მხრიდან შეფასდეს სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებისა და მართლზომიერების საკითხი.
5 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართ
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე არ განიხილოს ე.წ. გელათის საქმე და არსებითად შეაფასოს მიღებული ადმინისტრაციული აქტის კანონიერება, პირველი ინსტანციის სასამართლოს იურიდიულად დასაბუთების ფარგლები;
6 საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიმართ
დაჩქარდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოში მიმდინარე გამოძიება და მიღებული შედეგები ცნობილი გახდეს საზოგადოებისთვის, ისევე, როგორც მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გამჭვირვალე და საჯარო გახდეს საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობა და ეტაპები.
7 პროცესის მონაწილე კერძო იურიდიული პირების მიმართ
ა(ა)იპ „საქართველოს მემკვიდრეობამ“, შპს „იკორთა 2007“-მა, ა(ა)იპ „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“-მა და შპს „ბაგინეთი+“-მა, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ხელმისწავდომი გახადოს მათი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები და გამოქვეყნდეს პროექტის მიმდინარეობის დროს არსებული ხარჯთაღრიცხვა.