დისკუსია სებ-ის პრეზიდენტთან - არის თუ არა სებ-ის ახალი შენობის შესწყიდვაზე გარიგებები კორუფციული

2 ივნისი, 2021

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომას დაესწრო, რომელმაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა. ორგანიზაციის კომიტეტის სხდომაზე მონაწილეობის მიზანს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის საჯარო განმარტებების მიღება წარმოადგენდა, რომელიც საქართველოს ცენტრალური ბანკის ახალი ოფისის შეძენის საკითხზე გარიგებების მართლზომიერებასა და კანონიერების საკითხებს შეეხება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ორგანიზაციამ სებ-ის ახალი შენობის ირგვლივ მიღებული გადაწყვეტილებების 1-წლიანი შესწავლა დაასრულა და განხორციელებული მონიტორინგის შედეგები გაცნობამდე საქართველოს პარლამენტს, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქართველოს აუდიტის სამსახურსა და თავად საქართველოს ეროვნულ ბანკს უკვე გაეგზავნა, კვლევის პრეზენტაცია კი ივნისში მოხდება.

„ახალგაზრდა ადოკატების“ შესწავლის შედეგად იკვეთება, რომ საქართველოს ცენტრალური ბანკის საქმიანობის ისტორიაში, ადგილი აქვს უპრეცედენტო შემთხვევას - ფორმალური იურიდიული საფუძვლების შექმნით, წინასწარი განზრახვით, ისეთი მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგების დადებას, რამაც გამოიწვია სახელმწიფოს თავდებობით ცენტრალური ბანკის მხრიდან კერძო კომპანიის/ბიზნესმენის (შპს „სითი ცენტრი“) სასარგებლოდ 2 მილიონი დოლარის კრედიტის აღება. სებ-მა 2019 წლის 26 ივლისს გააფორმა ნასყიდობის და იპოთეკის ხელშეკრულებები. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი აცნობიერებდა და გასცემდა უპირობო თანხმობას შპს „სითი ცენტრს“ ს.ს. „ვითიბი ბანკ ჯორჯიადან“, თავისი სასესხო ვალდებულების უზრუნველსაყოფად, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 1 თვის ვადაში, მიეღო 2,106,960 აშშ დოლარის მოცულობით კრედიტი და დროებით საკუთრებაში მიღებული უძრავი ნივთი, ბანკის სასარგებლოდ და აღნიშნული კრედიტის უზრუნველსაყოფად, იპოთეკის უფლებით დატვირთულიყო.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა გარიგებებს უწოდა ბათილი, თვალთმაქცური და კორუფციული. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განმარტა, რომ სებ-ს ჰქონდა შესაბამისი გარიგებები უფლება, ხელშეკრულებები თანხვედრაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და ადგილი არ ჰქონია კორუფციულ სქემას. არჩილ კაიკაციშვილის შეკითხვები შეეხებოდა, თუ როგორ უნდა ახსნილიყო სებ-ის თავდებობა ბიზნესმენ რომან ფიფიას მფლობელობაში არსებული კომპანიის სასარგებლოდ კრედიტის ასაღებად, რატომ არ ჰქონდა შპს „სითი ცენტრს“ უფლებამოსილება დამოუკიდებლად ეწარმოებია მოლაპარაკებები სესხის მისაღებად ს.ს. „ვითიბი ბანკ ჯორჯიასთან“ და რა სიკეთე მიიღო არსებული გარიგებებით ეროვნულმა ბანკმა, როდესაც შედეგად სიკეთე მიიღო მხოლოდ გარიგების ერთმა მხარემ - აიღო კრედიტი და დაიბრუნა კუთვნილი მიწაც. დასმულ შეკითხვებზე, ორგანიზაციამ ერთმნიშვნელოვანი პაუსხი ვერ მიიღო.

საქართველოს პარლამენტის წევრები სებ-ის ახალი შენობის ირგვლივ გაცნობილი და წარმოდგენილი ფაქტების შემდგომი შესწავით დაინტერესდნენ. კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე პაატა კვიჟინაძემ და კომიტეტის წევრმა ბეჟან წაქაძემ სებ-ის პრეზიდენტისგან მიიღეს დაპირება, რომ საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, საქმის მასალები კომიტეტს მიეწოდება. ამასთან, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საკითხის ინტერესი არ გამორიცხავს მის კომიტეტის სხდომაზე განხილვის შესაძლებლობას.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2019 წლის სექტემბრიდან საქართველოს ეროვნულ ბანკთან აწარმოა წერილობითი კომუნიკაცია და გამოითხოვა ყველა საჯარო დოკუმენტი, რომელიც საკითხის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების შეფასებას შეეხებოდა. 2019 წლის 25 ოქტომბერს, ორგანიზაციამ შესწავლის შედეგად, პირველი საჯარო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის 8,427,840.00 აშშ დოლარის ნასყიდობის ხელშეკრულების მიზნობრიობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უნდა გადაეხედა. კვლევის შედეგები ამჟამად ხელმისწავდომი არ არის და როგორც უკვე აღინიშნა, გამოქვეყნებამდე გაეცნო საქართველოს პარლამენტს, საქართველოს ეროვნულ ბანკს, რეაგირებისთვის გადაიგზვანა საქართველოს პროკურატურასა და აუდიტის სამსახურში.



კომენტარები