„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ეროვნული ბანკის ახალი შენობის ირგვლივ ფარულ გარიგებებზე კვლევა გამოაქვეყნა

10 ივნისი, 2021

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, საკითხზე: „საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი შენობის ინიციატივა - გადაწყვეტილებები და ფარული გარიგებები“, კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

„ახალგაზრდა ადოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, შესწავლის შედეგად იკვეთება, რომ საქართველოს ცენტრალური ბანკის საქმიანობის ისტორიაში, ადგილი აქვს უპრეცედენტო შემთხვევას - ფორმალური იურიდიული საფუძვლების შექმნით, წინასწარი განზრახვით, ისეთი მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგების დადებას, რამაც გამოიწვია სახელმწიფოს თავდებობით ცენტრალური ბანკის მხრიდან კერძო კომპანიის/ბიზნესმენის (შპს „სითი ცენტრი“) სასარგებლოდ 2 მილიონი დოლარის კრედიტის აღება. სებ-მა 2019 წლის 26 ივლისს გააფორმა ნასყიდობის და იპოთეკის ხელშეკრულებები. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი აცნობიერებდა და გასცემდა უპირობო თანხმობას შპს „სითი ცენტრს“ ს.ს. „ვითიბი ბანკ ჯორჯიადან“, თავისი სასესხო ვალდებულების უზრუნველსაყოფად, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 1 თვის ვადაში, მიეღო 2,106,960 აშშ დოლარის მოცულობით კრედიტი და დროებით საკუთრებაში მიღებული უძრავი ნივთი, ბანკის სასარგებლოდ და აღნიშნული კრედიტის უზრუნველსაყოფად, იპოთეკის უფლებით დატვირთულიყო.

საზოგადოებისთვის 2019 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილების თაობაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ცენტრალური ბანკი შეიცვლიდა მისამართს და შენობას. 2019 წლის აგვისტოს თვეში, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი შენობა უნდა განთავსებულიყო შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ცირკსა და ყოფილ რესტორან „არაგვს“ შორის (ნაკვ. #001/014), ცირკსა და ყოფილ რესტორან „არაგვს“ შორის, სტალინის სახელობის სანაპირო #1 (რესორან „არაგვის მიმდებარე ტეროტორია, ნაკვეთი #2/20), ცირკსა და რესტორან „არაგვს“ შორის, სტალინის სახელობის სანაპირო #1 (რესორან „არაგვის მიმდებარე ტერიტორია, ნაკვეთი #2/21) არსებულ 8779.00 კვ.მ ფართობზე.

სებ-ის მიერ მიწის ნაკვეთის შეძენის მიზნით, 2019 წლის 26 ივლისს, შპს „სითი ცენტრთან“ (ს/კ 204573185) 8,427, 840.00 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარში, გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი აცნობიერებდა და გასცემდა უპირობო თანხმობას შპს „სითი ცენტრს“ ს.ს. „ვითიბი ბანკ ჯორჯიადან“, თავისი სასესხო ვალდებულების უზრუნველსაყოფად, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 1 თვის ვადაში, მიეღო 2,106,960 აშშ დოლარის მოცულობით კრედიტი და დროებით საკუთრებაში მიღებული უძრავი ნივთი, ბანკის სასარგებლოდ და აღნიშნული კრედიტის უზრუნველსაყოფად, იპოთეკის უფლებით დატვირთულიყო.

ხელშეკრულებით, აგრეთვე გარიგების მონაწილე მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ საქართველოს ეროვნული ბანკი შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისგან ვერ მიიღებდა დროებით საკუთრებაში მიღებულ მიწის ნაკვეთზე გრგ-ს ან/და გაპ-ს, საქართველოს ეროვნული ბანკი ქონებას დაუბრუნებდა პირვანდელ მფლობელსა და მესაკუთრეს - შპს „სითი ცენტრს“.

საქართველოს ცენტრალურმა ბანკმა, ისევე, როგორც შპს „სითი ცენტრმა“, ხელშეკრულების გაფორმებამდე იცოდნენ, რომ იმ მიწის ნაკვეთსა და ტერიტორიაზე, რომელზედაც საქართველოს ეროვნულ ბანკს სურდა ახალი სათაო ოფისის მშენებლობის წარმოება, ასეთი სამშენებლო საქმიანობა და ნებართვა ვერ გაიცემოდა.

2019 წლის 26 ივლისის მდგომარეობით, მიღებული იქნა ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა (გეგმის დამტკიცებისა და მიღების თარიღი: 15 მარტი, 2019), რომელმაც დასახელებული მიწის ნაკვეთი მოაქცია განსაკუთრებული დაცვისა და რეჟიმის ქვეშ, ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის დაცვის არეალსა და რეკრიაციულ ზონად, სადაც სამშენებლო საქმიანობა ნებადართული არ იქნებოდა. შესაბამისად, მიწის ნაკვეთი, რომელზედაც საქართველოს ცენტრალურმა ბანკმა საჯაროდ განაცხადა, რომ ააშენებდა ახალ ოფისს, ამ მიზნებისთვის იმთავითვე იყო გამოუეყენებლი. შედეგიც შესაბამისი დადგა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2020 წლის 19 თებერვლის განკარგულებით, უარი ეთქვა ქ. თბილისში, ცირკსა და ყოფილ რესტორან „არაგვს“ შორის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 01.15.03.002.033) საზოგადოებრივ-საქმიანი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტის მოწონებას, რაც გარიგების მონაწილე მხარეებისთვის ცხადი და განჭვრეტადი იყო. ამიტომ, იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რომელიც ხელშეკრულება ითვალისწინებს, მხარეები თავიდანვე ფიქტიურად შეთანხმდნენ, მისი რეალური მიზანი კი - კომპანიის მიერ ბანკიდან 2 მლნ დოლარზე მეტი სესხის აღება წარმოადგენდა, რასაც საქართველოს ცენტრალურმა ბანკმა ხელი შეუწყო.

ორგანიზაცია ცალკე აღნიშნავს, რომ შპს „სითი ცენტრი“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის თანახმად, 2009 წლიდან მოქმედი კომპანიაა, რომლის ამჟამინდელი 100%-იანი წილის მესაკუთრეა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება კვიპროსში რეგისტრირებული „სოფიცა ჰოლდინგს ლიმიტედი“ SOFITSA HOLDINGS LIMITED, HE298233. 2019 წლის 5 ივნისის მონაცემის თანახმად, კომპანიის დირექტორია გიორგი შეყრილაძე, რომელიც, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის თანახმად, ხელმძღვანელობს კიდევ ერთ კომპანიას - შპს „სითი ცენტრი 2“-ს, რომლის 100%-იანი წილის მესაკუთრეა პანამაში რეგისტრირებული „თრასდენ თრეიდინგ ეს.ეი“. გიორგი შეყრილაძე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის თანახმად, ხელმძღვანელობს არაერთ კომპანიას, მათ შორის შპს „ჰარვესთის“ (ს/კ 220394339), რომლის მესაკუთრე და 100%-იანი წილის ფლობელი ქართველი ბიზნესმენი, ჯგუფი „ლოიალ კაპიტალ გრუპის“ დამფუძნებელი, რომან ფიფიაა.

აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დროებით საკუთრებაში მიღებული უძრავი ქონება, შპს „სითი ცენტრის“ საკუთრებამდე, საკუთრების უფლებით აღრიცხული იქნა შპს „სითი ცენტრი 2“-ის მფლობელობაში, 2018 წლის ნოემბრის თვის მონაცემით კი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით, შპს „სითი ცენტრ 2“-ს აკრძალული ჰქონდა ზემოხსენებული უძრავი ნივთის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. „სააღსრულებლო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ყადაღადადებულ ქონებაზე ნებისმიერი გარიგება ბათილია. ორგანიზაციისთვის უცნობია, რა ფორმით მოხდა უძრავი ქონების ყადაღისგან გათავისუფლება და შემდეგ შპს „სითი ცენტრზე“ გადასვლა, რადგანაც დაყადაღებულ ქონებაზე შემდგომი გარიგებები ვერ გაფორმდებოდა. შესაძლოა, ამ ნაწილშიც იკვეთებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის დახმარების და გარკვეული ჩარევის საკითხი, ვინაიდან მთავარი მიზანი - ს.ს. „ვითიბი ბანკ ჯორჯიადან“ 2 მლნ აშშ დოლარის სესხის აღება და ამ პროცესში ცალსახა მხარდაჭერა წარმოადგენდა.

ფაქტია, ყველა დოკუმენტი და პროცესის საბოლოო შედეგები აჩვენებს, რომ გარიგება სახელმწიფო ცენტრალურ ბანკსა და კერძო პირს/ბიზნესმენს/კომპანიას შორის გაფორმდა სწორედ იმ მიზნით, რომ კერძო პირს/ბიზნესმენს/კომპანიას სესხი თავისი ვალდებულებების გასასტუმრებლად აეღო. ერთი შეხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელიც მიწის ნაკვეთის მომავალი სრულფასოვანი მესაკუთრე უნდა გამხდარიყო, თანხმობას იძლევა დროებით საკუთრებაში მიღებული ქონების ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთვაზე და სწევს იმ რისკს, როდესაც შესაძლებელია, კომპანიის შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, ს.ს. „ვითიბი ბანკ ჯორჯიამ“ მოახდინოს ქონების რეალიზება და ამით მნიშვნელოვანი ზიანი წარმოეშვას სახელმწიფოს ცენტრალურ ბანკს.

შესწავლილი მასალიდან არსად ჩანს, თუ რა მყარი გარანტია არსებობს კერძო პირის/ბიზნესმენის/კომპანიის მხრიდან საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ, რომ აღებული სესხის მომსახურებას კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესძლებდა, ქონება არ დადგებოდა დაკარგვის ან ასეთი რისკის წინაშე. ამასთან, არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია კომპანიის რეალური აქტივების შესახებ და მასზე, როგორც ეკონომიკურად აქტიურ სუბიექტზე. მეტიც, კომპანია სებ-თან გარიგების დადებამდე, ახლადშექმნილია, რომლის ერთადერთი აქტივი სწორედ დასახელებული, გამოუსადეგარი მიწის ნაკვეთია.

შესწავლილი მასალის მიხედვით, ისმის ლეგიტიმური შეკითხვებიც - რატომ არ და ვერ განახორციელა შპს „სითი ცენტრმა“ მოლაპარაკების დამოუკიდებლად წარმოება ს.ს. „ვითიბი ბანკ ჯორჯიასთან“ და კრედიტის მიღება, თუ უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ იპოთეკით დატვირთული მიწის ნაკვეთი ირიცხებოდა მის საკუთრებად, რატომ გახდა აუცილებელი და საჭირო საქართველოს ეროვნული ბანკის ამ ფორმით და ამ შეთანხმებებით მონაწილეობა და პროცესის სამართლებრივ მხარედ გამოსვლა.

2021 წლის 2 ივნისს, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა გაიმართა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განმარტა, რომ სებ-ს ჰქონდა შესაბამისი გარიგებები უფლება, ხელშეკრულებები თანხვედრაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და ადგილი არ ჰქონია კორუფციულ სქემას. ორგანიზაციის შეკითხვები შეეხებოდა, თუ როგორ უნდა ახსნილიყო სებ-ის თავდებობა ბიზნესმენ რომან ფიფიას მფლობელობაში არსებული კომპანიის სასარგებლოდ კრედიტის ასაღებად, რატომ არ ჰქონდა შპს „სითი ცენტრს“ უფლებამოსილება დამოუკიდებლად ეწარმოებია მოლაპარაკებები სესხის მისაღებად ს.ს. „ვითიბი ბანკ ჯორჯიასთან“ და რა სიკეთე მიიღო არსებული გარიგებებით ეროვნულმა ბანკმა, როდესაც შედეგად სიკეთე მიიღო მხოლოდ გარიგების ერთმა მხარემ - აიღო კრედიტი და დაიბრუნა კუთვნილი მიწაც. დასმულ შეკითხვებზე, ორგანიზაციამ ერთმნიშვნელოვანი პასუხი ვერ მიიღო.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გარიგებების ხასიათი საჭიროებს კონტროლის და შემოწმების მაღალ სტანდარტს, ვინაიდან გამოირიცხოს ან/და დადასტურდეს სავარაუდო დანაშაული ან/და კორუფციული შეთანხმებები. გარიგება, რომელიც რეალური სამართლებრივი შედეგისთვის არ დადებულა, თავისი არსით წარმოადგენს ბათილ გარიგებას და მისი მოჩვენებითი და თვალთმაქცური ხასიათი ემსახურება სწორედ იმ მიზნების უზრუნველყოფას, რომელიც გარიგების მონაწილე მხარეებს, ფარული შეთანხმებებით, გააჩნდათ. 

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2019 წლის სექტემბრიდან საქართველოს ეროვნულ ბანკთან აწარმოა წერილობითი კომუნიკაცია და გამოითხოვა ყველა საჯარო დოკუმენტი, რომელიც საკითხის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების შეფასებას შეეხებოდა. 2019 წლის 25 ოქტომბერს, ორგანიზაციამ შესწავლის შედეგად, პირველი საჯარო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის 8,427,840.00 აშშ დოლარის ნასყიდობის ხელშეკრულების მიზნობრიობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უნდა გადაეხედა. კვლევის შედეგები ამჟამად ხელმისწავდომია და გამოქვეყნებამდე გაეცნო საქართველოს პარლამენტს, საქართველოს ეროვნულ ბანკს, საქართველოს პროკურატურასა და აუდიტის სამსახურს. სებ-ი გამოქვეყნებულ კვლევას არ ეთანხმება და ორგანიზაციის მიმართ გაგზვანილ 2021 წლის 10 ივნისის წერილით დოკუმენტს ე.წ. კვლევად მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ ადგილი აქვს ცრუ ბრალდებებს, რაზეც „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ დამატებით გააკეთეს განცხადება და აღნიშნეს, რომ თუ საქართველოს ეროვნული ბანკი კვლევით წარმოდგენილ შეფასებებს არ ეთანხმება და ბანკისთვის რეპუტაციული რისკის შემცვლელს უწოდებს, შეუძლია მიმართოს სასამართლოს. 



კომენტარები