"ახალგაზრდა ადვოკატების" სპეციალური განცხადება

18 ოქტომბერი, 2013

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ვეხმაურებით საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის 17 ოქტომბრისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ბატონ ირაკლი ალასანიას 18 ოქტომბრის განცხადებას, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 18 ოქტომბერს გავრცელებულ საჯარო შეფასებას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტებთან მიმართებით.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრის პოზიცია პასუხობს საზოგადოების ინტერესებს. დასაბუთებას და განმარტებას მოითხოვს ჯარისკაცების მოწამვლის საქმეზე გრიფით „საიდუმლოს" დადების მიზანშეწონილობა. ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება მალე დასრულდება და საზოგადოება პრობლემის შესახებ დასაბუთებულ დასკვნას მიიღებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ვეხმაურებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას, ხოლო მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, უშუალოდ საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ბატონ ირაკლი ალასანიას შეფასებებს. ჩვენს გაკვირვებას იწვევს მინისტრის ზოგიერთი შეხედულება, რომლის თანახმადაც, „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ სხვადასხვა პერიოდში გავრცელებული განცხადებები ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტების შესახებ, შეფასებულია, როგორც პროვოკაცია და ცრუ ინფორმაცია. მინისტრი მიუღებლად და დანაშაულად მიიჩნევს საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით მიზანმიმართულ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას. მისივე სიტყვებით, არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლებსაც ის არ უყვართ, არ მოსწონთ, თუმცა კრიტიკა აბსოლუტურად მისაღებია, როგორც დემოკრატიის ნაწილი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს თავდაცვის მინისტრს მოვუწოდებთ, ორგანიზაციის უფლებადაცვითი საქმიანობის მიმართ გამოიჩინოს მეტი ყურადღება და კოლეგიალობა, რადგანაც დემოკრატიულ საზოგადოებაში, სწორედაც პრობლემებზე ღია მსჯელობა, დისკუსია და შეცდომების აღიარებაა მართველის მთავარი მაღალი პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობის გამომხატველი და არა არაკეთიმოსურნეების ძიება და სიტყვებით თამაში. ორგანიზაცია პასუხისმგებელია ყველა საჯარო განცხადებასა და პოზიციაზე, რომელმაც საჯარისო ნაწილებში, სამხედროების მოწამვლის ცალკეულ შემთხვევები გამოამზეურა. მიგვაჩნია, რომ შემთხვევებთან დაკავშირებით, დასმული მთავარი შეკითხვები, ჩვენთვის ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. ბატონო მინისტრო, ჩვენ გვაქვს შეკითხვების დასმის, პრობლემებზე მსჯელობის, მათ შორის თქვენი უწყების კონტროლის უფლება, როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ხოლო ფაქტებით, მტკიცებულებებითა და ანალიზით მსჯელობა, რომელსაც სამართლიანად მოითხოვთ, ჩვენი პროფესიული ვალდებულებაცაა. ჩვენ გვაქვს ყველა ჩვენს საჯარო აქტიურობაზე არგუმენტები და დასაბუთება. ამიტომაც, გვსურს, ვიდრე ლოჯისტიკის სფეროში არსებულ პრობლემებზე მსჯელობას დანაშაულის კატეგორიად მიიჩნევდეთ, გვემსჯელა ასეთი დანაშაულის ნიშნების არსებობაზე. ასევე უმჯობესი იქნებოდა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მხრიდან ყურადღება გამახვილებულიყო „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გამომგზავნილ არა მხოლოდ 17 აგვისტოს წერილზე. ორგანიზაციამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მართლაც, არაერთი წერილით მოგმართათ, მათ შორის პროექტ „ინსტიტუციური დიალოგი აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებასთან“ ფარგლებში ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის შესახებ, თუმცა ჩვენთვის, მხოლოდ 17 ოქტომბერს, პრემიერთან მედიის წარმომადგენლების შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომ სამხედრო ჯარისკაცების მოწამვლის საქმე გრიფით „საიდუმლოს“ კატეგორიას  მიეკუთვნებოდა. სამინისტროს ორგანიზაციის მიმართ გამოგზავნილ არც ერთ საპასუხო წერილში ამის შესახებ მითითებული არ ყოფილა. ჩვენთვის საქმის „გრიფირება“ სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, რაც, კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ სამინისტროს ლოჯისტიკის სფეროში არსებული სამართლებრივი და სისტემური პრობლემები ირიბად დადასტურებულია.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საჯარისო ნაწილებში არსებული პრობლემებისა და ცალკეული შემთხვევების მიუხედავად, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ბატონი ირაკლი ალასანია, ერთ–ერთი თვალსაჩინო პოლიტიკური მოღვაწეა, რომელსაც გააჩნია მაღალი პროფესიონალიზმი და საჭირო გამოცდილება საქართველოს მომავლისათვის. „ახალგაზრდა ადვოკატები“ ცალსახად ვაფიქსირებთ მინისტრის მიმართ პატივისცემას, თუმცა ამის მიუხედავად, მივუთითებთ, რომ ჩვენი უფლებადაცვითი საქმიანობა და პოზიციების ფორმირება ვერ იქნება რომელიმე საჯარო პოლიტიკური მოღვაწის მიმართ პირადი შეხედულებებით განპირობებული. ჩვენთვის მთავარია ძლიერი ინსტიტუციები, სისტემური ცვლილებები და ამ პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების კონტროლი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ 27 ოქტომბრამდე საზოგადოებას სპეციალურ ანგარიშს წარუდგენს, სადაც დეტალურად შეფასდება ორგანიზაციის საჯარო განცხადებები ჯარისკაცების მოწავლის ფაქტების შესახებ, სამინისტროსადმი გაგზვანილი და სამინისტროდან მიღებული წერილების შინაარსი, „ქართული კვების კომპანიასთან“ ორგანიზაციის კომუნიკაცია, ლოჯისტიკის სფეროს სხვადასხვა უფლებამოსილი პირების მიერ მედიაში გამოთქმული შეფასებები და ყველა ის ინფორმაცია, რომელიც საკითხით დაინტერესებულ საზოგადოებას, თემასთან მიმართებით, სრულფასოვან წარმოდგენას შეუქმნის. ორგანიზაციის სურვილია, ანგარიშით საზოგადოებაში შეიქმნას და ჩამოყალიბდეს სწორი შინაგანი რწმენა – საჯარისო ნაწილებში ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტებზე, კერძოდ ფაქტების გასაჯაროება წარმოადგენს დანაშუალს, პროვოკაციას, მიზანმიმართულ ქმედებას თუ გამოხატავს ორგანიზაციის თანმიმდევრულ, პრინციპულ და ობიექტურ საქმიანობას. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადება – 18.10.2013 

ირაკლი ალასანია - არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლებსაც არ ვუყვარვართ, არ მოვწონვართ
 
ჩემთვის ცნობილია, რომ არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლებსაც არ ვუყვარვართ, არ მოვწონვართ და კრიტიკა ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია, რადგან ის დემოკრატიის ნაწილია, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა. 
როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია და დანაშაულად მიიჩნევს საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით მიზანმიმართულ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას. 
"დღეს საქართველოს ჰყავს შეიარაღებული ძალები, რომელსაც შეუძლია საკადრისი პასუხი გასცეს მოწინააღმდეგეს. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აქვს უფრო მეტი ხელფასი, აცვია უკეთესი ფორმა და აქვთ უკეთესი კვება და რაც მთავარია, არის აპოლიტიკური. ეს არის ჩვენი მთავრობის ყველაზე დიდი მიღწევა. დარწმუნებული ვარ, ჯარშიც და საზოგადოებაშიც, ამ თემაზე ადეკვატური ინფორმაცია არსებობს", - განაცხადა ალასანიამ. 
თავდაცვის მინისტრის განმარტებით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აქვს უმაღლესი შეფასება, მათ შორის ნატოსა და ევროპისგან და მსგავსი პატარა ინფორმაციები საქართველოს სვლას ევროატლანტიკური მიმართულებით ვერ შეაჩერებს. 
ირაკლი ალასანიას თქმით, მისთვის დიდი პატივია, რომ ემსახურება ადამიანებს ვინც საქართველოს იცავს. 
რაც შეეხება ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტს, ირაკლი ალასანიას აცხადებს, რომ ეს არის პროვოკაცია და ცრუ ინფორმაცია, ადრე დაფიქსირებულ ფაქტებს კი მინისტრის განმარტებით, სამხედრო პოლიცია სწავლობს და უახლოეს მომავალში მასალებს პროკურატურას გადაუგზავნის. 
"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, ადევს თუ არა ამ საკითხს გრიფით "საიდუმლო", მინისტრმა უპასუხა, რომ ამ თემაზე პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
 
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიცილაური განცხადება – 18.10.2013
 
ჯარისკაცების მოწამვლის საკითხზე თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
 
2013 წელს შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეებს შორის სულ 11 დიარეას ფაქტი დაფიქსირდა , - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
"2013 წელს შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეებს შორის სულ 11 დიარეას ფაქტი დაფიქსირდა. ამ შემთხვევების შედეგად 91 სამხედრო გადაყვანილ იქნა სამხედრო ჰოსპიტალში სრულყოფილი დიაგნოსტირებისა და დინამიკაში დაკვირვების მიზნით. ყველა ამ ფაქტთან დაკავშირებით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 248-ე მუხლის I ნაწილით. ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის დასადგენად ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, უმეტეს შემთხვევაში დადგინდა სავარაუდო ინფექციური წარმოშობის დიარეა - ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. გარდა აღნიშნული 11 შემთხვევისა, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რიგი თანამდებობის პირების მიერ, თავდაცვის სამინისტროს ნაწილებში ინფრასტრუქტურის სფეროში გამოვლენილ და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევების ფაქტზე. ყველა ზემოაღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებით გაერთიანდა ერთ სისხლის სამართლის საქმედ. იმის გათვალისწინებით, რომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ობიექტების დისლოკაციის, სამხედრო მოსამსახურეთა შესახებ კრებსითი მონაცემების და თავდაცვისუნარიანობასთან დაკავშირებული სხვა სახის ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, მითითებული საქმის მასალების ნაწილს, კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვს გრიფი "საიდუმლო". გარდა ამისა, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საგამოძიებო ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ გახდეს საჯარო. მიუხედავად აღნიშნულისა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თავდაცვის სამინისტრო, შესაძლებლად მიიჩნევდა იმ ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც არ დაარღვევდა სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონს და ხელს არ შეუშლიდა გამოძიების მიმდინარეობას. საზოგადოებაში სისტემატურად ვრცელდებოდა მცდარი ინფორმაცია სამხედრო მოსამსახურეთა მოწამლულთა რიცხოვნობის და დაავადების შესახებ. ნებისმიერ ასეთ შემთხვევაზე თავდაცვის სამინისტროს მიერ, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება ხდებოდა სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის დაცვით, რომელიც ხელს არ შეუშლიდა გამოძიების მიმდინარეობას. მ/წ 10 ოქტომბერს საჯაროდ გავრცელდა სხვადასხვა ინფორმაცია თითქოსდა ორასამდე სამხედრო მოსამსახურე იყო საკვებით მოწამლული. სინამდვილეში, მხოლოდ 7 სამხედრო მოსამსახურეზე დადასტურდა მსუბუქი ინფექციური წარმოშობის დიარეა და გასტროენტერიტი. ამ ფაქტთან დაკავშირებით, იმავე დღეს, თავდაცვის მინისტრის მიერ საჯაროდ, მასმედიასთან გაკეთებულ იქნა ზუსტი და ამომწურავი განცხადება საქმის არსებით გარემოებებთან დაკავშირებით. ანალოგიური შემთხვევა, რომელიც 11 ივნისს მე-3 ბრიგადაში დაფიქსირდა, როდესაც 11 სამხედრო მოსამსახურეს დაუდგინდა სავარაუდო ინფექციური წარმოშობის დიარეა, საზოგადოებას მიეწოდა ამომწურავი ინფორმაცია კანონის ფარგლებში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება დღემდე არ არის მიღებული, მოკვლევის დაწყებისთანავე თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შესაბამის პასუხისმგებელ მაღალი თანამდებობის პირთა მიმართ ზომების გატარების შესახებ, კერძოდ: არასწორი ლოგისტიკური დაგეგმვისა და შესყიდვების გამო, ჟ-4/8 ლოგისტიკისა და რესურსების დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი ზვიად შანავა გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ დათუკიშვილი ჩამოშორებულ იქნა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას ,,საჯარო სამსახურის კანონის" 91 მუხლის I და II მუხლის თანახმად და მის მიმართ გატარებულ იქნა დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომები. სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურების პირობების გაუმჯობესების მიზნით, ბოლო პერიოდში გატარდა ფუნდამენტური ცვლილებები. უახლოეს პერიოდში დასრულდება 11 ახალი სასადილოს მშენებლობა და რემონტი. თავდაცვის სამინისტრომ სრულად განაახლა სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურებისათვის საჭირო შესაბამისი ინვენტარი და ტექნიკა. უმაღლესი ხარისხის ინვენტარი შეძენილია ასევე, საველე პირობებში შეიარაღებული ძალების კვებით მომსახურებისათვის. (სწორედ საველე პირობებში კვება იყო ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი პრობლემა. სათანადო ინვენტარის არქონის გამო ხდებოდა ჰიგიენური ნორმების დარღვევა, რის გამოც უმეტეს შემთხვევაში, სწორედ საველე პირობებში იჩენდა თავს დიარეის შემთხვევები).
აღსანიშნავია, რომ სამინისტრო მჭიდროდ და ინტენსიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეიარაღებულ ძალებში არსებულ ყველა საკითხთან დაკავშირებით. შ.პ.ს. "ქართული კვების კომპანიას" შექმნილი აქვს შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც გაწევრიანებულია საქართველოში მოქმედი ყველა დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაცია. აღნიშნული ჯგუფის სამუშაო შეხვედრა 27 აგვისტოს "ქორთიარდ მარიოტში" შედგა. მ/წ 6 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შ.პ.ს. "ქართული კვების კომპანიასთან" ერთად მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდნენ კრწანისის სასწავლო ცენტრში, სადაც თავად დააგემოვნეს საკვები და გაეცნენ ჯარისკაცების საცხოვრებელ პირობებს. აღნიშნულ პროცესებში აქტიურად ჩართული არიან მედიის წარმომადგენლებიც. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატებს", ეს მათი მხრიდან არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ავრცელებენ გადაუმოწმებელ და დაუზუსტებელ ინფორმაციას. ერთ-ერთი მსგავსი ფაქტი იყო 17 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ წამოყენებული უსაფუძვლო ბრალდებები, კერძოდ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ: - ჯარში მასობრივად იყო გავრცელებული ჩუტყვავილა, რისი მიზეზიც ის გახდა, რომ ჯარისკაცებს, ჩუტყვავილას მაგივრად, სხვა, არასწორი ვაქცინაცია ჩაუტარდათ; - სამხედრო პოლიცია კუდ-ის და სოდ-ის ყოფილი თანამშრომლებით კომპლექტდებოდა და - სამინისტრომ რეაგირების გარეშე დატოვა სენაკის ბაზაზე სამხედროების მოწამვლის ფაქტი. რეალურად - იმ პერიოდში ჩუტყვავილა 1 ჯარისკაცს ჰქონდა. ვაქცინაცია კი ჩუტყვავილაზე საერთოდ არ კეთდება, რადგან ეს დაავადება არ შედის აცრების ეროვნულ კალენდარში; - სამხედრო პოლიციის 1269 თანამშრომლიდან კუდ-სა და სოდ-ში მუშაობის გამოცდილება მხოლოდ 25 ჰქონდა; - სენაკის ინციდენტის შემდეგ კვების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ. გარდა ამისა, გენერალურმა ინსპექციამ და სამხედრო პოლიციამ იმავე დღეს დაიწყეს ფაქტის გამოძიება. 
"ახალგაზრდა ადვოკატებს" თავდაცვის სამინისტრომ მომენტალურად გასცა პასუხი ჩვენს ვებგვერდზე http://www.mod.gov.ge/index.php?newsid=2226. ასევე, თავდაცვის უწყებაში სხვადასხვა დროს შემოსულია "ახალგაზრდა ადვოკატთა" წერილები, რომელთაც დროულად, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გაეცა პასუხი. თავდაცვის სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად ითანამშრომლოს თავდაცვის სისტემით დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ხელი შეუწყოს მათ სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის დაზუსტებაში და საჭიროების შემთხვევაში, გაითვალისწინოს მათი შენიშვნები და რეკომენდაციები გამოვლენილი პრობლემების დროულად და ეფექტიანად გადაჭრასთან დაკავშირებით", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 



კომენტარები