საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პასუხისმგებლობის საკითხია, რომ საქართველოში დღეისათვის არ აღმოჩნდა სათანადო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის სპეციალისტი, რომელიც გელათის რეკონსტრუქციის ურთულესს სამუშაოს ჯეროვნად შეასრულებდა. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გელათის მსოფლიო კულტურული ძეგლის ირგვლივ გამოქვეყნებულ კვლევაში ცნობილი იურისტი და ევროსასამართლოს ექსპერტი ლია მუხაშავრია საუბრობს. მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ორგანიზაცია ლია მუხაშავრიას შეფასებას საზოგადოებას ცალკე კომენტარის სახით სთავაზობს.
ლია მუხაშავრია ფიქრობს, რომ თანამედროვე საქართველოში არ არსებობს მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლის რეკონსტრუქციის ჯეროვნად განხორციელების თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, გამოცდილება და კვალიფიკაცია. კვლევის ფარგლებში ლია მუხაშავრიას პოზიციას მკითხველს უცვლელად ვთავაზობთ:
„გელათის ტაძრის საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი, სამართლებრივი და სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად გამოვლინდა: სისტემური სამართლებრივი პრობლემები სახელმწიფოს მხრიდან მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლის, გელათის მოვლის ვალდებულების განხორციელების თვალსაზრისით, რამაც, თავის მხრივ, განაპირობა გელათის რეკონსტრუქციის პროცესში დაშვებული არსებითი ხასიათის შეცდომები. თანამედროვე საქართველოში არ არსებობს მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლის რეკონსტრუქციის ჯეროვნად განხორციელების თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, გამოცდილება და კვალიფიკაცია.
სახელმწიფოს ვალდებულებას - მოვლა-პატრონობა გაუწიოს მისი კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს ძეგლებს - არ გააჩნია სამართლებრივი რეგულირების ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს კვალიფიციურ, დაბალანსებულ, ურთიერთ გაწონასწორებულ საქმიანობას ამ მიზნის მისაღწევად. მოქმედი კანონმდებლობით, ძეგლების მოვლა-პატრონობის უფლებამოსილება ეკისრება კულტურის სამინისტროსთან არსებულ საჯარო სამართლის იურიდულ პირს - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც შეიქმნა და მოქმედებს კულტურის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული დებულების საფუძველზე. დებულება განსაზღვრავს სააგენტოს დანიშნულებას, ფუნქციებს და საქმიანობას. დებულების თანახმად, სააგენტოს მიზნები და ამოცანებია: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ძეგლებისა და ობიექტის დაცვა, მოვლა-პატრონობა, სამუზეუმო ექსპონატების აღრიცხვა და პოპულარიზაცია, სამეცნიერო-კველვითი, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება.
ამ მეტად რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობის განხორციელებისთვის სააგენტოს მინიჭებული აქვს ყველა უფლება, მათ შორის: „..ობიექტებზე ჩასატარებელი კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტების მეთოდოლოგიური ექსპერტიზა, ძეგლების დაცვისა და კონსერვაციის პროგრამებისა და დოკუმენტაციის შემუშავება, ძეგლების შემოწმება და სამართალდარღვევათა ფაქტების სამინისტროსთვის შეტყობინება რეაგირებისათვის, მეცნიერულად შეისწავლოს კონკრეტული ძეგლები და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტები. მათი კვლევისა და რეაბილიტაციის საკითხებთან დაკავშირებით შეიმუშაოს კონკრეტული რეკომენდაციები და პროექტები, შეადგინოს კონკრეტული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო პროექტი და კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს მისი განხორციელება, ძეგლზე აწარმოოს სამეცნიერო-კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები.“ ამრიგად, სააგენტო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების მიმართ უფლებამოსილია განახორციელოს რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის და სხვა სამუშაოების პროექტირება, მოახდინოს აღნიშნული პროექტების დამტკიცება, დამტკიცებული პროექტების განხორციელება, შესრულებული სამუშაოების შემოწმება და კონტროლი, ასევე სამართალდარღვევათა ფაქტების სამინისტროსთვის შეტყობინება რეაგირებისათვის. იურიდიულად ეს ნიშნავს, რომ პროექტირების ეტაპიდან დაწყებული სამუშაოების დასრულებამდე და ამ სამუშაოების კონტროლი ყველა ეტაპზე არის სააგენტოს კომპეტენცია მისი მხრიდან ყოველგვარი ანგარიშვალდებულების გარეშე და ინტერესთა სრული კონფლიქტის პირობებში, მხოლოდ და მხოლოდ სამინისტროსადმი ანგარიშვალდებულებით.
ვფიქრობთ, უფლებამოსილების ამგვარი კონცენტრაცია ერთი სააგენტოს ხელში, გახდა კიდეც გელათის რეკონსტრუქციის პროცესის უკონტროლობისა და უმართებულობის უმთავრესი მიზეზი. მიუხედავად იმისა, როგორ განვითარდება გელათის რეკონსტრუქცია, რეგულირების სფეროს სათანადო სამართლებრივი დაბალანსებისა და შესაბამისი სამართლებრივი ცვლილებების გარეშე, ვფიქრობთ, მსგავსი პრობლემა მომავალში სხვა ძეგლთან დაკავშირებითაც შეიძლება წარმოიშვას, როგორც სააგენტოს არასათანადო მენეჯმენტისა და კომპეტენციის შედეგი.
გამოვლენილ სისტემურ სამართლებრივ ხარვეზს მივყავართ დასკვნამდე, რომ თუკი ძეგლის მოვლა-პატრონობის საქმე არ იქნება გადანაწილებული რამდენიმე სახელმწიფო ორგანოს ხელში, ან თუნდაც ერთი იურიდიული პირის ქვეშ არ მოხდება ძეგლის მოვლა-პატრონობისათვის აუცილებელი ყველა ეტაპის დანაწევრება პროექტირებიდან დაწყებული, პროექტის განხორციელებისა და მისი კონტროლის ჩათვლით ისე, რომ გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი, ვერ განხორციელდება ძეგლების ჯეროვანი მოვლა-პატრონობა.
მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ამგვარი დანაწევრებული და ურთიერთ გაწონასწორებული სამართლებრივი რეგულირება უზრუნველყოფს ძეგლებზე სარესტავრაციო, სარეაბილიტაციო და სხვა სამუშაოების ჯეროვან განხორციელებას. კონკრეტულად, გელათის მაგალითზე გამოვლინდა, რომ სააგენტომ დაამტკიცა ძეგლის რეკონსტრუქციის პროექტი, ამავე სააგენტომ გასცა რეკონსტრუქციის ნებართვა, სააგენტომ დაავალა კონკრეტულ სუბიექტს ამ პროექტის განხორციელება, სააგენტო ახორციელებდა პროექტის მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების დაფიქსირებას და გამოსწორებას პროექტის დონეზე, რაც ყოველთვის პროცედურულად არ აისახებოდა თავად პროექტსა და სამუშაოების განხორციელებაზე ნებართვის მიმღები სუბიექტის საქმიან დოკუმენტებში, ხოლო ხარვეზისა და გელათში სახურავიდან წყლის ჩასვლის შემდეგ, სააგენტომვე გადაწყვიტა, ვინ უნდა ყოფილიყო პასუხისმგებელი ისე, რომ როგორც სახელმწიფოს მხრიდან კულტურული მემკვიდრეობის მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლზე დაშვებული შეცდომისათვის არავითარი პასუხისმგებლობა არც თავად უკისრია და არც სამინისტროს დაუკისრებია მისთვის.
ჩვენი მტკიცებით, სწორედ სააგენტოს პასუხისმგებლობის საკითხია, რომ რადგან საქართველოში დღეისათვის არ აღმოჩნდა სათანადო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის სპეციალისტი გელათის რეკონსტრუქციის ურთულესი სამუშაოს ჯეროვნად შესასრულებლად, სააგენტო იყო ვალდებული მოეწვია შესაბამისი კომპეტენციისა და გამოცდილების უცხოელი სპეციალისტი, თუნდაც პროექტის კონსულტანტის ფუნქციით, მით უფრო, რომ დებულების თანახმად, სწორედ მისი ვალდებულებაა ...“მეცნიერულად შეისწავლოს კონკრეტული ძეგლები და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტები. მათი კვლევისა და რეაბილიტაციის საკითხებთან დაკავშირებით შეიმუშაოს კონკრეტული რეკომენდაციები და პროექტები“, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, იმავე დებულების თანახმად „საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება.“
ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ კულტურის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სააგენტოს დებულება ჯეროვნად ვერ უზრუნველყოფს სააგენტოს საქმიანობას და ქმნის ძეგლების მოვლა-პატრონობის სერიოზული ჩავარდნის საფუძველს. ძეგლების მოვლა-პატრონობის მნიშვნელოვანი საქმე, სახელმწიფომ უნდა განახორციელოს კარგად გააზრებული პოლიტიკისა და სათანადო სამართლებრივი რეგულირების საფუძველზე, რომელიც უზრუნველყოფს ძეგლზე განსახორციელებელი ყველა ტიპის მოვლა-პატრონობის საქმეს ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვის, კომპეტენტურობის, ანგარიშვალდებულებისა და კონტროლის პირობებში, ყოველ ეტაპზე, შესაბამისი პასუხისმგებელი ორგანოებისა და პირების გამოკვეთის გზით. ვიმედოვნებთ, გელათის შემთხვევა არსებული სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის საფუძველს შექმნის და მომავალში გამორიცხავს მსგავს მაგალითებს“ - ამბობს ლია მუხაშავრია.
ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ არსებითად შეისწავლა ძეგლის გარშემო მიღებული გადაწყვეტილებები, მოამზადა სამართლებრივი ანალიზი და სარეკომენდაციო წინადადებები, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს სახალხო დამცველის, სასამართლოს, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისა და პროცესის მონაწილე კერძო იურიდიული პირების მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებების ერთობლიობას და საჭიროებას შეეხება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ შესწავლილი მასალის თანახმად დგინდება, რომ გელათის რესტავრაცია-კონსერვაციასა და დროებითი სამუშაოების ჩატარების თაობაზე ყველა პროექტი შექმნა და მოამზადა ა(ა)იპ „საქართველოს მემკვიდრეობამ“ (ს/კ 204545652), რაც შეთანხმდა, ჯერ საქართველოს საპატრიარქოსთან, შემდეგ დამტკიცდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ. მათ შორის გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ქვედა იარუსების (ეკვდერების) გადახურვის სამუშაოების გასაგრძელებლად შექმნილი პროექტიც. დგინდება, რომ დამტკიცებული პროექტების შესულებას, კერძოდ, სამშენებლო საქმიანობას ახორციელებდა შპს „იკორთა 2007“ (ს/კ 205216327), რომელსაც „საქართველოს მემკვიდრეობასთან“ ერთად, 2008 წლიდან გააჩნდა გელათის სხვადასხვა ნაგებობის საინჟინრო სამუშაოების შესრულების გამოცდილება. რაც შეეხება ამ პროცესში ა(ა)იპ „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“ (ს/კ 204426451) მონაწილეობას და მოვალეობების ფარგლებს, ორგანიზაცია ყურადღებას დაუთმობს შესწავლის შედეგად გამოკვეთილ გარემოებას, რომლის თანახმადაც, დასახელებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდილ პირს გააჩნდა პროექტების დაფინანსებისთვის საერთაშორისო დონორებიდან თანხების მოძიებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მიმართ შესრულებული სამუშაოების თაობაზე წერილობითი ანგარიშის წარდგენის ვალდებულება.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ შესწავლის ფარგლებში მიდის დასკვნამდე, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ არაჯეროვანი და არასაკმარისი ყურადღება დაუთმო გელათის ძეგლის/ტაძრის ირგვლივ სამუშაოების შემოწმებას, საპროექტო წინადადებების მიღება და დამტკიცება ხდებოდა ადგილზე განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, სათანადო განხილვისა და შემოწმების გარეშე. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ ობიექტზე დროებითი გადახურვის სამუშაოები ხორციელდებოდა ა(ა)იპ ,,საქართველოს მემკვიდრეობის’’ მიერ შედგენილი, არაერთხელ კორექტირებული, სააგენტოს მიერ დამტკიცებული პროექტის მიხედვით და თითოეული ცვლილება, ასევე შეთანხმებული იყო სააგენტოსთან. ამასთან, გელათის ტაძრის დროებით გადახურვას ამჟამად ახორციელებს კომპანია ,,ბაგინეთი +“ (ს/კ 205284495), სამუშაოები ხორციელდება ახალი პროექტით, რაც ადასტურებს, რომ ის პროექტი, რომლის მიხედვითაც შესრულდა სამუშაო, არ შეესაბამებოდა სტანდარტებს. მეტიც, სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით, არ გამოცხადებულა ტენდერი, არ გამოყოფილა ხარჯები, რეალურად სამუშაო შეასრულეს სააგენტოს თხოვნის საფუძველზე, ნებართვის გაცემა კი იყო ფორმალური საკითხი. თვით პროექტის არაერთგზის ცვლილებაც მიანიშნებს, რომ სააგენტო გადაწყვეტილებას იღებდა ნაჩქარევად.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ გელათის ძეგლთან მიმართებით საზოგადოებრივ დისკუსიაში მონაწილეობას აგრძელებს. გამოქვეყნებული კვლევა ორგანიზაციის დამოუკიდებელი ინიციატივის ფარგლებში მომზადდა.